თავის მოვლა
ხარისხიანი პარფიუმის ნიშნები
კარგი ხარისხის სუნამო იმავე ფუნქციას ასრულებს რასაც ლამაზი სამოსი. ის ქალს მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.
მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ორიგინალური პარფიუმის შერჩევა და არა ყალბის, რადგან ორიგინალის შემთხვევაში ის გამძლე, გაჯერებული და გამყოლი იქნება, შესაბამისად თქვენს ფულსაც აღარ გაატანთ ქარს.
როგორ გავარჩიოთ ყალბი სუნამო
როგორ გავიგოთ, რომ სუნამო რომლის ყიდვასაც აპირებთ ნამდვილია?! როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ყალბისგან?!
1. ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ არის შეფუთული სუნამოს ყუთი. ჩვეულებრივ მას ცელოფნით ფარავენ.
ბრენდირებულ სუნამოს ხარისხიანი ცელოფნის შეფუთვა აქვს, საკმარისად მყარი, ყოველგვარი შებერილობის, უსწორობისა და დეფექტების გარეშე. ცელოფნის შეფუთვის ნაკერის ზოლები სწორი და თანაბარი უნდა იყოს. ყალბის მწარმოებელი ამ საკითხს არასდროს უკვირდება რადგან მისთვის ეს ზედმეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული.
2. შემდეგ დაათვალიერეთ ყუთი. ძვირფასი ბრენდები არასდროს შეფუთავენ თავიანთ პროდუქციას ცუდ, უხარისხო ან არასოლიდურ შეფუთვაში. ქაღალდი თეთრი და მყარი უნდა იყოს. ყალბი სუნამო შიგნიდან მონაცრისფრო ქაღალდით იქნება გაკეთებული, რადგან ნაცრისფერი ქაღალდი უფრო იაფია. ყუთის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს ფლაკონის შემაკავებელი კონსტრუქცია, რომელიც სტაბილურ მდგომარეობაში იქნება და დაიცავს ფლაკონს შესაძლო დაზიანებებისგან.
3. შეისწავლეთ ფლაკონის დიზაინი. ყალბი სუნამოს მწარმოებლები აკოპირებენ ბრენდის ბოთლის დიზაინს მაგრამ, ოდნავ მაინც ცვლიან მას, რათა თავი დააღწიონ კანონის წინაშე არსებულ ვალდებულებებს. ეს ჩვეულებრივი მანიპულაციაა.
უყურადღებო მყიდველი განსხვავებას ვერ შეამჩნევს. თუმცა ყურადღებიანი საკმარისად შეისწავლის, როგორ გამოიყურება სასურველი სუნამოს ფლაკონი მისი მწარმოებლის საიტზე და შეამჩნევს ყალბსა და ორიგინალს შორის არსებულ განსხვავებებსაც. მაგალითად, თაღლითები ხშირად უცვლიან ადგილს ასოებს ან მცირედი ცვლილებით ბეჭდავენ ლოგოტიპის ნახატს.
4. ასევე შეადარეთ სერიული ნომერი ფლაკონსა და შეფუთვაზე. ის დატანილი უნდა იყოს ფლაკონზე და არ უნდა იყოს დაკრული, ასევე დაბეჭდილი უნდა იყოს შეფუთვაზეც და მათი ნომრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ არ ემთხვევა, ესეიგი პროდუქტი ყალბია.
5. დაათალიერეთ შუშა რომლისგანაც ფლაკონია შექმნილი. ყალბი სუნამოს მწარმოებლები ფულს არ დახარჯავენ ხარისხიანი მინის დასამზადებელ დანადგარებში. ყალბი სუნამოს ფლაკონებს შუშის შიგნით ჰაერის ბურთულები აქვთ და ნაკერიც თანაბრად თითქმის არასდროსაა შეერთებული. კარგად დააკვირდით და შეამჩნევთ!
6. გამოიკვლიეთ პარფიუმის ფერი. ცნობილი ბრენდები გაურბიან საღებავების აშკარა გამოყენებას. ღია-ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი სითხე უმეტეს შემთხვევაში ორიგინალი არ არის. ნამდვილი პარფიუმი ნახევრად გამჭვირვალეა.
როგორ შევისწავლოთ სწორად პარფიუმის ახალი არომატები?! ის ქაღალდის ტესტერზე უნდა დავიტანოთ და არ გავასხუროთ ჰაერში ან ტანსაცმელზე. დასუნეთ ქაღალდს, თუ სპირტის სუნს ვერ გრძნობთ და არომატი მოგწონთ მაშინ ის მაჯაზე დაიტანეთ.
ამის შემდეგ დატოვეთ მაღაზია, გაატარეთ დღე ამ არომატით და გამოსცადეთ მისი გამყოლობა, ნახეთ როგორ იხსნება. მომდევნო დღეს კი დაბრუნდით მაღაზიაში მისი ყიდვის მყარი გადაწყვეტილებით.