Connect with us

ყვავილები

რით მოვრწყათ მოცხარი ოქტომბერში, რომ მომავალმა მოსავალმა უპრეცედენტო გულუხვობით გაგვახაროს

მოცხარის გამოკვება შემოდგომაზე სწორი ნაბიჯია, რომ მომავალ წელს უხვი მოსავალი მიიღოთ. ზაფხულში მცენარე სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვან რაოდენობას ხარჯავს, ამიტომ შემოდგომის დადგომისთანავე ნიადაგის გამოკვება მნიშვნელოვანია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი საშუალებები გამოიყენოთ და როგორ გამოკვებოთ მოცხარი სწორად.

მოცხარის გამოკვება შემოდგომაზე

მომავალ წელს შავი, წითელი ან თეთრი მოცხარის კარგი მოსავლის მისაღებად ბუჩქი შემოდგომაზე გამოკვებეთ. არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება, რომელიც მსხვილი და ხარისხიანი კენკრის მიღებას უზრუნველყოფს. ოქტომბერი დამატებითი კვებისთვის საუკეთესო დროა.

სახამებლით გამოკვება

ყველა მებოსტნემ სახამებლის სარგებლის შესახებ არ იცის. სინამდვილეში, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია მოცხარის გამოსაკვებად. მასში შედის კალიუმი, რომელიც მცენარის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

ასეთი გამოკვება ოქტომბერში გამოიყენეთ. თუ შემოდგომის თვეებში მიწა სახამებლით დანაყრდება, გაზაფხულზე მოცხარი მიწიდან ყველა აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს. სახამებლის კალიუმი მოსავლიანობას და მის ხარისხს ზრდის, ბუჩქის ტოტებს აძლიერებს, რომ უპრობლემოდ გამოზამთრება შეძლოს.

ინგრედიენტები:

  • 200-300 გრ კარტოფილის სახამებელი
  • 13 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ჭურჭელში 3 ლ წყალი ჩაასხით და სახამებელი დაუმატეთ.
  2. ნარევი აადუღეთ, 10 ლ წყალი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ასეთი სასუქი 4 დიდ მოცხარის ბუჩქზე გეყოფათ. თითო ბუჩქზე დაახლოებიით 3 ლ დაიხარჯება.

ქათმის სკინტლით გამოკვება

კიდევ ერთი მეთოდი ორგანული სასუქის მოყვარულთათვის. სასუქი შეგიძლიათ დაუმატოთ დაბარვის დროს ანუ მშრალი სახით (0,8-1 კგ ერთ ბუჩქზე) და ხსნარის სახით (1:15). რა თქმა უნდა, ერთი ქათმის სკინტლი საკმარისი არაა.

მოგვიანებით, სასურველია ბუჩქის გარშემო დაბარვის დროს დაუმატოთ 1 ს/კ (15-20 გრ) კალიუმის სულფატი (ან კალიუმის მარილი), ასევე 2 ს/კ (დაახლოებით 30-40 გრ) სუპერფოსფატი ერთ ბუჩქზე. თხევადი სასუქიც შეგიძლიათ მოამზადოთ, იმავე რაოდენობის სასუქი 10 ლ წყალში გააზავეთ.

ფოსფორი–კალიუმის ხსნარით გამოკვება

ასეთი სასუქი ბუჩქის ფესვების სისტემის ზრდასა და გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი, ასევე ყინვის და დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის.

ინგრედიენტები:

  • 30-40 გრ ამოფოსის სასუქი (52% ფოსფორი, 12% აზოტი)
  • 1-2 ჭიქა ნაცარი
  • 1 ვედრო წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ერთ ვედროზე დაახლოებით 2 ს/კ (30-40 გრ) სასუქი აიღეთ. თავდაპირველად, ცალკე თასში ცხელ წყალში (არა მდუღარე) გააზავეთ. ეს კარგად გასახსნელად აუცილებელია.
  2. აქვე დაუმატეთ ხის ნაცარი. ერთ ვედრო წყალზე დაახლოებით 1–2 ჭიქა (100-200 გრ) ნაცარი დაგჭირდებათ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  3. ბუჩქის ქვეშ მისი ასაკის მიხედვით 1–2 ლ ხსნარი მოასხით. თუ ბუჩქი დიდია, 5 ლ ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  4. ამის შემდეგ მიწა გააფხვიერეთ და მულჩით დაფარეთ, რომ ზედაპირზე ქერქი არ წარმოიქმნას.

მინერალური სასუქით გამოკვება

კიდევ ერთი ვარიანტი – თხევადი მინერალური სასუქი.

ინგრედიენტები:

  • ½ ს/კ შარდოვანა ან გვარჯილა
  • 1 ს/კ კალიუმის სულფატი
  • 2 ს/კ სუპერფოსფატი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. 1 ვედრო წყალში 7-10 გრ შარდოვანა ან გვარჯილა გახსენით. აქვე კალიუმის სულფატი და სუპერფოსფატი დაუმატეთ.
  2. ახალგაზრდა ბუჩქი 1-2 ლ ხსნარით მორწყეთ.ასაკოვანს 5 ლ ხსნარი შეგიძლიათ მიაწოდოთ.
  3. ამის შემდეგ მიწა გააფხვიერეთ და მულჩით დაფარეთ, რომ ბუჩქის გარშემო ქერქი არ წარმოიქმნას.