Connect with us

ყვავილები

ოთახის ბეგქონდარა: დეტალური ინსტრუქცია სახლში გასაზრდელად

თუ ოთახის მცენარეები გიყვართ, გირჩევთ არა მხოლოდ ლამაზი ყვავილები, არამედ სასარგებლო მცენარეებიც, მაგალითად მწვანილი გაზარდოთ. ახალი სანელებელი ნებისმიერ კერძს საოცარ გემოს და არომატს ანიჭებს. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ბეგქონდარა სახლის პირობებში.

მცენარე მრავალწლიანი და უპრეტენზიოა. ლამაზია და ყვავილობს კიდეც. სახლში საოცარ არომატს აფრქვევს. სწორი მოვლის პირობებში წლიდან წლამდე გაგახარებთ. სახლის პირობებში სწორად გასაზრდელად უნდა იცოდეთ, როგორ დარგოთ, რომელი სასუქი მიაწოდოთ, რამდენად ხშირად მორწყათ, როგორი განათება სჭირდება და ა.შ.

ბეგქონდარა ფანჯრის რაფაზე: დეტალური ინსტრუქცია

დარგვა

თესლი ან კალამი გამოგადგებათ. თუ თესლს იყენებთ, მიწაში 0,5 სმ სიღრმეზე ჩარგეთ და კარგად მორწყეთ. აღმონაცენს მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ელოდეთ. ასე მცენარე ნელა ვითარდება. კალმის შემთხვევაში, ჯერ წყალში ჩადეთ, ხოლო გაფესვიანების შემდეგ ქოთანში გადარგეთ. მცენარეს კარგი დრენაჟი და ბოსტნეულის კულტურისთვის შესაფერისი მიწა სჭირდება.

განათება

გირჩევთ, ზამთარში აივანზე გაიტანოთ. თუ ოთახში ტოვებთ, კარგი განათება, მაგალითად, ფიტონათურა დაგჭირდებათ. ზაფხულში დანათება საჭირო არაა.

მორწყვა

უხვი მორწყვისგან თავი შეიკავეთ. უხვი მორწყვა ახალ მცენარეს განსაკუთრებით არ უყვარს. დააკვირდით, თუ მიწის ზედა ფენა გაშრა, ოთახის ტემპერატურის დაყენებული წყლით ზომიერად მორწყეთ.

დამატებითი კვება

ოთახის ბეგქონდარასთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის კომპლექსური სასუქი ან თხევადი ბიოჰუმუსი. თვეში ერთხელ მიაწოდეთ. მწვანილის მისაღებად მხოლოდ ორგანული სასუქი (ჰუმატის ხსნარი) გამოიყენეთ.

ფორმის შეცვლა

მცენარე სხვადასხვა პირობაში განსხვავებულად იზრდება. თუ ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით, ბუჩქი დიდი, ბევრი გვერდითა ყლორტებით გაიზრდება. თუ მთავარი ღერო მაღლა იზრდება, ხოლო მის გარშემო მწვანილი არ ვითარდება, გადაჭერით, რომ გვერდითა ყლორტების ზრდას სტიმული მისცეთ.

ზრდასრულ ბუჩქს ფორმა გონივრულად შეუცვალეთ. კერძების მომზადების დროს ტოტები მოჭერით და თან ფორმირებას ყურადღება მიაქციეთ.

გამოზამთრება

ზამთარში გრილ ადგილას გაიტანეთ. 10-15 გრადუსი მისთვის იდეალური ტემპერატურაა. თუ დახურული აივანი ან შესაფერისი ადგილი არ გაქვთ, მცენარე გათბობის ბატარეებიდან შორს დადგით. ფიტონათურის ქვეშ დღეში 12 საათით გააჩერეთ. ჰაერის ტენიანობის შესანარჩუნებლად დანამეთ ან ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენეთ.

გაზრდილი მცენარე შეგიძლიათ ბოსტანში გადარგოთ. მას კარგად განათებული ღია ადგილი სჭირდება, რადგან ჩრდილში ზრდას აფერხებს. უნივერსალური სანელებელი თითქმის ყველა კერძს უხდება. გირჩევთ, ფანჯრის რაფაზე ბეგქონდარას პატარა ქოთანი გაზარდოთ.