ჯანმრთელობა
იცოდით, რომ მდუღარე ჩაის დალევა სერიოზული ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის?
თვითონ ჩაი შესანიშნავი სასმელია, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის ტონუსში მოყვანა, გაწმენდა და განკურნებაც კი, ცალკეულ შემთხვევებში. თუმცა, სანამ მას დალევდეთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება სასმლის ტემპერატურას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მდუღარის მოყვარული ხართ ან ასე ყელის გათბობას ცდილობთ.
ამერიკული ონკოლოგიური გაერთიანების სპეციალისტებმა შეისწავლეს ირანის 50 000, 40-75 წლის ასაკის მოქალაქის მონაცემები, მდუღარე ჩაის საყლაპავ მილზე ზემოქმედების მხრივ. მათ დაასკვნეს, რომ საყლაპავი მილის კიბოს რისკი 90%-ით იზრდება, თუ დღეში ორ დიდ ფინჯან (700მლ) სასმელს იღებთ, რომლის ტემპერატურაც 60 გრადუსი და მეტია.
თუ ჩაის რძეს დაუმატებთ ან ოდნავ შეგრილებას აცდით, ონკოდაავადების ალბათობა საგრძნობლად იკლებს. ეს დასკვნა მხოლოდ ჩაის ეხება თუ ნებისმიერ სასმელს – კვლევაში დაზუსტებული არაა. თუმცა, სამხრეთი ამერიკის, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ რეგიონებში, მოსახლეობა უფრო ცხელ სასმელებსაც იღებს.
საყლაპავი მილის კიბო – ესაა საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ ნაწილის ონკოდაავადება, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აკავშირებს. სწორედ ამ ორგანოს აზიანებს კიბო ყველაზე ხშირად. ძირითადი სიმპტომებია საკვების ყლაპვის სირთულე და წონაში უჩვეულო კლება.
თუ გსურთ საყლაპავი მილის დაცვა ამ ვერაგი დაავადებისგან, გირჩევთ, ჩაის აცადოთ გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ.
რამდენადაც წყალი სასმლის მნიშვნელოვანი კომპონენტია, აუცილებელია გაცხელების ტემპერატურისთვის ყურადღების მიქცევა: თეთრი და მწვანე ჩაისთვის ესაა 75-85, ხოლო შავი და ბალახის ჩაებისთვის – 97-100 გრადუსი.