თავის მოვლა
იაფი სააფთიაქო საშუალებები, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკას ჩაგინაცვლებთ
დღეს კოსმეტიკის ბაზარი კანისა და თმის მოსავლელად, ახალგაზრდობის და ბზინვარების დასაბრუნებლად ბევრ ძვირადღირებულ საშუალებას და სილამაზის პროცედურას გვთავაზობს. ზოგიერთი ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, როცა იაფი სააფთიაქო საშუალებები არსებობს, რომლებიც მსგავსს ეფექტს იძლევა!
თუ ფიქრობთ, რომ ძვირი კარგს ნიშნავს, ხოლო იაფი ცუდს, ცდებით. ხშირად ბრენდული პროდუქტის ფასს რეკლამის და გაზრდილი მოთხოვნის ფასიც ემატება. ზოგიერთი სააფთიაქო საშუალება თეთრები ღირს და ძვირადღირებული კოსმეტიკის ალტერნატივას წარმოადგენს. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 11 ასეთ საშუალებას, რომელიც სახლის აფთიაქში უნდა გქონდეთ.
წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი ანტისეპტიკური საშუალებაა. მას ბევრ ხალხურ რეცეპტში შეხვდებით. წყალბადის ზეჟანგის და წყლის თანაბარი პროპორციით არევისას ლოსიონს მიიღებთ, რომლითაც კანის გაწმენდა და სახის ფერის გათანაბრება შეგიძლიათ. კანზე ანთებით პროცესებსაც ამცირებს. წყალბადის ზეჟანგი უსიამოვნო სუნისგანაც დაგიცავთ, თუმცა ოფლიანობას არ ამცირებს. დეოდორანტის ნაცვლად ან მასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ბადიაგი
ბადიაგის ნიღაბი დაგეხმარებათ, რომ წვრილი ნაოჭები მოიშოროთ და მსხვილი გაასწოროთ, კანი დაჭიმოთ და აიქერცლოთ. ნიღბის მისაღებად 1 ჭიქა წყალი, 2 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 პაკეტი ბადიაგი აურიეთ. სახეზე 5 წუთით წაისვით და წყლით ჩამოიბანეთ.
გულყვითელას სპირტიანი ნაყენი
აკნეს დროს შეუცვლელია. ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით კანს სწრაფად წმენდს. პრობლემური ადგილები დღეში 3–4–ჯერ გულყვითელას სპირტიანი ნაყენით დაიმუშავეთ.
სალიცილის მალამო
სებორეას სამკურნალოდ გამოგადგებათ. კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და უფრო სუფთას და მოვლილს ხდის.
თუთიის მალამო
პრობლემური კანის სამკურნალო ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები ხშირად თუთიას შეიცავს. თუთიის მალამოს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
ინგლისური მარილი
თუ სხეულზე კანის პრობლემები და ფსორიაზი გაწუხებთ, ინგლისური მარილის აბაზანა დაგეხმარებათ. თვეში ერთხელ ასეთი აბაზანა საკმარისია.
კოსმეტიკური თიხა
კოსმეტიკური თიხა სხვადასხვა სახეობის არსებობს. როგორც ნიღაბი სახეზე ან მთელ სხეულზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გამონაყარს აშრობს, მკვდარ უჯრედებს აშორებს და კანის ფერს ათანაბრებს. თიხის ფერი კანის ტიპის მიხედვით აირჩიეთ.
პასტა „სულსენა“
პასტაში შემავალი გოგირდი თმას შიგნიდან აძლიერებს და თავის კანზე დადებით გავლენას ახდენს.
ხსნარი „რომაზულანი“
ხსნარი გვირილაზეა დაფუძნებული და ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მთელ სხეულზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის ცოტა ხსნარი შამპუნს, შხაპგელს ან სახის ნიღაბს (1 კოვზი) დაუმატეთ. ცხიმიანი კანისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.
აბუსალათინის ზეთი
თმის ზრდას აჩქარებს. შეგიძლიათ წარბების და წამწამების გასაზრდელადაც გამოიყენოთ. მთელი ღამე გაიჩერეთ იმ ადგილებში, სადაც თმის ზრდის სტიმულირება გსურთ.
კალციუმის ქლორიდი
სურვილის შემთხვევაში ძვირადღირებული ჰოლივუდურული პილინგი სახლის პირობებში თეთრებად შეგიძლიათ გაიკეთოთ. სახის კანი გაიწმინდეთ, 1 ამპულა ხელისგულზე დაისხით და შემდეგ სახეზე გადაინაწილეთ. გაშრობის შემდეგ მეორე ფენა წაუსვით. პროცესი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ხელები გაისაპნეთ და სახეზე შეიზილეთ. საპონი და კალციუმის ქლორიდი ერთმანეთთან რეაქციაში შევა და სქელ მასას მიიღებთ. თქვენი კანი იდეალურად გასუფთავდება. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
როგორც ხედავთ, აუცილებელი არაა მთელი ხელფასი კოსმეტიკურ საშუალებებში დახარჯოთ. პატარა ხრიკებით სასურველ შედეგს იაფი სააფთიაქო საშუალებებითაც მიიღებთ.