Connect with us

ყვავილები

მოდური ოთახის მცენარეები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვენ

ბოლო დროს ოთახის მცენარეებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულია. მოყვარულები ჩქარობენ, რომ ყვავილების მაღაზიაში მოდური ყვავილები შეიძინონ და სახლის ინტერიერი დაამშვენონ. იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ როგორი მოვლა სჭირდებათ მათ. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ პრეტენზიული მცენარეებია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 პრეტენზიულ მცენარეს და მის ნაკლებად პრეტენზიულ ალტერნატივას.

ანთურიუმი

მას მამაკაცის ყვავილსაც უწოდებენ. მოსავლელად საკმაოდ პრეტენზიულია. აუცილებლად დრენაჟი, გარკვეული რაოდენობის წყალი და მუდმივად დატენიანება სჭირდება, რომ არ დაიღუპოს. თუ მოსავლელად დრო არ გაქვთ ან მოთმინება არ გყოფნით, უფრო ნაკლებ პრეტენზიულ მცენარეს გთავაზობთ. ფილოდენდრონს ანთურიუმის მსგავსი ფოთლები და ყვავილები აქვს და ნაკლებად მომთხოვნია.

ბოსტონის გვიმრა

ბოსტონის გვიმრა დიზაინერების ფავორიტი მცენარეა, მაგრამ ახირებულია. მუდმივად ტენიანი მიწა სჭირდება, მაგრამ სველი არ უნდა იყოს. ამ პატარა დეტალის უგულებელყოფით შეიძლება მცენარე დაღუპოთ. მის ნაცვლად შეგიძლიათ დეკორატიული სატაცური (ასპარაგუსი) გაზარდოთ, რომელიც გვიმრას ძალიან ჰგავს და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

კალადიუმი

მცენარეს ულამაზესი ფოთლები აქვს. ამ სილამაზის შენარჩუნება ძალიან რთულია, რადგან მყიფე ღერო და იმდენად ნაზი ფოთლები აქვს, რომ მცირე ზემოქმედებაზეც იხვევა. ძალიან მარტივია, რომ მორწყვაში გადააჭარბოთ. სინგონიუმი უფრო მარტივი მოსავლელია.

კალათეა

ინტერიერის დიზაინერები კალათეას ლამაზი ზოლებიანი ფოთლების და გაჯერებული ფერის გამო ირჩევენ. მისი მოვლა რთული პროცესია. მაღალი ტენიანობა და გამოხდილი წყალი სჭირდება. თუ უფრო ნაკლებად პრეტენზიულ ვარიანტს ეძებთ, ყურადღება აგლაონემაზე გაამახვილეთ, რომელიც კალათეას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

ლირისებრი ფიკუსი

კაუჩუკის ფიკუსისგან განსხვავებით განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რეგულარული მორწყვა და სტაბილური ტემპერატურა სჭირდება. ტენიანობის მცირე ცვლილებასაც ვერ იტანს. სტრელიცია მასსავით მშვენიერი მცენარეა, მაგრამ მარტივად მოსავლელია.

როგორც ხედავთ, მოდური მცენარეები შეგიძლიათ ნაკლებად პრეტენზიული, მაგრამ ლამაზი ყვავილებით ჩაანაცვლოთ. გვიამბეთ, თქვენ რომელ ყვავილს ზრდით სახლში?