Connect with us

თავის მოვლა

ხალხური ნიღბები თმის ფოლიკულებს ააქტიურებს, სისქეს და ბზინვარებას მატებს

თმა მტვრევადი, მშრალი და დასუსტებულია? Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, საკითხს კომპლექსურად მიუდგეთ, რომ თმას ძველებური სისქე და ბზინვარება დაუბრუნოთ. სწორი კვება და აღმდგენი პროცედურები თმის ფოლიკულების გააქტიურებაში დაგეხმარებათ.

სანამ უკიდურეს მეთოდებს მიმართავთ და სილამაზის სალონში წასვლას გადაწყვეტთ, სახლის პირობებში ნიღბების გამოყენება სცადეთ. მათი დახმარებით მძინარე თმის ფოლიკულების გაღვიძებას შეძლებთ.

თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი

პატარა თასში 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი, 1 ს/კ ნუშის ზეთი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ ბირკავას ზეთი, 1 ს/კ კედრის კაკლის ზეთი და 1 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული ნარევი თმის ძირებზე წაისვით. 10-15 წუთით თითის ბალიშებით სკალპი დაიმასაჟეთ, ასე აქტიური ინგრედიენტები კანში უკეთ შეაღწევს. 30 წუთში ნიღაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.

თმის გამაძლიერებელი და ზრდის დამაჩქარებელი ნიღაბი

თასში 200 გრ კეფირი, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ მდოგვი აურიეთ. ნარევი ფუნჯით  თმის ძირებზე და შემდეგ მთელ სიგრძეზე წაისვით. პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 40-60 წუთში შამპუნით ჩამოიბანეთ, დაბანის შემდეგ თავზე მუხის ქერქის, ჭინჭრის ან სალბის ნახარში გადაივლეთ.

გამაძლიერებელი ნიღაბი

50 მლ ბირკავას ზეთი და 0,5 ჩ/კ წითელი წიწაკას ნარევი თმის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. მაჯაზე ცოტა ნარევი წაისვით და რეაქციას დააკვირდით. თუ მხოლოდ მცირე წვას გრძნობთ, ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თმის ძირებზე წაისვით, პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ და 20-25 წუთში სამკურნალო ბალახების ნახარშით ჩამოიბანეთ. ამ მიზნით გვირილა, სალბი, ბარამბო ან ჭინჭარი გამოგადგებათ.

თმის გამასქელებელი ნიღაბი

თასში 200 მლ თბილი რძე, 1 ჩ/კ მშრალი საფუარი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ. შემდეგ თმის ძირებზე წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. 1 საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. გირჩევთ, პროცედურის ბოლოს ჭინჭრის ან როზმარინის ნახარშის და 1 ს/კ ვაშლის ძმრის ნარევი გადაივლოთ. ასე თმას დაარბილებთ.

თმის მოცულობის გასაზრდელად და გასაძლიერებლად

თასში აურიეთ 200 მლ კეფირი, 1 ჩ/კ კაკაო და 1 კვერცხი. ნარევი თმის ძირებზე წაისვით, პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ, 1 საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

თქვენ რომელ შინაურულ ნიღბებს იყენებთ თმის მოსავლელად ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!