Connect with us

ყვავილები

ლაქიანობა ვარდის ფოთლებზე: რა გავაკეთოთ, რომ ყვავილი გამოჯანმრთელდეს

ალბათ, ფოთლებზე ლაქიანობა ვარდის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თუ მოულოდნელად თქვენი ყვავილი დაიფარა ლაქებით, გამოდის, დაავადდა ან ძლიერ სტრესს განიცდის. ამ შემთხვევაში ერთი რამ ნათელია: მცენარე შეუფერებელ პირობებში იზრდება.

გავარკვიოთ, რა გავაკეთოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნება მომავალში. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ ჩნდება ვარდის ფოთლებზე შავი, ყვითელი, ყავისფერი, თეთრი, წითელი და ჟანგისფერი ლაქები. გაიგებთ დაავადების ძირითად მიზეზებს და პრევენციის წესებს.

შავი ლაქა

ივნისის დასაწყისში, განსაკუთრებით წვიმიან და ცივ პერიოდში, ვარდის ფოთლებზე მუქი ლაქები ჩნდება. თანდათან შავდება, მთელ ფოთოლზე ვრცელდება. ხშირად მოგრძო ან მომრგვალო ფორმის შეშუპება ჩნდება.

ამ დაავადებას შავი ლაქიანობა ეწოდება. მისი მთავარი გამომწვევია სოკო Marssonina rosae. ცოტა ხანში დაზიანებული ფოთლები ცვივა, ვარდის იმუნიტეტი მცირდება, ყვავილობა წყდება. შავი ლაქიანობის წინააღმდეგ დამუშავდება ხდება სისტემურ–კონტაქტური ფუნგიციდებით და პრერატებით. სეზონზე მაქსიმუმ 3–ჯერ გამოიყენეთ, ერთკვირიანი ინტერვალით.

შავი ლაქიანობის სიმპტომები ცრუ ნაცროვანი სოკოს სიმპტომებს ძალიან ჰგავს. ეს უკანასკნელი მცენარეს აზიანებს არა მხოლოდ შავი, არამედ მოწითალო–ყავისფერი, იისფერი და მეწამული ლაქებით.

ყავისფერი ლაქა

ვარდის ფოთლების ყავისფერი ლაქები ცერკოსპოროზის (ყავისფერი ლაქიანობა) ნიშანია. როგორც წესი, ლაქა შავი კიდეებით შემოსაზღვრულია. ამ სოკოვან დაავადებას იწვევს მაღალი ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა.

მუქი ყავისფერი ლაქები სხვა სოკოვანი დაავადების ნიშანიც არის: ფილოსტიკტოზი, სეპტორიოზი, პესტალოცია. გარეგნულად დაავადებები მსგავსია, ამიტომ დამწყებ მებაღეს თავის მტვრევა უწევს იმის გასარკვევად, რომელი დაავადება დაესხა თავს ვარდს. გირჩევთ, ფუნგიციდები მოიმარაგოთ.

თეთრი ლაქა

ფოთლებზე თეთრი ლაქების გაჩენის გავრცელებული მიზეზია სოკო Sphaerotheca pannosa, რომელიც ნაცროვან სოკოს იწვევს. დაავადება არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ ყლორტებს და კვირტებს აზიანებს. თავიდან ყვავილზე თეთრი ობობისფერი ნადები ჩნდება. მოგვიანებით მოყავისფრო–ნაცრისფერდება. სოკოს სპორები მთელი ზაფხული წარმოიქმნება და ქარით საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდება. დაავადებული ვარდის ფოთლები იხვევა, მცენარე სუსტდება და კვდომის რისკი იზრდება. მსგავსი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს აზოტის სიჭარბე, სინესტე, ნარგავების მჭიდროდ დარგვა, ნიადაგში კალციუმის დეფიციტი.

თუ ფოთლების ზედა მხარეს გამოჩნდა წვრილი თეთრი ჩანაწინწკლი, მიზეზი შეიძლება იყოს ვარდის ჭრიჭინა. ეს პატარა ყვითელი მწერია, რომლის შემჩნევა ადვილია. ჩვეულებრივ, ფოთლის უკანა მხარეს ძარღვების გასწვრივ იმალება. თუ მცენარეს ოდნავ შეანჟღრევთ, ჭრიჭინა ახტება და გაფრინდება. მავნებელი არა მხოლოდ ფოთლების რბილობს ჭამს, არამედ მთელ წვენს წოვს. ჩვეულებრივ, ძალიან ცხელ ან მშრალ ამინდში ჩნდება. მისი მოშორება სისტემური ინსექტიციდებით შეგიძლიათ.

ყვითელი ლაქა

ფოთლების გაყვითლებას კალციუმის ან რკინის დეფიციტი იწვევს. ამავდროულად, ძარღვები თითქმის ყოველთვის მწვანე რჩება. დროთა განმავლობაში დაზიანებული ფოთლები მოწითალო–იისფერი ხდება. ზემოთ ნახსენები ელემენტები ტორფიან ან ქვიშიან მიწაში მზარდ მცენარეებს ყველაზე მეტად აკლია.

ასეთი ვარდის გადასარჩენად საჭიროა გამოკვებოთ კალიუმის სასუქით (მაგალითად, კალიმაგნეზიით ან კალიუმის სულფატით), 1 ს/კ 10 ლ წყალზე პროპორციით. ფოთლოვანი კვება სეზონზე 2-3–ჯერ ჩაატარეთ. რკინის შემცველი პრეპარატები ან კომპლექსური სასუქი იმავე სქემით მიაწოდეთ: 1 ს/კ 10 ლ წყალზე.

ფოთლების ყვითელი შეფერილობა მწვანე წინწკლებით მოზაიკის ვირუსის ნიშანია. ამ დაავადების შედეგად ფოთლები ნაადრევად ცვივა, ხოლო ყლორტების რაოდენობა მცირდება. სამწუხაროდ, ასეთი მცენარის გადარჩენა უკვე შეუძლებელია. დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით: ნერგები კარგად შეარჩიეთ, ხოლო მყნობის და გასხვლისას ხელსაწყოები კალიუმის პერმანგანატის ხსნარით გაწმინდეთ.

წითელი ლაქა

„გარუჯულ“ მცენარეებში ალუბლისფერი ან შინდისფერი ფოთლები ხშირად ჩნდება. თითქმის არცერთი ჯიშის ვარდს კაშკაშა სინათლე არ უყვარს. მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ფოთლებზე წითელი ლაქები, დამწვრობა ჩნდება. ყვავილს ხელოვნური ჩრდილი ან სხვა ადგილას გადარგვა სჭირდება.

წითელი ლაქა მაგნიუმის, ფოსფორის და აზოტის დეფიციტის დროსაც ჩნდება. მაგნიუმის შესავსებად ნიადაგს დაუმატეთ ნაცარი ან მაგნიუმის სულფატი. ფოსფორის დეფიციტისას სუპერფოსფატით გამოკვებეთ (1 ს/კ 10 ლ წყალზე). აზოტის დეფიციტისას აზოტის შემცველი სასუქით დანამვა დაგეხმარებათ.

ჟანგისფერი ლაქა

ფოთლებზე ჟანგისფერი ლაქის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის სოკოვანი დაავადება, ჟანგოვანა. გაზაფხულის ბოლოს ფოთლების ქვედა მხარეს ყვითელი ხორკლები ჩნდება. ეს სპორების შეგროვების ადგილია. ცოტა ხანში დაზიანებული ფოთლები ნარინჯისფერდება და ცვივა. ზაფხულში და სექტემბრის დაწყებამდე მცენარეზე უფრო მუქი, ჟანგისფერი ლაქები შეიძლება გამოჩნდეს. ამ დაავადების განვითარებას მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს. მშრალი ამინდი სოკოვანი სპორების გავრცელებას აფერხებს.

როგორ ვუმკურნალოთ ვარდს სოკოვანი დაავადებების დროს

ყველა ღერო და ფოთოლი (თუნდაც დაცვენილი) ლაქებით მოაშორეთ და დაწვით. სასურველია, რომ ყლორტები ძირიდან კვირტების მე–3 დონეზე გადაჭრათ. მორიგეობით (ინტერვალი – 1 კვირა) ბუჩქები დაამუშავეთ პრეპარატებით პენკონაზოლით ან დიფენოკონაზოლით. ამ საშუალებების გამოყენება კარგია ადრე გაზაფხულზე სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვის.

ბუჩქები მხოლოდ საღამოს დაამუშავეთ. დეზინფექციამდე მცენარე ფესვებთან მორწყეთ. მაშინაც კი, როცა ფოთლებზე ლაქები გაქრება, მცენარეების დათვალიერება გააგრძელეთ, რადგან სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს.

ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ვარდის მკურნალობა უშედეგოა. უბრალოდ ამოთხარეთ და დაწვით, რომ ინფექცია ჯანსაღ მცენარეებზე არ გავრცელდეს. პრევენციისთვის მიწა მოჭრილი ბალახის მულჩით დაფარეთ, მანამდე ყოველი ყვავილობის წინ სუპერფოსფატის და კალიუმის ხსნარებით გამოკვებეთ. გაზაფხულის დასაწყისში ბუჩქები და მის ქვეშ მიწა 3%–იანი რკინის სულფატის ხსნარით დანამეთ. საპონი–სპილენძის ხსნარიც კარგია. 20 გ სპილენძის სულფატი, 200 გ საპონი და 10 ლ წყალი აურიეთ.

ბუჩქების გათხელება, რეგულარული გასხვლა, ხმელი და ძველი ყლორტების დროული მოშორება არ დაგავიწყდეთ. ყვავილებზე სწორად იზრუნეთ. ასე საყვარელი ვარდის ფოთლების შეფერილობა არ შეიცვლება და უხვად აყვავილდება.

Advertisement