Connect with us

კულინარია

როგორ გავასტერილოთ ქილები სწორად კონსერვების შესანახად

კონსერვებმა, რომლებშიც ამდენი შრომა ჩადეთ, მთელი შემოდგომა–ზამთრის სეზონი კარგად რომ გაძლოს, ქილების სტერილიზაციაზე უნდა იზრუნოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაასტერილოთ ქილები სწორად კონსერვების შესანახად. რამდენიმე გამოცდილი მეთოდი არსებობს.

როგორ გავასტერილოთ ქილები სახლის პირობებში

ქილები კარგად უნდა გარეცხოთ და ბზარების, ნაკაწრების და სხვა დეფექტების არსებობა შეამოწმოთ. ის იდეალურად სუფთა უნდა იყოს! ხუფებიც შეამოწმეთ: თუ მოსახუფი ხუფია, სასურველია, ახალი გამოიყენოთ!

ქილები შეგიძლიათ ორთქლზე ქვაბში გაასტერილოთ. წყლით სავსე ქვაბზე ლითონის გისოსი დადეთ, მასზე გადმობრუნებული ქილები დააწყვეთ. წყალი ადუღდება და ქილას ორთქლით გაავსებს. სტერილიზაცია 15 წუთით ხდება, შემდეგ ქილები უნდა ამოიღოთ და ასე გადმობრუნებული სუფთა ქსოვილზე დააწყოთ.

ქილები შეგიძლიათ მიკროტალღურ ღუმელში მოამზადოთ. ქილებში დაახლოებით 1 სმ წყალი ჩაასხით და მიკროტალღურ ღუმელში 700-800 ვტ სიძლიერეზე 3-5 წუთით ჩართეთ. წყალი ადუღდება, ხოლო ქილები ორთქლით სტერილიზდება. ბევრი ქილის შემთხვევაში დრო გაზარდეთ.

ხუფების სტერილიზაცია

თუ ხრახნიან ხუფებს იყენებთ, უბრალოდ წყალში 10-15 წუთით მოხარშეთ, სანამ ქილებში ბოსტნეულს ან მურაბას მოხუფავთ. ანადუღარი ხუფები ანადუღარი პინცეტით ფრთხილად ამოიღეთ.

თუ გაქვთ ქილები მინის ხუფებით და რკინის დამჭერებით, ქილები და ხუფები ერთად აადუღეთ, ხოლო დამჭერები ცალკე მოხარშეთ და სუფთა პინცეტით კვლავ ხუფში ჩადეთ.

პასტერიზაცია

საკმაოდ ხშირად, მზა კონსერვები ჰერმენტულად დახურვამდე პასტერიზდება. სავსე ქილებს ხუფები დააფარეთ (არ მოხუფოთ) და წყლის სავსე ქვაბში ხის გისოსზე ან პირსახოცზე დადეთ ისე, რომ წყალი ქილას ხუფამდე (1,5-2 სმ–ით ქვემოთ) ფარავდეს. ქილები წყლის ადუღებამდე გააცხელეთ და ზომიერ ცხელ წყალში 20-40 წუთით გააჩერეთ. ქილები ქვაბიდან ამოიღეთ, ხუფები არ მოხადოთ, მაგიდაზე დააწყვეთ და იმწამსვე მოხუფეთ. მოხუფული ქილები სახურავით ქვემოთ დააწყვეთ და გააგრილეთ.

ქილები მინის ხუფებით სხვანაირად იხუფება. თავიდან სავსე ქილები მოხუფეთ ისე, რომ რეზინის რგოლი ხუფსა და ქილის ყელს შორის მოხვდეს, შემდეგ მოხუფეთ. ქილები წინასწარ 55-65 გრადუსამდე გაცხელებული წყლით სავსე ქვაბის ძირში ხის გისოსზე ან პირსახოცზე ჩააწყვეთ. წყალი ქილებს ხუფებიანად უნდა ფარავდეს. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და 15-20 წუთით ადუღეთ. სტერილიზაციის შემდეგ ქილები წყლიდან ამოიღეთ და გააგრილეთ. მინის ხუფები ქილებს მჭიდროდ ეკვრის: ასეთი ქილის გასახსნელად ზამბარა გაათავისუფლეთ და რეზინის რგოლი მოქაჩეთ.

როგორ გავასტერილოთ მზა კონსერვები სწორად  

ძველი ხუფები არ გამოიყენოთ. შიგნიდან გაკაწრული ან ოდნავ დეფორმირებული ხრახნიანი ხუფები კონსერვების გაფუჭებას იწვევენ. ახალი იყიდეთ!

დიდხანს შესანახად ვაკუუმ ხუფები არ გამოიყენოთ. ხუფები ვაკუუმ ტუმბოთი მოსახერხებელია, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ დიდხანს ვერ ძლებს – მხოლოდ რამდენიმე თვე. გარდა ამისა, ქილის ყელის მცირე უთანასწორობამაც შეიძლება ჰაერის შეყვანა და კონსერვის გაფუჭება გამოიწვიოს.

ბოსტნეულის და ხილის დაუდევრად გარეცხვა არ შეიძლება. დაკონსერვებამდე კარგად გარეცხეთ. საიმედოობისთვის ორი ჭურჭელი გამოიყენეთ: ბოსტნეული რამდენჯერმე გარეცხეთ და ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაიტანეთ.

მზა კონსერვების პასტერიზაციის დროს ქილები მდუღარე წყლით სავსე ქვაბში არ ჩადოთ – ქილები შეიძლება გასკდეს! ამის თავიდან ასაცილებლად ქვაბის ძირში ხის გისოსი დადეთ ან ნაჭრის სალფეთქი დააფინეთ. ცხელი ქილები ამის შემდეგ ხის ზედაპირზე დადეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ გაასტერილოთ ქილები სწორად! წარმატებას და გემრიელი კონსერვების მომზადებას გისურვებთ!