Connect with us

ყვავილები

ოთახის ია: რით, როდის და როგორ გამოვკვებოთ დიდებული ყვავილობისთვის

ფუმფულა ფოთლები, მის ზემოთ ფერადი ყვავილები – ეს, რა თქმა უნდა, საყვარელი იაა. მცენარე ფანჯრის რაფაზე თავს კარგად გრძნობს და ამასთან ოთახს არ აბნელებს. ის ხომ დაბალი ოთახის მცენარეა. ოთახის იამ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს და ყვავილებით გაგახაროთ, აუცილებლად რეგულარულად უნდა გამოკვებოთ.

მზა, ძვირადღირებული ნარევის ყიდვა აუცილებელი არაა. სასუქი შეგიძლიათ ნატურალური ინგრედიენტებით თავად მოამზადოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ სასუქი.

როდის გამოვკვებოთ

მცენარე თავად მიგანიშნებთ, თუ როდის სჭირდება დამატებითი კვება. მიკროელემენტების დეფიციტის დროს ყვავილობის არ ქონით და ფოთლების გაყვითლებით ნიშანს მოგცემთ. შესაძლოა, იის ცუდი განწყობის მიზეზი ისაა, რომ ქოთანში თავს ვიწროდ გრძნობს.

რით გამოვკვებოთ

მხედველობაში გქონდეთ ნატურალური საშუალებები, რომელთაც სახლში იპოვით. მათგან ეფექტურ სასუქს სწრაფად მოამზადებთ.

შავი ჩაი

ჩაის ფოთლები მოადუღეთ? ჩენჩოს გადაყრა არ იჩქაროთ, პირდაპირ მიწაში ჩაყარეთ. მასში ბევრი სასარგებლო კომპონენტი შედის, რომელიც იას მოეწონება.

ყავის ნალექი

იგივე ყავის ნალექს ეხება. ყავის ნალექი მცენარის დარგვამდე მიწას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ხახვის ფურცლები

ეს ინგრედიენტი არა მხოლოდ სასუქის როლს ასრულებს, არამედ მცენარეს მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს. ნახარშის მოსამზადებლად 2 ლ მდუღარე წყალი და 50 გრ ხახვის ფურცლები დაგჭირდებათ. ხახვის ფურცლებს მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით ხარშეთ. მიღებული ნარევი გააგრილეთ და დააყენეთ. რამდენიმე საათში მზად იქნება. გაწურვა არ დაგავიწყდეთ. სასუქი იასთვის უბრალოდ ფანტასტიკურია. ოღონდ მისი შენახვა არ შეიძლება.

ციტრუსის ქერქი

ლიმონის, ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ სასუქად გამოიყენოთ. ქერქი დააქუცმაცეთ, მდუღარე წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და თბილი წყალი დაუმატეთ. 1 ნაწილ ნაყენს 10 ნაწილი წყალი დაუმატეთ.

საფუარი

ია საფუარივით რომ გაიზარდოს, სწორედ საფუარი გამოიყენეთ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ს/კ შაქარი, 5 გრ მშრალი საფუარი და 5 ლ წყალი. შაქარი და საფუარი აურიეთ, წყალში გახსენით. თავსახური დაახურეთ და თბილ ადგილას 3 საათით გააჩერეთ. 1:5 თანაფარდობით წყალში გააზავეთ.

როგორც ხედავთ, მაღაზიაში წასვლას და სასუქის ყიდვას აზრი არ აქვს. ყველაფერი უკვე ხელთ გაქვთ. ია გამოკვებეთ და დიდებული ყვავილობით მადლობას გადაგიხდით.