Connect with us

ჰოროსკოპი

ვიშორებთ წარსულს და ვიწყებთ თავიდან: მთვარის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მთვარე წყლის ელემენტებთან მჭიდრო კავშირშია. ის აკონტროლებს ოკეანეში ტალღებს. ადამიანი დიდწილად წყლისგან შედგება. ეს წყლის კავშირი შეგვიძლია გამოვიყენოთ სახლში, უბრალოდ აბაზანის მიღებით. აბაზანის რიტუალი მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდია, რომ მთვარის ენერგია მიიღოთ და ოცნებები აისრულოთ.

ასე არა მხოლოდ სხეულის, არამედ ენერგეტიკული ველის გაწმენდას შეძლებთ. სარიტუალო აბაზანის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როცა ცოტა მთვარის ენერგიის მიღება გსურთ. თუმცა რიტუალი მთვარის ფაზებთან შეთანხმებით მეტად ეფექტურია.

თუ ემოციურად დათრგუნული ხართ, წარსულისგან ვერ თავისუფლდებით და ეს ცხოვრებაში ხელს გიშლით, სავსემთვარეობისას აბაზანის მიღება დაგეხმარებათ მოიშოროთ ის, რაც აღარ გჭირდებათ. როცა ყველაფრის თავიდან დაწყება გსურთ (სამსახური, ბინა, ურთიერთობა), ეს რიტუალი თქვენს განზრახვას განამტკიცებს.

მთვარის აბაზანა სჯობს ღამით მიიღოთ, როცა მთვარე მთელი თავის ბრწყინვალებით ანათებს. არ ინერვიულოთ, რომ ფანჯრიდან ვერ ხედავთ. თქვენ ხომ ნამდვილად იცით, ის იქაა. მისი არსებობა შეგიძლიათ იგრძნოთ.

ნახეთ, როგორ იცვლება რიტუალი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის.

თითოეულ ნიშანს ოთხიდან ერთ–ერთი სტიქია მართავს: მიწა, ჰაერი, ცეცხლი ან წყალი. და აი, რიტუალი თითოეული ამ ჯგუფისთვის.

მიწა (კურო, ქალწული, თხის რქა)

მიწის ნიშნები ფიზიკურ სამყაროსთან ჰარმონიაში არიან და ეს რიტუალი იძლევა წონასწორობას, რომელიც მათ საკუთარი თავის დაბრუნებაში ეხმარებათ. აბაზანის მიღებისას თვალები დახუჭეთ, წარმოიდგინეთ, რომ დიდებულ ბაღში ხართ. ფეხის თითებით მიწა იგრძენით, წარმოიდგინეთ, რომ ახალი განზრახვის თესლს მიწაში რგავთ. დააკვირდით, როგორ ღვივდება თესლი და ყვავილდება. ამ სივრცეში იმდენხანს დარჩით, რამდენი ხანიც გჭირდება. როცა დაასრულებთ, აბაზანიდან გამოდით, ახალ მიზნებსა და ჩანაფიქრზე დაფიქრდით.

ჰაერი (ტყუპები, სასწორი და მერწყული)

ჰაერის ნიშნები ასოცირდება იდეებთან და ეს რიტუალი მათ მოდუნებას უკავშირდება. საყვარელი მუსიკა ჩართეთ, აბაზანაში ჩაწექით და თითოეული კუნთი მოადუნეთ. წარმოიდგინეთ ფერადი ყვითელი ღრუბელი, რომელიც თბილი ყვითელით გარს გეხვევათ – ეს შთაგონების ფერია, რომელიც ოპტიმიზმით და ახალი იმედით აგავსებთ. ეს ყვითელი ჰაერი ცხვირით შეისუნთქეთ, მთელ სხეულში გაუშვით, შემდეგ პირით ამოისუნთქეთ. აბაზანიდან გამოდით და ჩამოწერეთ იდეები და ასოციაციები, რომლებიც ამ ვარჯიშის დროს თავში დაგებადათ. დაე, ამ ჩანაწერებმა ახალი მიზნების მიღწევა შთაგაგონონ.

წყალი (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

მგრძნობიარე წყლის ნიშნებს საკუთარი ემოციები მართავს. რიტუალის დახმარებით ემოციური ბარგისგან გათავისუფლებას შეძლებენ, რომელსაც ამდენხანს ვერ უშვებდნენ. თბილ წყალს საყვარელი მარილი დაუმატეთ, ის უსიცოცხლო ენერგიას შთანთქავს და მოგადუნებთ. აბაზანაში ჩაწექით და წარმოიდგინეთ, რომ წყალი გწმენდთ და თქვენს ენერგეტიკულ ველს ზედმეტი ემოციებისგან ათავისუფლებს. როცა დაასრულებთ, წარმოიდგინეთ, თუ როგორ ირეცხება უსარგებლო გრძნობები წყალთან ერთად კანალიზაციის მილში. რიტუალი საყვარელი ჩაის დალევით დაასრულეთ.

ცეცხლი (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

ცეცხლის სტიქია ველური და მგზნებარეა. მისი შეკავება რთულია, ამიტომ რიტუალი დაგეხმარებათ თქვენი უმართავი ენერგია სწორ რელსებზე გადაიყვანოთ. სანამ წყალში ჩაიძირებით, თქვენი ჩანაფიქრები ფურცელზე ჩამოწერეთ. მაქსიმალურად კონკრეტული იყავით. ფურცელი თქვენ გვერდით დაიდეთ. აბაზანას საყვარელი მარილი დაუმატეთ, შეგიძლიათ ყვავილის ფურცლებიც ჩაყაროთ. არომატული სანთელი აანთეთ. აბაზანაში მწოლიარემ წარმოიდგინეთ, თუ როგორ აღწევთ სანუკვარ მიზნებს და აკვირდებით, როგორ სრულდება თქვენი ოცნებები. აბაზანის შემდეგ ქაღალდის ფურცელი, სადაც ჩანაფიქრები გიწერიათ, გაკეცეთ, დაწვით და ფერფლი წყალს გააყოლეთ.