Connect with us

ყვავილები

ვიტამინები ფანჯრის რაფაზე ან როგორ გავზარდოთ მიკრომწვანილი სახლში

ბიოდანამატების მიღება არ მსურს, ვიტამინებს პირდაპირ სახლში ვზრდი. შესაშური მოსავალი მაქვს, რადგან მიკრომწვანილი ფანჯრის რაფაზე საფუარივით იზრდება. მიკრომწვანილს გასაზრდელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ყველა სირთულეს და ხრიკს, რაც მიკრომწვანილის ფანჯრის რაფაზე გაზრდას ახლავს.

მიკრომწვანილი ფანჯრის რაფაზე

სეზონური ბოსტნეულის მომწიფებამდე შინაურული მიკრომწვანილით თავს ვიხარებ, მით უფრო ახლა ტრენდშია. 1 პატარა ყლორტი იმდენ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიძლება შეიცავდეს, რამდენსაც მთელი ბოსტნეული. ასეთი სასარგებლო მწვანილი ხშირად საკმაოდ ძვირია. ფული ტყუილად რომ არ დახარჯოთ, სახლში თავად გაზარდეთ.

მიკრომწვანილის გაზრდის 2 ვარიანტია: მიწით ან მის გარეშე. პირველი ვარიანტი ყველასთვის ინტუიციურად გასაგებია, მეორეზე ცოტა შევჩერდები. იდეალური ვარიანტი: მწვანილი სელის ხალიჩაზე გაზარდეთ (ბაღის და ბოსტნის მაღაზიებში იყიდება).

ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ ბამბაზე, ქაღალდის სალფეთქსა და ტუალეტის ქაღალდზეც. გამოცდილებით შემოწმებულია, რომ ყველა სუბსტრატი ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება.

თუ მიკრომწვანილის სამყაროს აღმოჩენას ახლა იწყებთ, მჭიდრო თესლზე არ შეჩერდეთ. აირჩიეთ კომბოსტო, სამყურა, ბოლოკი, იონჯა, წყლის წიწმატი ან თალგამი. სწრაფად ღვივდება და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

ბოსტანში დასათესი თესლი პატარა პაკეტებში მიკრომწვანილის გასაზრდელად არ გამოგადგებათ. ისინი დათესვამდე დამუშავებას და ქიმიით შეწამვლას გადიან. სწორედ ამიტომ, თესლი მხოლოდ ჯანსაღი კვების მაღაზიებში შეიძინეთ.

მიკრომწვანილის გაზრდის თავისებურებები

მსხვილი თესლი დარგვამდე ჩაალბეთ, ხოლო პატარას, როგორიცაა რეჰანი ან მდოგვი, ჩალბობა არ სჭირდება. მაგალითად, იონჯა მთელი ღამით უნდა ჩაალბოთ, შემდეგ წყალი გადაასხათ და საწურზე თესლი კიდევ 2 დღე ბნელ ადგილას დატოვოთ.

კონტეინერში სელის ხალიჩა ან ნებისმიერი სხვა სუბსტრატი ჩააფინეთ. ოდნავ დაასველეთ. ზედაპირზე თესლი გაანაწილეთ, შემდეგ თავსახური ან პარკი დააფარეთ, რომ „სათბურის ეფექტი“ შექმნათ. ჯერ თესლი ბნელ ადგილას (მაგალითად, კარადაში, საწოლის ქვეშ) შეინახეთ. 3-5 დღეში სინათლეზე გამოიტანეთ. მცენარე სათანადოდ მორწყეთ და მოსავლის მომზადებას დაელოდეთ. კიდევ 3-7 დღეში გემრიელ და სასარგებლო მიკრომწვანილს მიიღებთ.

წინასწარ იზრუნეთ, რომ კონტეინერს ან ქოთანს ზედმეტი წყლის სადინრად ძირში რამდენიმე ნახვრეტი ჰქონდეს. აუცილებლობის შემთხვევაში, გახვრიტეთ.

ყველაზე რთული მიკრომწვანილის გაზრდაში: მორწყვა. ჭარბი ან დეფიციტური მორწყვა მოსავლის აღებაში ხელს შეგიშლით. მიკრომწვანილს უხვი მორწყვა არ სჭირდება. დღეში 1–2–ჯერ ყლორტები პულვერიზატორით დანამეთ. ზოგიერთ კულტურას ტენიანობა უფრო უყვარს. მაგალითად, ბარდა და მზესუმზირას წყალს სვამს, ამასთან მზესუმზირას ზედმეტი წყალი არ უნდა დაასხათ, რომ არ დალპეს.

ნებისმიერი სახეობის მიკრომწვანილი სასარგებლო ნივთიერებებით ღირებულია. ზოგიერთი იმდენად იშვიათია, რომ მიკრომწვანილი მათი უნიკალური წყარო ხდება.

მიკრომწვანილი მიწიდან და ატმოსფეროდან მავნე ნივთიერებებს არ აგროვებს. სასუქით და ქიმიკატებით არ მუშავდება! სუფთა გაფილტრული წყლით ირწვება. გაღვივებული თესლი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელია. ომლეტი იონჯით ან მზესუმზირას ყლორტებით ძალიან მიყვარს. მდოგვი ხორციან კერძს უფრო გემრიელს ხდის!

როგორც ესთეტმა, მიკრომწვანილების სილამაზე აუცილებლად უნდა აღვნიშნო. როგორც ბუტერბროდზე, ასევე ფანჯრის რაფაზე საოცრად გამოიყურება. თვალს ახარებს და განწყობას ამაღლებს!

ახლა იცით, რატომ იზრდება მიკრომწვანილის წარმატება არა მხოლოდ ჯანდაცვის თანამშრომლებს, სპორტსმენებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს შორის!

როგორც ხედავთ, მიკრომწვანილის ფანჯრის რაფაზე გაზრდა რთული არაა. თესლში დიდი პოტენციალია. მასში სიცოცხლის მხარდასაჭერად ყველაფერია, მხოლოდ წყალი სჭირდება. წყალი დაუმატეთ და ბუნების ძალა თავის საქმეს გააკეთებს.

კულტურები, რომლებიც მიყვარს: იონჯა, მზესუმზირა, ბარდა, ბოლოკი, რუკოლა, წყლის წიწმატი და მდოგვი. ვირჩევ პრინციპით: სწრაფად ღვივდება, სწრაფად იზრდება და მწვანე მასას სწრაფად იძენს. ნელ კულტურებთან მუშაობა არ მსურს. რაციონში მხოლოდ ჩქარი მცენარებია!

Advertisement