Connect with us

საკითხავი

ანგელოზი კატები: 5 რეალური შემთხვევა, როცა კატებმა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს

კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, უფრო დამოუკიდებლები არიან და ადამიანების წინაშე გრძნობებს დიდად არ ავლენენ. თუმცა ყველაზე რთულ მომენტში ჩვენი ცხოველები ყოველთვის გვერდში გვიდგანან. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 5 ისტორიას ნამდვილ გმირებზე, რომლებმაც მფლობელების სიცოცხლე გადაარჩინეს.

კატა ოპიმ ბავშვი ტყვიისგან დაიცვა

როცა პენსილვანიაში მცხოვრებმა ანჯელიკამ მინის გატეხვის ხმა გაიგონა, დაუყონებლივ იმ ოთახში შევარდა, სადაც მისი 3 წლის შვილი, დამირი იწვა. მის წინ საშინელი სურათი გადაიშალა. ბავშვის გვერდით იწვა სისხლიანი კატა ოპი, რომელსაც შემთხვევით ქუჩის სროლების შედეგად ტყვია მოხვდა. ტყვია მხარში მოხვდა და თათიდან გამოვიდა.

ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ბიჭი, რომელიც კატამ სხეულით დაფარა, არ დაშავებულა. ოპი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კატას ოპერაცია და ძვირადღირებული მკურნალობა დასჭირდა, მაგრამ ანჯელიკა შვილის მხსნელზე ფულს არ ზოგავდა და ყველაფერი გააკეთა, რომ კატა გამოჯანმრთელებულიყო.

კატა ტარამ თავდამსხმელი ძაღლი განდევნა

4 წლის ჯერემი ტრიანტაფილო სახლთან ახლოს ველოსიპედით სეირნობდა, როცა მოულოდნელად მეზობლის ძაღლი თავს დაესხა. მან ბიჭის ფეხი კბილებით დაიჭირა და მიწაზე აფორთხა. უცნობია, რა მოხდებოდა, სიტუაციაში მამაცი კატა ტარა რომ არ ჩარეულიყო. სხვათა შორის, კატა ტარა ოჯახმა ქუჩიდან აიყვანა. ის ძაღლს თავს დაესხა და გვერდზე გასწია, ამით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ჯერემის 10 ნაკერის დადება მოუწია, მაგრამ მშობლების თქმით, ბედნიერები არიან, რომ ყველაფერი მხოლოდ ფეხის ჭრილობით დასრულდა. მამაცი ტარასი ძალიან მადლიერნი არიან.

კატა ტომმა მფლობელი სიმსივნის შესახებ გააფრთხილა

კატების გასაოცარ უნარზე, რომ მათ ადამიანის დაავადების გრძნობა შეუძლიათ, ლეგენდები დადის. ცნობილია მრავალი შემთხვევა, როცა ცხოველმა მფლობელის პრობლემები ექიმებზე ადრე აღმოაჩინა. აი, ერთი ისტორია: 2014 წელს 24 წლის სიუ მაკენზის კატა ტომმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. ის სიუს ზურგზე აჯდებოდა, კნაოდა და თათით მის წელს კაწრავდა. სიუ კატას თავიდან იშორებდა, მისი ქცევა აღიზიანებდა. ცხოველი არ წყნარდებოდა და ქალმა ექიმთან მისვლა გადაწყვიტა.

გამოკვლევამ ჰოჯკინის ლიმფომა აღმოაჩინა – სიმსივნე, რომელიც კანქვეშ ზუსტად იმ ადგილას იყო, რომელსაც კატა მუდმივად ეხებოდა. ტომის წყალობით ონკოლოგიური დაავადების დროულად აღმოჩენა მოხდა. სიუმ იმკურნალა და სიმსივნე დაამარცხა.

კატამ ჯარისკაცს სუიციდი „გადააფიქრებინა“

2019 წელს უფროსი სერჟანტი ჯესი კნოტი ავღანეთის ერთ პატარა სოფელში მსახურობდა. სამხედრო ბაზას ხშირად სტუმრობდა კატა, რომელსაც სამხედროები აჭმევდნენ. ჯესიმ ცხოველზე ტრავმის ნიშნები შენიშნა – ჩანდა, რომ ვიღაც რეგულარულად სცემდა. როცა ერთხელ კატა თითის გარეშე დაბრუნდა და ერთ თათზე კოჭლობდა, სამხედროს გულმა ვერ გაუძლო. მან სამხედრო წესები დაარღვია და გადაწყვიტა, ცხოველი დაეტოვებინა.კატას უბრალოდ კატა დაარქვა.

რამდენიმე თვის შემდეგ ჯესის ცხოვრებაში ტრაგიკული მოვლენები დაიწყო. ჯერ მისი პატრული თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა, რის გამოც მისი ორი მეგობარი დაიღუპა. მალე, ცოლმა განშორება სთხოვა. მამაკაცი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლა გადაწყვიტა. იმ მომენტში, როცა ჯესი მზად იყო გაესროლა, კატა მუხლებზე დააჯდა, თათები შემოხვია და ხმამაღლა კნავილი დაიწყო, თითქოსდა საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის გადაფიქრებას სთხოვდა.

კატის გულწრფელმა სიყვარულმა ჯესის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და დეპრესიისგან გაათავისუფლა. როცა აშშ–ში დაბრუნების დრო მოვიდა, ყველაფერი გააკეთა, რომ კატა თან წაეყვანა. იძულებული გახდა, კატა ადგილობრივი თარჯიმნისთვის მიენდო, რომ მას ჩუმად ქვეყნიდან გამოეყვანა. ცხოველი პატრონს ჯესის მშობლებთან ელოდა. 2013 წელს ცხოველების მიმართ სისასტიკის პრევენციის ამერიკულმა საზოგადოებამ ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენისთვის კატა დააჯილდოვა და გმირის ტიტული მიანიჭა.

კატა ბეიბიმ ორსული ქალი ხანძრისგან გადაარჩინა

2010 წლის იმ საბედისწერო ღამემ ჩიკაგოს მაცხოვრებლების, ჯოშის და ლეტიციას ცხოვრება დაყო მანამდე და მის შემდეგ. ცოლ–ქმარს, რომლებიც 2 თვის შემდეგ პირმშოს ელოდნენ, მშვიდად ეძინათ, როცა სახლში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა. ოთახები კვამლით გაივსო, მაგრამ ჯოში და ლეტიცია არ იღვიძებდნენ. მაშინ 13 წლის კატა ბეიბი ლოგინზე ახტა და ორსული ქალის გაღვიძება დაიწყო, მას ხელებზე და ცხვირზე კბენდა. როცა ლეტიციამ თვალი გაახილა, ცეცხლი უკვე ყველგან მოდებული იყო. წყვილმა გადარჩენა სასწაულებრივად შეძლო, თან მხოლოდ მხსნელი წაიყვანეს. ოჯახის მთელი ქონება დაიწვა, მაგრამ, რაც მთავარია, ცოცხლები დარჩნენ და მომავალი დედა არ დაშავებულა.