Connect with us

თავის მოვლა

ჟოჟობას ზეთი სახის მოსავლელად: უნივერსალური საშუალება

ჟოჟობა საოცარი მცენარეა, რომელიც უდაბნოში იზრდება, და მკაცრ პირობებში გადარჩენასთან ერთად სასარგებლო თვისებებით მდიდარ ნაყოფს იძლევა. კაკალი საკვებად უვარგისია, მაგრამ მისი ზეთი სახისა და თმის მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ჟოჟობას ზეთს თავის მოვლის ბევრ საშუალებაში იპოვით, თუმცა შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან ხალხურ რეცეპტებში გამოიყენოთ. კვლევებით დადასტურებულია, რომ ჟოჟობას ზეთი ნაოჭებს ებრძვის, ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს (ამბობენ, რომ ამ მიზნით კლეოპატრაც იყენებდა).

ჟოჟობას ზეთის გამოყენების მეთოდები

ჩამოწელილი კანი

ზეთს კოლაგენის მსგავსი მოქმედება აქვს და კანში ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ასევე უჯრედების კვდომას ანელებს, პირიქით, მათ აღდგენას ხელს უწყობს. ჟოჟობას ზეთი ორგანიზმში კოლაგენის და ელასტინის წარმოებას ხელს უწყობს.

სპეციალური ნიღბის მოსამზადებლად 2 ს/კ ჟოჟობას ზეთი და 2 წვეთი პაჩულის ზეთი აურიეთ. ნარევი სახეზე მასაჟურ ხაზებზე შეიზილეთ. რამდენიმე წუთით დაელოდეთ, რომ კანმა შეიწოვოს, შემდეგ ნარჩენები ბამბის დისკით მოიშორეთ.

ღრმა ნაოჭებისთვის ჟოჟობას ზეთთან ერთად შეგიძლიათ გვირილას ან სანდალის ხის ზეთი გამოიყენოთ. ისინი კანს კარგად კვებავენ და ატენიანებენ, ლიფტინგის ეფექტიც აქვთ. ასეთი საშუალება მოწიფული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

პრობლემური კანი

ჟოჟობას ზეთს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, ამიტომ ზოგიერთ კანის დაავადებას კურნავს. მაგალითად, მისი გამოყენების შემდეგ სიწითლე, გამონაყარი და აქერცლილი კანი გაქრება, ჩირქი გაიწოვება. ფორებს არ აბინძურებს და არ ჭედავს.

საინტერესოა ისიც, რომ ჟოჟობას ზეთი თავისი შემადგენლობით კანის ცხიმის მსგავსია. სწორედ ამიტომ, მისი წასმისას ჯირკვლები ფიქრობენ, რომ დატენიანება ნორმაშია. შედეგად, ცხიმის წარმოება რეგულირდება.

აკნე

აკნეს მოსაშორებლად 1 ს/კ ჟოჟობას ზეთს 1 წვეთი ლავანდის ზეთი და 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ. გამონაყარზე, ლოკალურად წაისვით. ამ ნარევში ბამბა გაჟღინთეთ და აკნეზე 20 წუთით დაიფინეთ. ნარჩენები ბამბის დისკით მოიშორეთ. დღეში 1–2–ჯერ გაიმეორეთ.

თვალის გარშემო კანი

თვალის ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და თხელია. მასზე მუდმივად ზემოქმედებას ვახდენთ: კოსმეტიკას ვისვამთ, ვიშორებთ, თვალებს ვისრესთ. პირველი ნაოჭების ბადე ხშირად აქ ჩნდება. ჟოჟობას ზეთი აქაც დაგეხმარებათ. საყვარელ კრემს რამდენიმე წვეთი ჟოჟობას ზეთი დაუმატეთ. სუფთა საშუალებით მსუბუქი მასაჟიც ეფექტურია. ალერგიაზე ტესტის ჩატარება არ დაგავიწყდეთ.

ეფექტური რეცეპტი: 1 ს/კ ჟოჟობას ზეთსა და 1 ს/კ ავოკადოს თითო წვეთი ცერეცოს, ვარდის, პიტნის, სანდალის ხის და ლიმეტის ზეთები დაუმატეთ. აურიეთ და ცოტა ნარევი თვალის ირგვლივ კანზე წაისვით. დღეში 1–2–ჯერ საკმარისია (მეორე პროცედურა ძილის წინ). ასე ნაოჭებს და დაღლილობის ნიშნებას გააქრობთ.

წამწამები

თუ გსურთ, რომ მზერა გამოხატული გახდეს, აუცილებელი არაა ლამინირება გაიკეთოთ ან ხელოვნური წამწამები ჩაიმატოთ. ჟოჟობას ზეთით წამწამები გასქელდება და ფერი უფრო გაჯერებული გახდება. წასმა შუა წამწამებიდან დაიწყეთ და კუთხეებისკენ გადადით. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ თვალში არ მოგხვდეთ.

ტუჩი

ტუჩის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დახეთქვისგან დასაცავად მალამო მოამზადეთ. 15 წვეთი ჟოჟობას ზეთი და 2 წვეთი პიტნის ზეთი აურიეთ. ნარევი ტუჩის კანზე კარგად შეიზილეთ.

როგორც ხედავთ, ჟოჟობას ზეთი საკმაოდ უნივერსალური საშუალებაა, რომელიც თქვენს კოსმეტიკაში ადგილს იმსახურებს.