Connect with us

მოდა და სტილი

წამალი შოპაჰოლიკებისთვის: როგორ დავალაგოთ კარადა და შევწყვიტოთ ზედმეტი ნივთების ყიდვა

კარანტინის პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა გარდერობს გადახედა: ზედმეტი ნივთები მოიშორა და თაროები დაალაგა. თუმცა ამ იდილიის დიდხანს შენარჩუნება ადვილი არ იქნება. ჩვენ სტილისტს, იულია მორეხოდოვს ვთხოვეთ, რატომ ივსება კარადები ხარახურით, როგორ ავიცილოთ თავიდან „ღარიბი ადამიანის აზროვნება“ და რატომ არის სუფთა გარდერობი ეკოლოგიური.

ხარახურით გავსების მიზეზები

ტანსაცმლის სისტემატურ დაგროვებას ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ეს წარსულის ნოსტალგიაა. მეორეც, „ღარიბი ადამიანის აზროვნება“, როცა მომავალზე ვნერვიულობთ და ვნანობთ ნივთების გადაყრას, „ახლის ყიდვა რომ ვერ შევძლო“. მესამეც, ორჭოფობა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სამი პრობლემა უნდა გაანალიზოთ და აღმოფხვრათ.

ნოსტალგია და შფოთვა

ხშირად ნივთებს გარკვეული ისტორია უკავშირდება – დღესასწაული, რომანტიკული პაემანი, დაწინაურება და ა.შ. ასეთ ტანსაცმელთან დამშვიდობება გვიჭირს, მაგრამ ვერც ვიცვამთ. ამ მიზეზით კარადებს უსარგებლო ნივთებით ვავსებთ – შედეგად, კარადა ტანსაცმლით გატენილია, მაგრამ ჩასაცმელი არ გვაქვს.

არსებობს ნივთები, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის გვაქვს. მაგალითად, სათადარიგო ჯინსი, თუ მოვიმატებთ. ახლა ასეთი ნივთები აქტუალური არაა, მაგრამ შეიძლება კიდევ გამოგვადგეს.

არა, არ გამოგადგებათ! ამას თქვენში მხოლოდ მომავალზე შფოთვა ამბობს. შიშობთ, რომ რესურსები არ გეყოფათ.

ღარიბი ადამიანის აზროვნება

გააზრებული მოხმარება არა მხოლოდ შეგნებული ყიდვა და fast fashion-ის მსგავს ზედმეტობებზე უარის თქმა, არამედ ტანსაცმლის გონივრული გამოყენებაცაა.

ფორმულირება „კარგი ნივთია, გადაგდება მენანება“ მასში ცუდად ჯდება. პირიქით, ეს ფსიქოლოგიური სიღარიბის მტკიცებულებაა: ერთი მხრივ, თავს იზღუდავთ, რადგან ყველაფერი უკვე გაქვთ, მეორე მხრივ, მუდმივად იტანჯებით, რომ თქვენი გემოვნებით ჩაიცვათ.

შედეგად ძალას ვხარჯავთ გარდერობთან ბრძოლაში და არა უფრო მნიშვნელოვან საქმეებში. უფრო მეტიც, შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს „ნასწავლი უმწეობის“ მდგომარეობა, როცა გვჯერა, რომ გარეგნულად „ყველაფერი ცუდადაა“. ამ ვითარებაში მხოლოდ კარადების გააზრებული და დაუნდობელი წმენდა დაგეხმარებათ, რომლის შემდეგ საკიდებზე დარჩება მხოლოდ ის, რასაც რეალურად იცვამთ.

ორჭოფობა

ტანსაცმელი მხოლოდ უტილიტარულ ფუნქციას არ ასრულებს და განწყობას არ გვიმაღლებს. ტანსაცმელი ფსიქოლოგიური დაცვის ძლიერი მეთოდია. ზოგჯერ ნივთების დაგროვება საუბრობს თავდაუჯერებლობაზე, ფეხქვეშ მიწის დაკარგავაზე. სხვა სიტყვებით, რაც უფრო მეტი შარვალი და კაბა გაქვთ, მით უფრო მეტ „სიმდიდრეს“ ფლობთ, ანუ სიტუაციას უკეთ აკონტროლებთ.

ამრიგად, ხარახურამ შეიძლება ზედმეტი შფოთვა ნამდვილად მოგაშოროთ. თუმცა ეს რაციონალური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდერობს გააზრებულად და საჭიროების მიხედვით განაახლებთ.

ეკოლოგიური გარდერობი

ხარახურა შეიძლება არა მხოლოდ თვითრეალიზაციის დაბრკოლება გახდეს, არამედ ნერვოზიც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, შეგნებული მოხმარების ძირითადი პრინციპების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია: გქონდეთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ და ბოლოს სწორად გაანადგურეთ.

არსებობს უამრავი ვარიანტი, თუ როგორ გავანადგუროთ უსარგებლო ნივთები ისე, რომ გარემოს ზიანი არ მივაყენოთ. მაგალითად, გადამუშავებაზე ჩაბარება, გაჭირვებულებისთვის მიცემა, გაცვლა ან გაყიდვა.