Connect with us

საკითხავი

თეთრეულს სახამებლით პირდაპირ სარეცხ მანქანაში ვახამებ

ბევრი დიასახლისი გარეცხილ ნივთებს დამატებით სახამებლის წყალში ავლებს, რომ უფრო მტკიცე გახდეს და ფორმა უკეთ შეინარჩუნოს. ასე ქსოვილი სწრაფად არ დაისვრება და დიდხანს ახალივით დარჩება. სახამებლის წყალი ქსოვილზე დამცავ ფირს წარმოქმნის, რომელიც ჭუჭყს ქსოვილში შეღწევის საშუალებას არ აძლევს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაახამოთ ტანსაცმელი და რომელ ქსოვილზე შეიძლება მისი გამოყენება.

გთავაზობთ 2 მეთოდს: კლასიკური ხელით რეცხვა და სარეცხ მანქანაში. ხელით გასავლებად ნივთები სპეციალურ ხსნარში უნდა ჩაალბოთ და შემდეგ წყალი გაავლოთ. ამას დრო და ძალა სჭირდება. სარეცხი მანქანით პროცესი მარტივდება და ქვემოთ ამ მეთოდზე უფრო დაწვრილებით გიამბობთ.

რომელი ნივთების გახამება შეიძლება

ადრე ყველა ნივთს სახამებლით ახამებდნენ, რომ უფრო მტკიცე ყოფილიყო და დიდხანს გაეძლო. სახამებლით გახამებას მეორე მხარეც აქვს. მაგალითად, მტკიცე ქსოვილში ჰაერის გამტარობა მცირდება. ეს კი, თეთრეულის და ქვედა საცვლების შემთხვევაში ჰიგიენურად ცუდია.

გირჩევთ, რომ სახამებლის წყალი საყელოს, მანჟეტის და ფურჩელის გასახამებლად გამოიყენოთ. მაგიდის გადასაფარებელი, ნაჭრის სალფეთქი, ავეჯის გადასაფარებელი და ფარდა აუცილებლად უნდა გაახამოთ. გამოცდილი დიასახლისები ასე აკეთებენ.

  • სახამებლის წყალი შეიძლება იყოს რბილი, საშუალო ან უხეში. რბილი ნარევის მოსამზადებლად 1 ლ წყალს 7-9 გრ სახამებელი დაუმატეთ. თავდაპირველად, ცოტა ცივ წყალში გახსენით, შემდეგ მდუღარე წყალი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ წებოს მსგავს მასას არ მიიღებთ. ნარევი გადაწურეთ, რომ სახამებლის გრანულები მოაშოროთ. რბილი სახამებლის წყალი ჩითის, სატინის და ტრიკოტაჟის ქსოვილებისთვის გამოგადგებათ.
  • საშუალო სიმტკიცის სახამებლის წყლის მოსამზადებლად 1 ლ წყალს 9-10 გრ სახამებელი დაუმატეთ. მის მოსამზადებლადაც ჯერ ცოტა ცივ წყალში სახამებელი გახსენით, შემდეგ ცხელი წყალი დაუმატეთ და აურიეთ. გადაწურეთ და ნარევში ნივთები გაავლეთ. სუფრის და ავეჯის გადასაფარებლის გასავლებად გამოგადგებათ.
  • უხეში სახამებლის წყალი საყელოს და ფურჩელის გასახამებლად გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში 1 ლ წყალს 50 გრ სახამებელი უნდა დაუმატოთ. მეტი ეფექტისთვის 15 გრ ბორაკი დაუმატეთ. ნარევი ცხელ წყალში წინასწარ გააზავეთ და გააგრილეთ. ყველა ინგრედიენტის გაერთიანების შემდეგ ხსნარი 2-3 საათით გააჩერეთ. ნივთები 30-40 წუთით ჩაალბეთ, შემდეგ გაწურეთ, ნაკეცები გაასწორეთ და სუფთა ჰაერზე გასაშრობად გაკიდეთ. მცირე ნაკეცები მინიმალურად გაცხელებული უთოთი შეგიძლიათ გაასწოროთ.

ნივთების გახამება სარეცხ მანქანაში

ამ შემთხვევაში პროცესი მარტივდება. როცა ნივთებს გარეცხავთ, გამზადებული სახამებლის წყალი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით და “გავლების” რეჟიმი ჩართეთ. ახლა ნივთები აივანზე გასაშრობად დაკიდეთ.

სახამებლის წყალი ნივთებს უფრო ელეგანტურს ხდის და ნაადრევი ცვეთისგან იცავს. მასზე უარი არ თქვათ, ამასთან დაიმახსოვრეთ, თუ რომელ ქსოვილზე და როგორ გამოიყენოთ.