Connect with us

ყვავილები

გამხმარი ორქიდეა: როგორ გავაცოცხლოთ დამჭკნარი ყვავილი

„მაღაზიებში ხშირად შეგიძლიათ დაინახოთ კუნძულები ფასდაკლებული მცენარეებით. ამ უბედურ ნახევრად ცოცხალ ყვავილებს შორის ჩემი ორქიდეა ვიპოვე. სავალალოდ გამოიყურებოდა, ზემოდან მარტო ერთი მწვანე ფოთოლი ჰქონდა. ფესვები საერთოდ გამუქებული. ერთი შეხედვით, აღდგენის იმედი არ იყო. საწყალი მცენარე ძალიან შემეცოდა. მეგობარი ცდილობდა, რომ ყვავილის ყიდვა გადამეფიქრებინა და მარწმუნებდა, რომ გამხმარი ორქიდეა არ მჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, არ მოვუსმინე. დარწმუნებული ვიყავი, რომ დამჭკნარი ყვავილის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. მცენარის აღდგენის პირველი გამოცდილება იყო, ამიტომ რჩევისთვის დეიდას მივმართე. ის გამოცდილი ფლორისტია. მისი სახლი უფრო ორანჟერეას ჰგავს. მისი კოლექციის სიამაყეს სხვადასხვა ჯიშის დიდებული ორქიდეები წარმოადგენს. აი, რა მასწავლა დეიდამ.

როგორ ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე ორქიდეას

პირველ რიგში, მცენარე ყვითელი, დამჭკნარი და ხმელი ფოთლებისგან უნდა გაწმინდოთ. ამ მიზნით ბასრი მაკრატელი ან დანა გამოიყენეთ. ინსტრუმენტის პირი სპირტით ან მარგანცოვკით აუცილებლად დაამუშავეთ.

ახლა ფესვებზე გადადით. ფესვებიც უნდა გადაჭრათ, თუ გამხმარი ან დამპალია. მწვანე ცოცხალი ფესვები დატოვეთ.

ორქიდეა მაღალ ჭიქაში ჩადეთ. წყალი და წყალბადის ზეჟანგი 4:1 თანაფარდობით აურიეთ. ჭიქა მიღებული ხსნარით აავსეთ, რომ ფესვები სრულად დაიფაროს. სითხე მიწისზედა ფოთლოვან ნაწილს არ უნდა წვდებოდეს.

წყალბადის ზეჟანგი ფესვებს დეზინფექციას ჩაუტარებს და ლპობას შეაფერხებს. მცენარე ნათელ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას გაიტანეთ. აქ ორქიდეა 40-50 დღე გააჩერეთ. წყლის დონეს ყურადღება მიაქციეთ, დროულად მორწყეთ.

ამ დროში ორქიდეა ახალ ფესვებს გამოიღებს. ახალი ფოთლებიც გამოჩნდება.

ყვავილი შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ. კარგი დრენაჟით და შესაფერისი მიწით უზრუნველყეთ.

მცენარე ჩაძირვის მეთოდით მორწყეთ. ქოთნიანად წყლით სავსე ჭურჭელში ჩადეთ. სითხე ქოთნის ¾ ნაწილს უნდა ფარავდეს. 30 წუთით გააჩერეთ, რომ მიწამ სითხე შეიწოვოს.

უკვე რამდენიმე თვეში არა ხმელი, არამედ ძალიან ჯანმრთელი ორქიდეა გექნებათ. მისი ფესვების სისტემა კარგად განვითარდება და მცენარე ყვავილის ყუნწის გასავითარებლად მზად იქნება.

ფასდაკლებულ ორქიდეებს გვერდი არ აუაროთ, ერთი თან წამოიღეთ. ამ უშნო მცენარიდან ნამდვილი ლამაზმანი შეიძლება გაიზარდოს. ცოტა ყურადღება და ზრუნვა საკმარისია, რომ ყვავილი სასიცოცხლო ძალებით გაივსოს. მადლიერების ნიშნად ნათელი ფერებით გაგახარებთ.