Connect with us

ყვავილები

კაშკაშა ოთახის მცენარეები მთელი წელი ახალი ყვავილებით გაგახარებთ. 10 სახეობა

ოთახის მცენარე ინტერიერის უბრალო დეკორი არაა. მას ზრუნვა, მორწყვა, გამოკვება, გასხვლა, მკურნალობა სჭირდება. თითქმის ოჯახის წევრია. ზოგიერთი ოთახის მცენარე მთელი წელი ლამაზი ყვავილებით გვახარებს.

მათი დახმარებით სახლი უფრო მიმზიდველია. ყვავილებით ინტერიერი შეგიძლიათ გააფორმოთ, აქცენტები შექმნათ. ყვავილები ნებისმიერ სეზონზე კარგი იდეაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ოთახის მცენარეები ყვავის თითქმის მთელი წელი.

ანთურიუმი

ტროპიკული მცენარე სამ თვეში ერთხელ ყვავილობს. მთავარია, რომ სპეციალური პირობები შეუქმნათ. მაღალი ტენიანობა მოსწონს. გულის ფორმის დიდი და ფართო ფოთლები და ყვავილები ოთახს ამშვენებს.

რძიანა მილი

ამ სუკულენტს სითბო უყვარს, ამიტომ სამხრეთ მხარეს მოათავსეთ. ღია ვარდისფერი ყვავილები აქვს. მთელი წელი ყვავილობს. მარტივი მოსავლელია. მთავარია, რომ ყოველ სეზონზე გადაჭრათ.

ბუგენვილია

მზე ძალიან უყვარს. მზიანი ფანჯრის რაფა შეურჩიეთ, ზოგჯერ ქოთანი შეატრიალეთ. ნაზი ყვავილები აქვს და მთელი წელი ყვავილობს. სხვადასხვა სახეობა არსებობს. ნარინჯისფერი, იისფერი, წითელი ან ვარდისფერი ყვავილი შეიძლება ჰქონდეს.

ბრომელია

ამ ყვავილს გრძელი მწვანე ფოთლები აქვს, რომელსაც კაშკაშა წითელი ყვავილები იდეალურად ავსებს. ყურადღებას იქცევს, ამიტომ სახლში საპატიო ადგილს იმსახურებს.

პახისტახისი

ყვავილობის პერიოდში უჩვეულოდ ლამაზია. წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი თანაყვავილებიდან ღია თეთრი ყვავილის ფურცლები იყურება. მთელი წელი შეუძლია იყვავილოს, განსაკუთრებით კარგი პერიოდია აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე.

მომცრო ესხინანტუსი

ეფექტური ოთახის მცენარე ყვავილობისას სახლს სასიამოვნო ნაზი არომატით ავსებს. მუქი მწვანე ფოთლები ალის მსგავსი ყვავილების ლამაზი ფონია.

კალანჰოე

ინტერიერის დასამშვენებლად ერთი ან რამდენიმე კალანჰოეს ქოთანი გამოიყენეთ. ყვავილობისას დიდ თაიგულს ჰგავს. მისი ბევრი სახეობა არსებობს, შესაბამისად ყვავილების ფერიც განსხვავდება.

სპატიფილუმი

ამ ნაზ და ლამაზ ოთახის მცენარეს მაღალი ტენიანობა და სითბო უყვარს. სხვა მხრივ უპრეტენზიოა. თეთრი ან ღია მწვანე ყვავილები შეიძლება ჰქონდეს.

ბეგონია

ამ პოპულარულ მცენარეს ბევრ სახლში შეხვდებით. იისფერი, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი ბეგონია ინტერიერს ალამაზებს და აქცენტს ქმნის.

რუელია

მცენარე ლამაზი პატარა ყვავილებით ნამდვილი სანახაობაა. მთელი წელი ყვავილობს, მაგრამ თითოეული ყვავილი მხოლოდ 1 დღე ძლებს. ბუჩქის ან ვაზის ფორმა მიეცით, რომ მისი სილამაზით ისიამოვნოთ.

გახსოვდეთ, რომ ზემოთ მოცემული ოთახის მცენარეებიც ყვავილობის პერიოდებს შორის ისვენებენ. მცენარეს ძალების აღდგენა სჭირდება, რომ ისევ აყვავილდეს. მათზე სწორად იზრუნეთ, რომ დიდებულად გამოიყურებოდეს.

Advertisement