Connect with us

ჯანმრთელობა

რაზე საუბრობს ლიმფური კვანძების ანთება

ლიმფური კვანძები ადამიანის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებს, ტოქსინებს და ვირუსებს აკავებს. სწორედ ამიტომ, მათი ანთება ფარულ ინფექციასა და დაავადებაზე საუბრობს, რომელიც დაუყონებლივ ექიმთან მიმართვას ითხოვს.

ლიმფური კვანძების მთავარი დანიშნულება ნარჩენი უჯრედებისა და ცილებისგან ორგანიზმის გაწმენდა, ბაქტერიების და ვირუსების გამრავლებისგან დაცვაა. „მასობრივი შეტევის“ დროს ისინი სახიფათო პათოგენების ზრდას წყვეტენ და ანთება იქმნება. კომპლექსური დიაგნოსტიკა და სისხლის ანალიზები გართულებების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

რისთვის არის საჭირო ლიმფური კვანძები

ლიმფური კვანძები მცირე ზომის წნულებია, რომლებიც გამავალ ლიმფას ფილტრავენ. ისინი ბიოლოგიურ სითხეს წმენდენ, ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან ათავისუფლებენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს სტიმულირებენ. მინიატურული „ფილტრების“ ძირითადი ფუნქციები:

  • ქმნის ბარიერს, ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს;
  • ქსოვილების აღდგენის პროცესს ააქტიურებს, შეხორცებას აჩქარებს;
  • იმუნიტეტის დამცავ უჯრედებს აწარმოებს;
  • ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს;

ლიმფურ კვანძებში ლიმფოციტები, სისხლის უჯრედები, წარმოიქმნება, რომლებიც დამცავ ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელნი. ისინი ვირუსების და სიმსივნის წარმონაქმნის ზრდას აფერხებენ და ორგანიზმს სახიფათო დაავადებისგან იცავენ. სულ ორგანიზმში ცალკე ან ჯგუფებად 500 ასეთი „ფილტრია“ განლაგებული.

ლიმფური კვანძების ანთების შესაძლო მიზეზები

თუ ვირუსები კვანძებში გროვდება და აქტიურად იზრდება, იმუნური სისტემა ლიმფოციტებს ჭარბად აწარმოებს. ლიმფური კვანძები მოცულობაში რამდენჯერმე იზრდება. ადამიანი კანის ქვეშ სიმკვრივეს ან მკვრივ ბურთს გრძნობს, რომელიც დარტყმის შედეგად ამოსულ კოპს ჰგავს.

ექიმები ლიმფური კვანძების ანთებას ცალკე დაავადებად არ განიხილავენ. ეს ერთგვარი სიგნალია, რომ ორგანიზმში ინფექციები გროვდება. დიაგნოსტიკისთვის უნდა იცოდეთ, თუ სხეულის რომელ ნაწილში წარმოიქმნა სიმკვრივე. უამრავი დაავადება არსებობს, რომლებზეც ლიმფური კვანძები მსგავსად რეაგირებს:

  • შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნე;
  • მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია;
  • შინაგანი ან გარეგანი ოტიტი;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ბაქტერიული ანგინა ან ფარინგიტი;
  • მწვავე ჰაიმორიტი;
  • ქრონიკული ანემია;

ამ დაავადებების დროს ლიმფური კვანძების ანთებას თან ახლავს ტემპერატურის მატება და ზოგადი სისუსტე. სიმკვრივე ცალკე მკურნალობას არ მოითხოვს. ადამიანის გამოჯანმრთელების შემდეგ ის სწრაფად ქრება. ექიმებს აშინებს კვანძები, რომლებიც დაავადებული არა, მაგრამ ხანგრძლივი დროით ზომაში გაზრდილია. ისინი შემდეგი პათოლოგიების დროს იქმნება:

  • ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა;
  • ალერგია;
  • შემაერთებელი ქსოვილების ანთება;
  • აუტოიმუნური დაავადებები (წითელი მჭამელი);

იშვიათ შემთხვევაში ლიმფური კვანძების ანთებას მედიკამენტების გვერდითი ეფექტი, აპენდიციტი და ძლიერი გაყინვა იწვევს.

თუ კატამ გაგკაწრათ

კატის ნაკაწრის დაავადება ან ლიმფორტიკულოზი სხეულზე ცხოველის ნაკაწრის შემდეგ ვითარდება. კატა ამ დაავადების გადამტანია და ადამიანში მაღალ ტემპერატურას, ცხელებას, ყელის და იღლიის ქვეშ ლიმფური კვანძების ანთებას იწვევს. ჭრილობები შეიძლება დაჩირქდეს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა საჭირო გახდეს.

თუ ფეხი დახეთქილი გაქვთ

ვიწრო ფეხსაცმლის ტარებით ფეხზე შეიძლება მტკივნეული ჭრილობები გაჩნდეს. თუ მას ანტისეპტიკით არ დაამუშავებთ, ბაქტერიების მოხვედრის რისკი იზრდება. ზოგჯერ იმუნიტეტი ამ ინფექციების დამარცხებას საწყის სტადიაზე ასწრებს და სიტუაციის შესახებ საზარდულის არეში ლიმფური კვანძების შესიებით გვამცნობს.

ფურუნკულეზი

ჰორმონალური დარღვევის დროს, ჭარბი ოფლიანობის და სუსტი იმუნიტეტის ფონზე ძირმაგარა ვითარდება. ჩირქის სისხლში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმი ძალებს იკრებს და ლიმფოციტებს წარმოქმნის. ამ დროს კვანძებში ტოქსინები გროვდება და მწვავე ანთებას იწვევს.

როგორ ვუმკურნალოთ ანთებით ლიმფურ კვანძებს

სიმკვრივის შემჩნევისას თვითმკურნალობაზე უარი თქვით. გამახურებელი საფენები არ გამოიყენოთ: ისინი ბაქტერიების გავრცელებას აჩქარებენ და გართულებებს იწვევენ. სპეციალისტები დარღვევის მიზეზს იპოვიან და ანტიბიოტიკებს და ანტივირუსულ პრეპარატებს დაგინიშნავენ.

ლიმფური კვანძების ანთება ხშირად სუსტი იმუნიტეტის ფონზე ვითარდება. სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად და პროფილაქტიკისთვის ეცადეთ:

  • სწორად და მრავალფეროვნად იკვებოთ, ბოსტნეული და ხილი, მწვანილი, ფაფა და თევზი მიირთვათ;
  • ვირუსული ინფექცია აუცილებლად საწყის სტადიაზე იმკურნალეთ;
  • ჰიგიენის წესები დაიცვით, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი ჩაიცვით, შხაპი დილა-საღამოს მიიღეთ.
  • სხეული გააკაჟეთ, ამინდის შესაბამისად ჩაიცვით, ეცადეთ, რომ სხეული არ გაიყინოს.
  • ჭრილობები და ნაკაწრები დაუყონებლივ დაიმუშავეთ.
  • აბანო და საუნა ხშირად მიიღეთ, სპორტით დაკავდით.

ლიმფური კვანძების ანთების დროს სამედიცინო დახმარებას აუცილებლად მიმართეთ: ხშირად გამონადენის დაგროვება ჩირქოვანი ლიმფადენიტის განვითარებას იწვევს. ეს მეორადი გართულება სეფსის იწვევს და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.