Connect with us

ყვავილები

ხალხური რეცეპტები. რით გამოვკვებოთ კიტრი, რომ ბევრი ნასკვი გაიზარდოს

ყველა, ვისაც კიტრის პატარა კვალი მაინც აქვს, მოუთმენლად ელის, როდის აყვავილდება ბოსტნეული და ნასკვებით გაახარებს. ნაყოფიერების პერიოდში სწორად რომ ჩამოყალიბდეს, ყველასთვის ნაცნობი მწვანე ბოსტნეული მიწიდან მაქსიმალური რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს იღებს.

შესაბამისად, რაც უფრო ნოყიერია მიწა, მით უფრო მეტ მოსავალს აიღებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რით სჯობს კიტრის გამოკვება ყვავილობის პერიოდში, რომ მათი რაოდენობა და ხარისხი გაზარდოთ. გამოცდილი მებაღეების შემოწმებულ რჩევებს გიზიარებთ.

რით სჯობს კიტრის გამოკვება

აქტიური ნაყოფიერებისთვის კიტრი მოღრუბლურ ან წვიმიან ამინდში გამოკვებეთ წყალში ხსნადი სასუქებით მიკროელემენტებთ 0,1% კონცენტრაციით (1 ლ წყალზე 1 გ სასუქი). მიღებული ხსნარით მცენარე შეგიძლიათ მორწყათ. ეფექტური კვებისთვის დაგჭირდებათ სასუქები, რომლებიც შეიცავს 3 ინგრედიენტს: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. კალიუმი კიტრის გარეგნობასა და წვნიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

პირველი ნაყოფის აღების შემდეგ სასუქის დოზა შეცვალეთ. 1 ლ წყალზე უკვე 5 გ კომპლექსური სასუქი დაგჭირდებათ.

საფუარით გამოკვება

100 გ დაპრესილი საფუარი დაფშვენით და 10 ლ წყალს აურიეთ. ხსნარი 15 წუთი სითბოში გააჩერეთ, შემდეგ ისევ აურიეთ და კიტრი უხვად მორწყეთ. აქტიური საფუარი მცენარეს მიწიდან საჭირო ელემენტების უკეთ ათვისებაში ეხმარება. ასე კიტრი შეგიძლიათ გამოკვებოთ როგორც ყვავილობის, ასევე ნაყოფიერების პერიოდში.

ბალახებით გამოკვება

მოჭრილი ბალახი (სასურველია, ჭინჭარი და სამყურა) კასრში ჩაყარეთ, ნახევრამდე გაავსეთ. წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 4 დღე გააჩერეთ. დროდადრო ნარევს აურიეთ. მიღებული ნარევი საწურზე ან მარლაში გადაწურეთ. ორჯერ მეტ წყალში გააზავეთ და კიტრის საკვებად ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხოდ გამოიყენეთ.

რით სჯობს კიტრის გამოკვება: იოდით გამოკვება

პირველ რიგში, იოდით გამოკვება მცენარეს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. 1 ვედრო წყალს 35 წვეთი იოდი დაუმატეთ, აურიეთ და მიღებული ნარევით კიტრის ფოთლები უხვად მორწყეთ.

მნიშვნელოვანია: თუ კიტრს სათბურში ზრდით, იოდის გამოყენების შემდეგ ორთქლი ტოქსიკური ხდება. სწორედ ამიტომ, დახურულ შენობაში მცენარის იოდით გამოკვებისას რესპირატორი უნდა გეკეთოთ. დამუშავების დასრულებისთანავე სათბური დატოვეთ, კარი რამდენიმე საათით ღია დატოვეთ.

რეკომენდებულია, ბუჩქები უქარო თბილ ამინდში დაამუშავოთ. სათბურში დამტვერავი მწერები რომ მოიზიდოთ, გამოკვებამდე ხსნარს 10 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

რამდენად ხშირად გამოვკვებოთ კიტრი

სასუქის ეფექტი დროულ მიწოდებაზე პირდაპირ დამოკიდებულია. ბუჩქები 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ. გამოკვების რეჟიმი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • პირველი გამოკვება. კიტრის დარგვიდან 15 დღეში აუცილებელია.
  • მეორე გამოკვება ყვავილობის დაწყებისას და კოკრების ფორმირებისას ხდება.
  • მესამედ გამოკვებეთ აქტიური ნაყოფიერების ან ნასკვების ფორმირებისას.
  • ბოლოს გამოკვებეთ ზაფხულის ბოლოს ნაყოფიერების გასახანგრძლივებლად.

თუ კიტრი ღარიბ მიწაში იზრდება ან მოსავალი ყოველწლიურად მცირდება, მეხუთედ გამოკვებეთ. დამატებითი გამოკვება საჭიროა პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაშიც. მაგალითად, როცა ნაყოფს საჭირო მასა არ აქვს, ფოთლები ყვითლდება ან უფერულდება ან როცა მცენარის ზრდის სტიმულირება გსურთ.

როგორც ხედავთ, გამოცდილი მებოსტნეები კიტრის კარგი მოსავლის ასაღებად სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავენ. არ დაგავიწყდეთ ანტისტრესული დამუშავების რეგულარული ჩატარება, სასუქის დროულად მიწოდება დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა. ამავდროულად, თითოეულ ბუჩქზე ნასკვები ხარისხიანად ჩამოაყალიბეთ.

Advertisement