Connect with us

თავის მოვლა

იყო ლამაზი ძვირი არაა: ღამის ნატურალური კრემის 3 შინაურული რეცეპტი

ყოველდღე ჩვენი კანი სტრესის, თავისუფალი რადიკალების, გარემოს ბინძური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა. შედეგად, დროთა განმავლობაში კანი ელასტიურობას და სიმკვრივეს კარგავს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ იზრუნოთ კანზე ამ სიტუაციაში და შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა.

სილამაზე ძვირი არ ღირს

ღამე იდეალური დროა ორგანიზმის აღსადგენად, განსაკუთრებით კანისთვის. კვლევამ დაადგინა, რომ ღამით უჯრედები 8-ჯერ უფრო სწრაფად განახლდება. სწორედ ამიტომ, ღამე სახეზე კრემის წასასმელად იდეალური დროა. ღამით სხეულის ტემპერატურის ზრდა შრატებს, კრემებს და ნიღბებს კანის ღრმა ფენებში შეღწევის და კანში სრულად შეწოვის საშუალებას აძლევს.

კოსმეტიკური პროცედურები ბევრად ეფექტურია, როცა სხეული და ტვინი მოდუნებულია. სწორედ ამიტომ, სპა ცენტრის მშვიდი ატმოსფერო ჩვენს კანზე სასწაულს ახდენს. თუმცა ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ კანის გასანებივრებლად სალონებს ხშირად ესტუმროს.

ღამე საუკეთესო ვარიანტია. სწორედ ამიტომ, კანის აღსადგენად შინაურული ღამის კრემების მომზადებას გირჩევთ. ღამე ის დროა, როცა გონება საოცრებათა ქვეყანაში ხეტიალობს!

სახის ღამის კრემი თეთრი/მწვანე ჩაის ბაზაზე

სასარგებლო თვისებები

მწვანე და თეთრი ჩაი ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვიან. სწორედ თავისუფალი რადიკალები არღვევენ უჯრედების მთლიანობას, რაც ბევრი დაავადების და ნაადრევი სიბერის მიზეზია. ანტიოქსიდანტები კანის სიმსივნეს აფერხებენ, სიმსივნის გამომწვევ ფერმენტებს ბლოკავენ, კანის უჯრედებს განახლებაში ეხმარებიან, ასევე ფსორიაზის და როზაცეას მკურნალობას ხელს უწყობენ.

აკნეს ან კანის ზედაპირზე ჰორმონების ჭარბი ზემოქმედების შედეგად გამონაყარის შემთხვევაში კატეხინები ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით სამკურნალო ზემოქმედებას ახდენენ.

მომზადება:

  1. 70 გრ სუფთა ფუტკრის ცვილი, 25 გრ ნუშის ზეთი, 25 გრ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ ასკილის ზეთი ორთქლზე აურიეთ.
  2. მწვანე ან თეთრი ჩაი 1 ჭიქა ცხელ წყალში მოადუღეთ. დააყენეთ, შემდეგ ზეთოვან–ცვილის ნარევს დაუმატეთ.
  3. ნარევი გადაწურეთ. სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ.

შენახვა:

  • მინის ქილაში ბნელ ადგილას შეინახეთ. მაცივარში არ შეინახოთ, რადგან კრემი გაქვავდება.
  • კრემს ზეთების შემცველობის წყალობით შენახვის დიდი ვადა აქვს.
  • ყოველდღიური გამოყენებისას 1 თვე გეყოფათ ან უფრო დიდხანს.

გამოყენება:

  1. სუფთა და მშრალ კანზე ცოტა კანი მსუბუქი წრიული, მასაჟური მოძრაობით წაისვით, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება.
  2. ეფექტის შესანარჩუნებლად დილით გრილი წყლით დაიბანეთ ან ნაზი გამწმენდი საშუალება გამოიყენეთ.

სახის ღამის კრემი ვაშლით

სასარგებლო თვისებები

ვაშლი მდიდარია A, B, C ვიტამინებით, ბეტა კაროტინებით. მასში შედის ვაშლის მჟავა, რომელიც კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ახალგაზრდობას და ბზინვარებას უბრუნებს.

ვარდის წყალი აკნეს დროს კანს ამშვიდებს, PH ბალანსს ხელს უწყობს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, აღდგენის პროცესებს ააქტიურებს, სიბერის პირველ ნიშნებს ეფექტურად ებრძვის. გარდა ამისა, საოცარი და შეუდარებელი არომატით დატკბებით.

მომზადება:

  1. ვაშლი შუაზე გაჭერით, ნახევარი ვაშლი თესლისგან გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.
  2. დაჭრილი ვაშლი და 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძნის კურკის, ვარდის ან ნუშის ზეთი.
  3. მიღებული ნარევი ორთქლის აბანოზე გააცხელეთ, აურიეთ. შემდეგ ნარევი გააგრილეთ.
  4. 2 ჩ/კ ვარდის წყალი დაუმატეთ.
  5. თუ აკნე გაქვთ, თაფლი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი ან კურკუმა დაუმატეთ. ამ ინგრედიენტებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ, აკნეს ამცირებენ.
  6. კრემისთვის სჯობს მწვანე ვაშლი გამოიყენოთ, რადგან მასში მეტი ვაშლის მჟავა შედის.

შენახვა:

  • კრემი სტერილურ მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
  • ეს რაოდენობა ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში 1 კვირა გეყოფათ.

გამოყენება:

  1. ნარევი სუფთა და მშრალ სახის კანზე წაისვით.
  2. დაწოლა არ იჩქაროთ, რადგან კრემის ნაწილები შეიძლება თქვენს ბალიშზე გადავიდეს.
  3. კანს გაშრობა აცადეთ. ამისთვის 10 წუთი დაგჭირდებათ.
  4. დილით გრილი წყლით ან ნაზი დასაბანი საშუალებით დაიბანეთ.

სახის ღამის კრემი ზეითუნის ზეთით

სასარგებლო თვისებები

ზეითუნის ზეთი თავისი უნიკალური თვისებების წყალობით კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება და ბევრი სახის კრემის შემადგენლობაში შედის. ის სახის ფერს აუმჯობესებს და კანის პიგმენტაციას აქრობს. ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი ეფექტი აქვს. შესანიშნავი დამატენიანებელი და ანტიასაკობრივი საშუალებაა.

მომზადება:

  1. ¼ ჭიქა არარაფინირებული, ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (კლასი „ექსტრა“), 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი და 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი აურიეთ.
  2. ნარევი ორთქლზე შეათბეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ გადნება.ზოგჯერ აურიეთ.
  3. ნარევი გააგრილეთ, შემდეგ კრემის მსგავსი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  4. ამ ნარევს შეგიძლიათ E ვიტამინის რამდენიმე კაფსულა დაუმატოთ.
  5. არომატისთვის თქვენი საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ილანგ–ილანგის, ლავანდის, ლიმონის, ჩაის ხის და მირას ეთერზეთები.

შენახვა:

სტერილურ ჭურჭელში მშრალ ადგილას შეინახეთ.

გამოყენება:

  1. კრემის გამოყენების წინ სახე გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ.
  2. სახეზე წრიული, მასაჟური მოძრაობით წაისვით.
  3. დილით ნაზი დასაბანი საშუალება გამოიყენეთ.

კრემი კარგია მათთვის, ვისაც მშრალი კანი აქვს. ცხიმიან კანზე ფრთხილად გამოიყენეთ.

სახლის პირობებში მომზადებული ნატურალური პროდუქტები კანზე ნაზად ზრუნავს, სიმკვრივის, ელასტიურობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სცადეთ! მათი მომზადება რთული არაა, თან სასარგებლოა!