Connect with us

ყვავილები

მორწყეთ ბარაქის ხე სწორად და აყვავილდება: მარტივი ხრიკები

ოთახის მცენარე არა მხოლოდ კომფორტი და სილამაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელია. მცენარეებმა სიმწვანით და უხვი ყვავილობით რომ გაგახაროთ, სწორად უნდა იზრუნოთ. თუ თქვენთვის ეს პრობლემაა, ყურადღება სუკულენტებს მიაქციეთ. უპრეტენზიოა და ძალიან ლამაზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კრასულა ანუ ბარაქის ხე. ამბობენ, რომ მისი აყვავება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ასე არაა: ფულის ხე სწორად მორწყეთ და აყვავილდება.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ისე, რომ ბარაქის ხემ თავისი ყვავილობით გაგახაროთ.

მორწყეთ ფულის ხე

ხალხში კრასულას ბარაქის ხეს უწოდებენ. სჯერათ, რომ მცენარე სახლში ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს, ამიტომ ნათესავებს ან მეგობრებს სიმდიდრის თილისმად ჩუქნიან.

განსაკუთრებით კარგი ნიშანია, თუ ბარაქის ხე ყვავილებით იფარება. კრასულას აყვავილება მარტივია, თუ სწორად იზრუნებთ. ამ საკითხში სწორი მორწყვა დიდ როლს თამაშობს.

როგორ უნდა მორწყათ ბარაქის ხე

1. მცენარეს მაღალი ტენიანობა არ უყვარს, ამიტომ პულვერიზატორით დანამვა არ სჭირდება.

2. მიწა ზედმეტად არ უნდა დაატენიანოთ, რომ მცენარე არ დაიღუპოს. მიწაში ტენიანობა 5 სმ სიღრმეზე ხის ჩხირით შეამოწმეთ.

3. სუკულენტს ხშირი მორწყვა არ სჭირდება. თბილ სეზონზე კრასულა 7 დღეში ორჯერ, ხოლო სიცივეში 4 კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ.

4. მორწყვამდე წყალი რამდენიმე დღე გააჩერეთ და ოთახის ტემპერატურამდე გაათბეთ.

5. მცენარეს გამოკვება სჭირდება: ზოგჯერ სარწყავ წყალს სუკულენტისთვის შესაფერისი სპეციალური სასუქი დაუმატეთ.

კრასულას გადარგვა და გამრავლება

მცენარე ნელა იზრდება, ამიტომ ქოთნების ხშირად გამოცვლა არ სჭირდება. ზრდის მიხედვით უნდა გადარგოთ: ფესვებზე მიწიანად მოდიდო ქოთანში გადარგეთ, თავისუფალი სივრცე მიწით გაავსეთ და მორწყეთ. ქოთნის ძირში სადრენაჟო ფენა აუცილებლად დაუმატეთ.

კრასულას გამრავლების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, ბუჩქის გაყოფა. თუ ფულის ხე ძალიან გაიზარდა, რამდენიმე დამოუკიდებელ მცენარედ შეგიძლიათ დაყოთ ძირითადი ქოთნის დაზიანების გარეშე. კალმებითაც მრავლდება. კრასულა აქტიურად ფესვიანდება. სრულფასოვანი კალამი ნებისმიერი ტოტიდან ან ფოთლიდან შეგიძლიათ გაზარდოთ.

გარდა ამისა, კრასულა თესლითაც მრავლდება, მაგრამ ამ მეთოდს ძირითადად სელექციონერები მიმართავენ. ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

თუ სახლში ბარაქის ხის დარგვა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი პრობლემები, რომელთანაც შეჯახება მოგიწევთ. მაგალითად, მიწის ზედმეტად მორწყვა ფესვების ლპობას იწვევს. მავნებლები ხშირად თავს ესხმიან.

განათება კრასულასთვის

მცენარეს კარგი განათება სჭირდება, მაგრამ სამხრეთ მხარეს მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, რადგან ფოთლები შეიძლება დაიწვას. ბარაქის ხე სამხრეთ–აღმოსავლეთ ან სამხრეთ დასავლეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ. ქოთანი მზისკენ სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ, ასე ლამაზი ფორმა ექნება. ხე შეგიძლიათ გადაჭრათ და გვირგვინს სასურველი ფორმა მისცეთ.

რაც შეეხება ტემპერატურის რეჟიმს, კრასულა შესანიშნავად ვითარდება, როცა ოთახის ტემპერატურა 28 გრადუსს არ აღემატება. ზაფხულში მცენარე აივანზე ან ქუჩაში უნდა გაიტანოთ. კრასულას შემოდგომა–ზამთრის პერიოდში 10-15 გრადუსზე 1–2 თვით სეზონური დასვენება სჭირდება. ამ პერიოდში მორწყვა შეაჩერეთ.

ასეთი სტრესის შემდეგ 3 წლის მცენარეზე კოკრები გამოჩნდება. ვერ დაგპირდებით, რომ შედეგად ძალიან გამდიდრდებით, მაგრამ კრასულა უხვი ყვავილობით გაგახარებთ.

Advertisement