Connect with us

ჯანმრთელობა

მცენარეები, რომლებიც მშრალი და სველი ხველის დროს საინჰალაციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ

მახსოვს, ბავშვობაში, როცა ბებიასთან ავად ვხვდებოდი, დღეში მინიმუმ ერთ ქილა ჟოლოს მურაბას ვჭამდი. ბებია ნახევარი ქილიდან გემრიელ ჩაის ამზადებდა, მეორე ნახევარს კი პურს უხვად უსვამდა. თუ ხველა მტანჯავდა, ორთქლის სუნთქვა მიწევდა. ნებულაიზერი მაშინ სოფელში არ ჰქონდათ, სამაგიეროდ ჰქონდათ ქვაბი, პირსახოცი და სხვადასხვა ბალახი ინჰალაციისთვის.

ჩვეულებრივ, კარტოფილის ნახარშს ვსუნთქავდი. სიტყვაზე, ეს ნახარშის გამოყენების ერთადერთი მეთოდი არაა. თუ ნახარში არ მშველოდა, საქმეში სხვა სამკურნალო ბალახი ერთვებოდა. ბებია ბალახებს ზაფხულში თავად აგროვებდა. შინაურული ინჰალაციების სამკურნალო ეფექტი დღემდე მახსოვს და ჩემს შვილებზე ვიყენებ.

რამდენად უსაფრთხო ინჰალაციის გაკეთება

თუ ინჰალაციას ძველებური მეთოდით იკეთებთ, რამდენიმე წესი უნდა გახსოვდეთ. პირველ რიგში, პროცესში შეიძლება დაიწვათ. ამის თავიდან ასაცილებლად, ნახარშის ორთქლი მხოლოდ მაშინ ისუნთქეთ, როცა ტემპერატურა 50 გრადუსამდე შემცირდება. ბავშვებისთვის 40 გრადუსი შესაფერისი ტემპერატურაა.

პროცედურის ხანგრძლივობა უფროსებისთვის 5 წუთი, ხოლო ბავშვებისთვის 3 წუთამდეა. სახესა და ნახარშის ზედაპირს შორის მანძილი 40 სმ–მდე არ უნდა შემცირდეს. ორთქლის აბანოს ეფექტისთვის თავზე პირსახოცი დაიფარეთ. შესვენებების გაკეთება არ შეიძლება. თუ სუნთქვა გიჭირთ, სჯობს პროცედურა შეწყვიტოთ.

საინჰალაციო ბალახები მშრალი ხველისას

მშრალი ხველის მოსაშორებლად ჯერ ნახველის რაოდენობა უნდა გაზარდოთ და ფილტვებიდან გამოდევნოთ. ამისთვის გამოგადგებათ ინჰალაცია შემდეგი ბალახებით:

  • ცაცხვი უძველესი დროიდან მშრალ ხველას სველად გარდაქმნის. ინჰალაციის შემდეგ სუნთქვა გაგიადვილდებათ.
  • გვირილას ნახარში დამამშვიდებელ და ბაქტერიციდულ ეფექტს ქმნის.
  • ვირისტერფას ნახარში გაღიზიანებას აქრობს და ლორწოს რაოდენობას ზრდის.

  • სამყურა მშრალი ხველის დროს ეფექტურია. ლორწოს წარმოებას სტიმულირებს.
  • ქარაგოზის ნახარშს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ხველის ძლიერ შეტევებს ებრძვის.
  • გულსოსანა ძლიერი ბაქტერიციდული საშუალებაა.
  • წყლის იელის, მრავალძარღვას, ბეგქონდარას და როზმარინის ნახარშები ნახველის რაოდენობას ვერ ზრდის, მაგრამ ბრონქების გაფართოებას და თავისუფალ სუნთქვას ხელს უწყობს.

საინჰალაციო ბალახები სველი ხველისას

თუ სველი ხველა გაწუხებთ, ამოსახველებელ ბალახებს ყურადღება მიაქციეთ. ისინი ფილტვებიდან ნახველის ამოღებას ხელს უწყობენ. მათ შორისაა:

  • პიტნა
  • ღვია
  • ბეგქონდარა
  • სალბი
  • ორფერი
  • ცერეცო
  • ლაშქარა

სველ ხველას მხოლოდ ინჰალაციით ვერ დაამარცხებთ. ბალახების ნახარშის ყელში გამოვლებაც სასარგებლოა. მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, პიტნა, ფიჭვის კვირტები და სალბი. თუ ხველა ტკივილს იწვევს, ბეგქონდარას, კრაზანას, თავშავას და ტირიფის ქერქის ნახარში ყელში გამოივლეთ.

ხველის საწინააღმდეგო ბალახები ბავშვებისთვის

მსგავსი ფიტოთერაპია ძალიან პატარებისთვის შესაფერისი არაა. ჩვეულებრივ, ინჰალაცია 3 წლიდან ტარდება. მოკლედ, ექიმთან კონსულტანცია სჯობს გაიაროთ. რაც შეეხება, ბავშვებისთვის საინჰალაციო ბალახებს, მათგან ყველაზე უსაფრთხოა:

  • ცაცხვი
  • გვირილა
  • ანწლი
  • კამის თესლი
  • ცერეცო
  • ვირისტერფა
  • ორფერი
  • სამყურა
  • ბეგქონდარა
  • წყლის იელი

კრაზანასა და კვლიავზე დაფუძნებული ინჰალაციები მტკივნეულ ხველასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ბავშვს ორთქლით სუნთქვა არ აიძულოთ. სჯობს ეს პროცედურა თამაშით გააკეთოთ. ქოხი ააშენეთ, სადაც ქვაბიც დაეტევა. 2-3 წუთიანი ასეთი თამაში ძალიან მომგებიანია.

პირადად, ჩემში ინჰალაცია ნეგატიურ ემოციებს არასდროს იწვევდა. ალბათ, იმიტომ, რომ ბებია ინჰალაციას ჩემთან ერთად იკეთებდა. ამის შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობდი, ისევ ვმღეროდი და ვმხიარულობდი. ბავშვობიდან პიტნის ორთქლის სუნთქვა მიყვარდა. თქვენ რომელი ბალახი მოგწონთ საინჰალაციოდ?