Connect with us

საკითხავი

დედებო, შეწყვიტეთ თქვენი შვილების “მიღწევებით” ტრაბახი!

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე სიახლეებს ვათვალიერებდი და ჩემი მეგობრის შვილის ფოტო შემხვდა.

დიანამ გამოაქვეყნა თავისი ვაჟიშვილის, დიტოს ფოტო და სიახლე შეგვატყობინა: დიტო 3 თვის გახდა. სურათი ზემოდან იყო გადაღებული – დიტო იატაკზე იწვა და იღიმოდა. ძალიან საყვარელი იყო.

თუმცა, არ მომეწონა ფოტოზე გაკეთებული წარწერა:

-“დიტო 3 თვისაა;

მთელი ღამე სძინავს;

სათამაშოს ხელში იღებს;

ერთი გვერდიდან მეორეზე ბრუნდება.”

ანუ, მან ჩამოთვალა თავისი 3 თვის ბავშვის მიღწევები.

რატომ?

მართლა მაინტერესებს, რატომ?

მშვენივრად იცის, რომ პატარები ინტერნეტს არ იყენებენ, ესე იგი დიანამ ეს ფოტო უფროსებისთვის დადო. პირველ რიგში – სხვა დედებისთვის.

მას 100-ზე მეტი მოწონება ჰქონდა. ლაიქებს მე “წარმოსახვით სოციალურ დოლარებს” ვუწოდებ, რადგან ისინი უფასურია, სამაგიეროდ დედა თავს ყველაზე მდიდრად მიიჩნევს.

ფოტოზე კომენტარები შემდეგნაირი იყო: “რა ყოჩაღია!”, “გენიოსია!” და “საამაყო ნამდვილად გაქვს!”

გამეცინა. მშვენივრად ვხვდები, რომ ასეთი პოსტები მხოლოდ ლაიქების მოგროვების მიზნით იდება. გასაგებია, რომ არავინ დაწერს კომენტარებში: “ბავშვია და..”, ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მის შვილს 2 თვის ასაკშიც მთელი ღამე ეძინა.

რა თქმა უნდა, ყველა მშობელი აგროვებს თავისი შვილის გაზრდის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. პირველი ვარცხნილობის თარიღი, პირველი კბილები, პირველი ნაბიჯების ფოტო… ჩვენ ამ მოვლენებით ისე ვტრაბახობთ, თითქოს რაღაცას მაინც ნიშნავდეს.

ეს ნებისმიერი ადამიანის განვითარების ბუნებრივი ეტაპებია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუმცა არა განსაკუთრებული!

თითქმის ყველა ბავშვი სიარულს 9-15 თვის ასაკში იწყებს, ხოლო კითხვას – 6 წლისთვის. ვიღაც უფრო ადრე, ვიღაც – გვიან, თუმცა, სულის წიაღში ვიცით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თითოეული ბავშვი თავისი ტემპებით ვითარდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა იზრდება.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ნებისმიერი ასეთი მოვლენა საზოგადოებრივი განხილვის საგნად უნდა ვაქციოთ? დარწმუნებული ხართ, რომ გაზრდის შემდეგ თქვენს შვილს ეს მოეწონება?

მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მოახდინოთ თქვენი შვილის განვითარების დოკუმენტირება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, როცა იგი პირველ “დედას” იტყვის ან მეორე გვერდზე გადაბრუნდება. თუმცა, ნუ გადააქცევთ ამას დიდებულ მიღწევად, თითქოს ეს თქვენ გასაოცარ მშობლად გაქცევთ.

დიანა – ტიპური თანამედროვე დედაა. მას არ დაეზარა ბავშვისთვის ახალი კოსტუმისა და დაფის ყიდვა, რათა ფეისბუქზე პოსტი დაედო. მას არ დაეზარა დაფაზე ლამაზი ასოებით დაწერა. იგი აფასებს თავისი შვილის “მიღწევებს” ლაიქებისა და კომენტარების რაოდენობით.

და ეს პოსტი დიტოს კი არა, დიანას შესახებ უფრო იყო. იქნებ დროა, შევეშვათ მსგავსი ფოტოების დაუფიქრებლად დალაიქებას? იქნებ უნდა დავფიქრდეთ, სჭირდება თუ არა ჩვენს შვილს “მიღწევების” მსგავსი აღრიცხვა?