სახლი და დიზაინი
როგორ შევარჩიოთ ონკანი სამზარეულოსთვის
სწორედ სამზარეულოს ონკანის დახმარებით, ჩვენ გვიადვილდება საკვების მომზადება და გარეცხვა, წესრიგის დამყარება სამზარეულოში. საშუალოდ, მას დღეში 100-ჯერ ხსნიან და კეტავენ, რაც გასაგებს ხდის, თუ რამდენად მარტივი, საიმედო და გამძლე უნდა იყოს იგი.
სამზარეულოს თანამედროვე ონკანს დამატებითი ფუნქციურობის გარეშე რთულად თუ წარმოვიდგენთ. ჩაშენებული ფილტრები, ადუღებისა და მინერალიზაციის სისტემები, სენსორული მართვა და მოქნილი ჭავლი – ეს კომფორტის მაჩვენებლები ჯერ კიდევ არაა სრულად გავრცელებული, თუმცა ყოველდღიურად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურ მხარეს, ონკანისა და ნიჟარის, ოთახის ინტერიერის შეხამებას. იდეალური სამზარეულოს ონკანის შესარჩვეად, წარმოგიდგენთ რამდენიმე მთავარ ფაქტორს.
სამზარეულოს ონკანი
1. ვირჩევთ მასალას
ლატუნის ონკანი ყველაზე გავრცელებულია. მისი პოპულარობა მედეგობის, წყლის მიმართ უგრძნობლობისა და შედარებით დაბალი ფასის დამსახურებაა. ლატუნის კონსტრუქციის დეკორატიული დამუშავება სხვადასხვავარი შეიძლება იყოს: ქრომირებული, გაპრიალებული ნიკელი ან ბრინჯაო.
ყველაზე უფრო დიდხანს ძლებს ქრომირებული ლატუნი, თუმცა მას მარტივად ეტყობა დაბინძურება და თითების კვალი. ნიკელის დაფარვა, როგორც წესი, იყიდება “მიტირებული” ან “პრიალა” დასახელების ქვეშ. ქრომისგან განსხვავებით, ნიკელს მქრქალი სიპრიალე ახასიათებს, თუმცა უნივერსალურია და მოსავლელადაც მარტივი.
სილუმინის ონკანი – ესაა ბიუჯეტური ვარიანტი თურქეთიდან და ჩინეთიდან. მისი საიმედოობა და ექსპლუატაციის ვადა არასახარბიელოა. ეს შესაფერისი ვარიანტია მხოლოდ აგარაკის ან დროებითი საცხოვრებლის პირობებში.
არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ამზადებენ ონკანის ზოგიერთ დეტალს სილუმინისგან, რასაც მომხმარებლებს უმალავენ. ასეთი ონკანის გარჩევა მისი მცირე წონით შეიძლება. უჟანგავი ფოლადის ონკანი უფრო ხშირად გვხვდება და ლატუნზე უფრო ძვირი ღირს. მას გამოარჩევს მაღალი საიმედოობა, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, უჟანგავობა და მარტივი მოვლა.
2. ვარჩევთ მარტვის ტიპს
მართვის ტიპის მიხედვით, ონკნებს სამ ძირითად ჯგუფად დავყოფთ: ორვენტილიანი, ერთბერკეტიანი და უკონტაქტო.
დღეისათვის ყველაზე პოპულარულია ერთბერკეტიანი მოდელები, რადგან ჭავლისა და წყლის ტემპერატურის რეგულირება ამ ონკანებში ერთი ნეკა თითითაა შესაძლებელი. ასეთ ონკანს ნაკლები დრო სჭირდება ტემპერატურის დასარეგულირებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალიც იზოგება.
ორვენტილიანი ონკანები, კომფორტის ასპექტში, ნამდვილად ჩამორჩება ერთბერკეტიანს. მას იყენებენ კონსერვატორები ან ისინი, ვისი სამზარეულოც კლასიკურ სტილშია.
უკონტაქტო ან სენსორული ონკანები კომფორტული და ეკონომიურია, თუმცა, მაღალი ფასის გამო, არც ისე გავრცელებული.
3. ვერკვევით ჩამკეტ არხებში
კიდევ ერთი ფარული განსხვავება ერთბერკეტიან და ორვინტილიან ონკანებს შორის – ესაა ჩამკეტი არხების სახეობები(დეტალები, რომლებიც კეტავს და ხსნის წყლის ჭავლს). ერთბერკეტიან მოდელებს ე.წ. კარტრიჯი აქვს ჩაყენებული, რომელიც შეიძლება იყოს კერამიკული, სფეროსებრი ან პლასტმასის.
კერამიკული უფრო საიმედოა და დიდხანს ძლებს(10 წლამდე), თუმცა ეშინია წყალში არსებული მყარი ნაწილაკების. მათ გამო, კერამიკული ზედაპირი იქექება, დროთა განმავლობაში კი კარტრიჯი გაჟონავს. სფეროსებრი ნაკლებად პრეტენზიულია, თუმცა სწრაფად იწყებს ჭდვას, განსაკუთრებით, თუ მას იშვიათად იყენებთ.
ორვენტილიან მოდელებს ონკანი-ბუკსი აქვთ, რომლებიც ხშირად ფუჭდება და ნაკლებად საიმედოდ ითვლება. მისი გამართულობა დამოკიდებულია შემავსებელ საფენზე. ის შეიძლება იყოს როგორც რეზინის, ისე კერამიკული.
კერამიკული შემავსებელი უფრო გამძლეა და წყალს პრაქტიკულად მაშინვე კეტავს. მაღაზიაში საფენის ტიპი რომ განსაზღვროთ, დაატრიალეთ ვენტილი. თუ იგი ძალიან მსუბუქად ტრიალებს, ესე იგი, ის რეზინისაა, თუ რთულად – კერამიკული.
4. ოპტიმალური სიმაღლე და ჭავლის ტიპი
ჭავლზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა წყლის დაგროვებას დიდ ქვაბებში და ისვრის თუ არა იგი შხეფებს. სიმაღლის შერჩევა დამოკიდებულია ნიჟარის სიღრმეზე. ასე, თუ იგი ღრმა არაა, ონკანი უფრო მაღალი უნდა იყოს. ღრმა ნიჟარისთვის უფრო დაბალი ონკანიც შეიძლება.
ორსექციიანი ნიჟარისთვის იდეალურია მოძრავი ონკანის მქონე შემრევი. იგი კომფორტულია გამოსაწევად და ნებისმიერი რამის გასარეცხავად.
5. დამატებითი ფუნქციები
წამყვანი მწარმოებლები ზრდიან სამზარეულოს შემრევების შესაძლებლობებს, ამდიდრებენ ფუნქციებით, რომლებიც ძირითად მოდელებში არაა გათვალისწინებული. მაგალითად, ჩაშენებული ფილტრის მქონე შემრევები გათვლილია როგორც ჩვეულებრივი, ისე სასმელი წყლის მოწოდებაზე. ხშირად, ისინი აღჭურვილია ორი ხვრელით ერთ ონკანზე.
შემრევები კომპაქტური ბოილერით საშუალებას იძლევა, ბერკეტზე ერთი დაჭერით მიიღოთ როგორც გაფილტრული მდუღარე წყალი, ისე ჩვეულებრივიც. ჩაის, ყავის მომზადება, ბავშვის ბოთლების დეზინფიცირება, ბოსტნეულის ბლანშირება პირდაპირ ონკანის გამოყენებითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება დიზაინს – ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც ვიტყვით, რომ ჰაი-ტექის სტილს უხდება მკაცრი გეომეტრიული ფორმის ერთბერკეტიანი ონკანი. პროვანსის, ქანთრის, კლასიკური სტილის სამზარეულოებისთვის კარგი იქნება ნარინჯისფერი ან სპილენძისფერი ორვენტილიანი შემრევი.
სასურველია, რომ შემრევის ფერი ეხამებოდეს ნიჟარას, სამზარეულოს ავეჯის სახელურებს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასადებს.