Connect with us

ჯანმრთელობა

თუ ბაქტერიები და ვირუსები გიტევთ, ცერეცო დაგეხმარებათ: 15 სამკურნალო თვისება და მისი უკუჩვენებები

ბოლო დროს ბალახების ჩაი სულ უფრო პოპულარული ხდება. სურნელოვანი არომატის და მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისების გამო წლის ნებისმიერ დროს ჩვენი საყვარელი სასმელია. ასეთი უსაფრთხოა მცენარეული ჩაი? Alltime.ge–ს რედაქცია ამის გარკვევას ცერეცოს ჩაის მაგალითზე ეცდება. გიამბობთ, თუ რა სარგებელი და უკუჩვვენებები აქვს მის გამოყენებას ჯანმრთელობისთვის.

ცერეცო და მისი ბუნებრივი ძალა

ცერეცოს, იგივე დიდ კამას მედიცინასა და კულინარიაში ჯერ კიდევ ძველი ბერძნების დროიდან იყენებენ. თუ საჭმლის მონელების პრობლემები, მუდმივი მეტეორიზმი, ქოშინი და შებერილობა გაწუხებთ, სადილის შემდეგ 1 ფინჯანი ცერეცოს ჩაი თქვენთვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება გახდება. დიდი კამა პირის ღრუს უსიამოვნო სუნსაც აქრობს და პირის ღრუში ანტიმიკრობულ მოქმედებას ახდენს. გარეგნულად, ჩვენთვის კარგად ცნობილ კამას ჰგავს, მაგრამ სხვა მცენარეა.

არსებული წყაროებიდან ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში დიდი კამის ჩაის გველის და მწერების კბენის დროს იყენებდნენ. ცერეცოს გამოყენება ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის და რომის დროიდან მოდის, სადაც რიტუალების და დღესასწაულების დროს დედა ბუნების სიმბოლოდ იყენებდნენ. ბერძენი ექიმები ამ ჩაის მეძუძურ ქალებს რძის სტიმულირებისთვის უნიშნავდნენ.

ცერეცოს ჩაი: ექსპერტების მოსაზრება

ცერეცოს ჩაი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც საჭმლის მონელების პრობლემების დროს უნდა გქონდეთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზოგ ადამიანს მასზე ალერგია აქვს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბევრი სხვა ვარიანტიც არსებობს, რომლებიც დადებით შედეგს იძლევიან.

ექსპერტები გირჩევენ „სუნის ტესტის“ გამოყენებას: თუ ჩაის თქვენთვის სასიამოვნო არომატი აქვს, გამოდის, ორგანიზმი ნიშანს გაძლევთ, რომ მისი დალევა და დატკბობა შეგიძლიათ. თუ ცხვირი ამბობს „არას“, შინაგან ხმას მოუსმინეთ.

ცერეცოს ჩაის სასარგებლო თვისებები

1. გულძმარვას აქრობს

დიდი კამის ჩაის გულძმარვის დროს ხშირად იყენებენ. 1 ფინჯანი ჩაის დალევა ან თესლის დაღეჭვა ტკივილს და გულძმარვას აქრობს. ბევრი აღნიშნავს, რომ ანტაციდურ საშუალებებზე (მჟავების გამანეიტრალებელი) ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე (მარილმჟავას შემამცირებელი) უარი თქვეს და მარტივი ცერეცოს ჩაით ჩაანაცვლეს.

2. ქალის ჯანმრთელობას აუმჯობესებს

მცენარის ეთერზეთებს ესტროგენის მსგავსი თვისება აქვს, ამიტომ ჩინურ მედიცინაში ენდოკრინული დარღვევის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. ცერეცოს ლიბიდოს გასაზრდელად და ძუძუს რძის სტიმულირებისთვის იყენებენ. ზოგჯერ ამენორეის დროსაც გამოიყენება.

3. საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

ცერეცო კარგი სპაზმოლიტური საშუალებაა. საჭმლის მომნელებელ სისტემაში სპაზმებს აქრობს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს კურნავს. სლოკინსაც აქრობს. მისი არომატული და აირების გამომდევნი თვისება გამოიყენება მეტეორიზმის, დიარეის, ღებინების, კუჭის სპაზმის სამკურნალოდ, რომლებიც ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებია.

4. პარაზიტებს ანადგურებს

ცერეცოს ჩაი კუჭის მჟავიანობას ამცირებს და ნაწლავებს ჭიებისა და პათოგენებისგან წმენდს.

5. კოლიკს აქრობს

ასეთი ჩაი ნაწლავებს ადუნებს და პატარა ბავშვებს კოლიკის დროს ეხმარება.

6. სისხლს წმენდს

ცერეცოს ფოთლების ჩაი შარდის გამოყოფას ზრდის, ღვიძლს ალკოჰოლური ინტოქსიკაციისგან იცავს და ყვითელას დროს გამოიყენება. ასევე თირკმლების მუშაობას აუმჯობესებს და თირკმლებში კენჭების გაჩენას აფერხებს.

7. ცხიმს წვავს

დიდი კამის ჩაი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის და ამით წონას ამცირებს. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ცხიმის წვის სიჩქარეს ზრდის, ცელულიტს ამცირებს და მადას არეგულირებს.

8. ართრიტის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს

ამ სასარგებლო ჩაის მიღებით ორგანიზმს გაწმენდთ და სახსრების და ქსოვილების მდგომარეობას გააუმჯობესებთ, ამით ართრიტულ და პოდაგრულ ტკივილს შეამსუბუქებთ.

9. ორგანიზმის დამცავ ძალებს ზრდის

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ბაქტერიებთან და ვირუსებთან საბრძოლველად ძლიერი იმუნური სისტემა უნდა გქონდეთ. ცერეცოს ჩაი სურდოს პრევენციისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ჯადოსნური ჩაი ცხელების დროს დაგეხმარებათ, ყელის ტკივილს შეამცირებს და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, კერძოდ, ასთმას, ბრონქიტს, ხველას განკურნავს. სისველეს ეფექტურად ათხელებს და აქრობს.

10. თვალის ჯანმრთელობას მხარს უჭერს

ზოგჯერ, როცა ღამით ცუდად გვძინავს, დილით შესიებული თვალებით და ანთებით ვიღვიძებთ. ფინჯანი ცერეცოს ჩაი მოადუღეთ, ბამბის დისკები მასში დაასველეთ და 10 წუთით ქუთუთოებზე დაიდეთ. ასე შეშუპებას და კონიუნქტივიტის გამომწვევ ინფექციებს მოიშორებთ.

11. ჰორმონალურ ბალანსს მხარს უჭერს

ჯანმრთელი ღვიძლი ჰორმონების ბალანსის გარანტიაა. თავის მხრივ, ჰორმონები აქრობენ მთელ რიგ სიმპტომებს, რომლებიც ჩვენზე ყოველდღიურად გავლენას ახდენენ.

12. გულს აძლიერებს

ცერეცოს ჩაი ვიტამინების და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც გულის ჯანმრთელობას მხარს უჭერენ. ანტიოქსიდანტები და ვიტამინები, ასევე მისი გამწმენდი თვისებები ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და შესაბამისად, ჰიპერტონიის განვითარების რისკს ამცირებენ.

13. რესპირატორულ დაავადებებს კურნავს

ამ მცენარის ჩაის მიღებას ხშირად გვირჩევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების (სურდო, ასთმა) სამკურნალოდ, რაც მისი ანტიმიკრობული თვისებებით არის განპირობებული. ცერეცო შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგინის და მაღალი არტერიული წნევის დროს.

14. ღრძილებს იცავს

ცერეცოს ნახარშით პირის ღრუს გამოვლება ღრძილების ანთებას ამცირებს და პირის ღრუს უსიამოვნო სუნს აქრობს. ამას ანტიბაქტერიული თვისებები განაპირობებს.

15. დილის სისუსტის დროს გვეხმარება

ცერეცოს ჩაი დედებს დილის სისუსტის, ძუძუს თავების ანთების და მათი ინფიცირების დროს ეხმარება. ამისთვის, სუფთა ბამბის ჩვარი ცერეცოს ჩაიში დაასველეთ და ანთებითი უბნები დაიმუშავეთ. სანამ ცერეცოს ჩაის გამოიყენებთ, მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ექიმის თანხმობის შემთხვევაში მეძუძურ დედებს შეუძლიათ ცერეცოს ჩაი რძის მოსამატებლად დალიონ, თუმცა ამისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო. დღეში მაქსიმუმ 2-4 ფინჯანი ჩაი დალიეთ.

როგორ მოვადუღოთ ჩაი ცერეცოს თესლით

  • 1 ჩ/კ ცერეცოს თესლი დანაყეთ. ასე ეთერზეთებს და მისთვის დამახასიათებელ სუნს გაათავისუფლებთ.
  • დაქუცმაცებული თესლი ჩაის საწურში ჩაყარეთ და 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით.
  • 7-10 წუთით დააყენეთ. საწური ამოიღეთ და კიდევ ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.

როგორ მოვადუღოთ ჩაი ცერეცოს ახალი ფოთლებით

  • ცერეცოს მწვანილი კარგად გარეცხეთ.
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ.
  • ფოთლები მოაშორეთ და კიდევ ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.

როგორ მოვადუღოთ ჩაი ცერეცოს ბოლქვებით

  • ცერეცოს ბოლქვები კარგად გარეცხეთ.
  • პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჩაის საწურში მოათავსეთ.
  • ცხელი წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ.
  • საწური ამოიღეთ და ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.

არომატული და სამკურნალო ჩაი მზადაა!

ცერეცოს თესლის ჩაის გვერდითი ეფექტები

ალერგია. თუ სტაფილოზე ან ნიახურზე ალერგია გაქვთ, გახსოვდეთ, რომ ცერეცო იმავე ოჯახს მიეკუთვნება და შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. მისი სიმპტომები: ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, კანის შეშუპება. ამ სიმპტომების გამოვლენისას ცერეცოს ჩაის დალევა შეწყვიტეთ და მკურნალ ექიმს მიმართეთ.

მედიკამენტებთან რეაქცია. თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ, მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რადგან ცერეცოს ჩაი შეიძლება მედიკამენტებთან რეაქციაში შევიდეს და მისი მოქმედება გააძლიეროს. თრომბების წარმოქმნისკენ მიდრეკილების დროს ეს ჩაი ზომიერად დალიეთ.

ონკოლოგიური პაციენტები. მათთვის ამ ჩაის მიღება რეკომენდებული არაა. ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნის დროს ცერეცოს ჩაის მიღება შეწყვიტეთ. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ კუჭის სპაზმის და ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს ღებინებისას შეიძლება სასარგებლო იყოს.

ორსულობა. ორსულობის დროს ცერეცოს გამოყენება სასურველი არაა, რადგან შეიძლება ტოქსიკური იყოს, პლაცენტაში მოხვდეს, ნაყოფის ენდოკრინული სისტემის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს.

როგორც უკვე გავიგეთ, ცერეცო არა მხოლოდ ღირებული საკვები, არამედ სამკურნალო მცენარეა. მას, როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო მცნარეს, როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე უკუჩვენებები აქვს. სწორედ ამიტომ, გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.