Connect with us

ყვავილები

რა გავაკეთოთ, თუ ყვავილების ქოთანში ობი გაჩნდა

ალბათ, გინახავთ, რომ აცივებისთანავე, განსაკუთრებით შემოდგომის შუა რიცხვებში ზოგიერთ ყვავილის ქოთანში ობი ჩნდება. ამ პერიოდში ტემპერატურა დაბალია, ხოლო ტენიანობა მაღალი. სახლიც ცუდად ნიავდება, რადგან გარეთ ცუდი ამინდია და მფლობელები ბინას დიდი ხნით არ ანიავებენ. ასე ობის გასავითარებლად ხელსაყრელი პირობები იქმნება.

ობი იგივე სოკოს ინფექციაა, რომელსაც დაუყონებლივ აღმოფხვრა სჭირდება. თეთრი ობი მხოლოდ მცენარისთვის არის საზიანო. აი, შავი ობი ადამიანისთვისაც სახიფათოა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა იწვევს ობს და როგორ ებრძოლოთ.

ობის გაჩენის 3 მიზეზი

ჭარბი ტენიანობა. სად დევს ქოთანი? ცივი და ძალიან სველი გარემო ოთახის მცენარისთვის არახელსაყრელია. თუ ცივ ამინდში გათბობა ჩართული არ გაქვთ, მიწიდან სითხე ნელ–ნელა ორთქლდება და ესეც ობს იწვევს.

ცუდი ხარისხის მიწა. უხარისხო მიწა ობის განვითარებას ხელს უწყობს. ობი თიხიან და მძიმე მიწაში უფრო ვითარდება. ცუდი დრენაჟიც ობის მიზეზი შეიძლება იყოს. ქოთანში წყალი არ უნდა გუბდებოდეს.

არასწორი მორწყვა. ჭარბი ან ხშირი მოწყვა ობის განვითარებას ხელს უწყობს. წყალი ზომიერად მიაწოდეთ. რეკომენდებულია, ოთახის მცენარეების მოსარწყავად წვიმის დაყენებული წყალი გამოიყენოთ.

ობთან ბრძოლის მეთოდები

ობის პირველივე ნიშნების დანახვაზე მოქმედებაზე გადადით, რომ ყვავილი დაღუპვისგან დაიცვათ. მიწის ობიანი ზედა ფენა მოაშორეთ და გადააგდეთ. დარჩენილ მიწას დეზინფექცია ჩაუტარეთ. ამისთვის ლიმონის წვენი ან მარგანცოვკა გამოიყენეთ. 1 ჩ/კ საშუალება 1 ჭიქა წყალში გახსენით. ასე დაინფიცირების პრევენციას მოახდენთ.

მცენარეს ახალი მიწა და მასთან ერთად ხის ან აქტივირებული ნახშირი დაუმატეთ. ნახშირს კარგი ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. ბოლოს ფუნგიციდის ხსნარით მორწყეთ. 15 წვეთი 1 ლ წყალს დაუმატეთ და ყვავილი მორწყეთ. თუ ეჭვობთ, რომ მცენარე უფრო ძლიერ დაინფიცირებულია, სხვა ქოთანში გადარგეთ.

ობის პრევენცია

ობის თავიდან ასაცილებლად მისი გაჩენის მიზეზები არ დაუშვათ. კერძოდ, ბინაში კომფორტული ადგილი გამოუყავით, სადაც არც ძალიან ცივა და სისველეც არაა. მორწყვა აკონტროლეთ და მხოლოდ ხარისხიან მიწაში გადარგეთ. კარგი დრენაჟიც არ დაგავიწყდეთ.

მცენარე სჯობს ისეთ ქოთანში გადარგოთ, რომლის ძირსაც ნახვრეტი აქვს. ასე წყლის დაგუბებას თავიდან აიცილებთ. მიწას გამოყენებამდე დეზინფიცირება სჭირდება. შენობა რეგულარულად გაანიავეთ და ოთახში მზის სინათლე შემოუშვით. ამ პირობებში ობი განვითარებას ვერ შეძლებს.

თუ მცენარეს ხის ნაცრით გამოკვებავთ, ობის ინფექციისგან დაიცავთ და მიწის განიავებას ხელს შეუწყობთ. ამ მხრივ მარგანცოვკის და ნივრის ხსნარი სასარგებლოა.