Connect with us

საკითხავი

ფეხმძიმობა 40 წლის შემდეგ. რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს გვიან ორსულობას

წარმოიდგინეთ, რომ 40 წელს გადასცილდით, წარმატებული ქალბატონი ხართ, რომელსაც აქვს კარიერა, ჰყავს ქმარი(საუკეთესო ვარიანტს გთავაზობთ). თქვენი შვილები უკვე ზრდასრულები არიან, თქვენ კი თქვენი სიამოვნებისთვის ცხოვრობთ. უცებ რაღაც მოულოდნელი ხდება: ორსულობის ტესტი ორ ხაზს აჩვენებს. როგორ მოიქცევით? დაიტოვებთ ბავშვს თუ აბორტს გაიკეთებთ?

ამაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თვითონ ქალს ეკუთვნის, თუმცა, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გაეგო 40 წლის ასაკში დაფეხმძიმების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ახლა კი ამ ყველაფერს თქვენც მოგიყვებით.

როგორ მოვიქცეთ გვიანი ფეხმძიმობის დროს

ამ სიატუაციაში დაბნეულობა სავსებით ნორმალურია, რადგან ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ჩვენ ვთვლით, რომ რაციონალური პოზიციიდან უნდა გადახედოთ ამ ყველაფერს. არსებობს სხვადასხვა სიტუაცია, ამიტომ ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ ფინანსური ან ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ გაძლევთ, არ ღირს ასეთ რისკზე წასვლა.

ხშირად გაიგონებთ ფრაზას: “თუ ღმერთმა შვილი გაჩუქათ, მის წილ სარჩოსაც გამოგიგზავნით”, თუმცა ეს საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს. დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებზე უნდა იყოთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი გავერკვეთ გვიანი ფეხმძიმობის დადებით და უარყოფით მხარეებში.

გვიანი ფეხმძიმობის აქტუალური საკითხები

1. ჯანმრთელობა

ბუნებრივია, ეს პირველია, რაზეც უნდა ვისაუბროთ. 40 წლის შემდეგ რთულია დაფეხმძიმება, ამიტომ ნუ გადადებთ პირველ ფეხმძიმობას ამ ასაკისთვის. მაღალია საშვილოსნოსგარე ფეხმძიმობისა და ნაყოფის აუტანლობის რისკიც, არსებობს ალბათობა, რომ დიდხანს მოგიწევთ წოლა ნაყოფის შენარჩუნებისთვის.

ასევე, მაღალია იმის ალბათობაც, რომ ბავშვი სერიოზული თანდაყოლილი დაავადებებით გაჩნდება. მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს ასეთი დედა 1 : 30 ალბათობით გააჩენს. მოგიხდებათ უამრავი ტესტის გავლა, ანალიზების აღება, მაგრამ ვერავინ მოგცემთ სანდო გარანტიას.

2. ფსიქიკური მდგომარეობა

ეს ძალიან რთულია… აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია: გამოკვლევები აჩვენებს, რომ თქვენ(ღმერთმა დაგიფაროთ) ავადმყოფი ბავშვი გაგიჩნდებათ.. მორალური არჩევანი – მისცეთ თუ არა მას სიცოცხლის საშუალება – უკიდურესად რთულია. მშობლები ორივე შემთხვევაში იტანჯებიან. ასეთი ბავშვის გაჩენა ხომ უამრავ პრობლემას შეგიქმნით, მაგრამ როგორ განიცდიან ისინი, ვინც აბორტის გადაწყვეტილებას მიიღებს – ამის წარმოდგენაც კი მიჭირს.

თუმცა, თითოეული ქალი მზადაა ამისთვის. ამ მოვლენამ, შესაძლოა, ძლიერ ავნოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც.

3. სიცოცხლე

რა დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, მაღალია რისკი იმისა, რომ ბავშვი მალე დაკარგავს მშობლებს. უნდა იფიქროთ ამაზეც: იქნებ ბავშვს არავინ მიხედავს, რამე რომ მოხდეს? თუ ახალ სიცოცხლეს აჩენთ, უნდა გაიაზროთ მთელი პასუხისმგებლობაც. აქ ეგოიზმის ადგილი არაა.

4. ფინანსური საკითხი

მშობლებს, შესაძლოა, არ ეყოთ რესურსები ბავშვის ფეხზე დასაყენებლად. თუ სხვა ბავშვებიც გყავთ, გეყოფათ ფინანსები განათლებისთვის, კიდევ ერთი შვილის გაჩენის შემთხვევაში? ყველა ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

5. სიმშვიდის დარღვევა

თუ მშვიდ სიბერესა და ცხოვრებას გეგმავდით, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, ეს შეუძლებელი გახდება კიდევ ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ. ბავშვი – ესაა ენერგიის უშრეტი წყარო, რომელსაც თან უნდა სდევდე, ეთამაშო. მისი მოზარდის ასაკი კი 50 წლის ასაკში წამოგეწევათ. ამაზეც უნდა დაფიქრდეთ.

6. დიდი განსხვავება ასაკებში

ამ განსხვავებაში თითქმის ორი თაობა ჯდება, რაც ზრდის მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობისა და ურთიერთობის გართულების რისკს.

7. მორალური ზეწოლა გარშემომყოფებისგან

ეცდებიან თქვენს გადარწმუნებას! მშობლები, ნათესავები, ექიმები და მესამე თაობის დეიდაც კი, ქვემო ქართლიდან, რომელმაც სულ ერთხელ გნახათ ცხოვრებაში. დიახ, ცოტას ვაჭარბებთ, მაგრამ მაინც. თქვენ უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ საავადმყოფოში “მშობიარობისთვის მოხუცს” გიწოდებენ, ზოგიერთი კი ამრეზადაც კი შემოგხედავთ. თუმცა, აქ თქვენი მომზადების დონე შეეწინააღმდეგება ყველა მსგავს სირთულეს.

ჩვენ არ ვცდილობთ თქვენს გადარწმუნებას, დაფეხმძიმდეთ 40 წლის შემდეგ. უბრალოდ, ფხიზელი თვალით სიტუაციის ყოველი მხრიდან აწონ-დაწონვა საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემთ.

გვიანი ფეხმძიმობის დადებითი მხარეები

1. მეორე ახალგაზრდობა

ქალები, რომლებიც 40 წლის შემდეგ აჩენენ ბავშვს, გაცილებით ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებიან, თანატოლებთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ორგანიზმი, პირდაპირი გაგებით, შეიძენს მეორე ახალგაზრდობას: ხდება ჰორმონალური აფეთქება, რომლის შემდეგაც ქალის მდგომარეობა და გარეგნობა უმჯობესდება.

2. პასუხისმგებლობა

პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ 40+ ასაკის დედა გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანად ეკიდება ფეხმძიმობას, ვიდრე შედარებით ახალგაზრდები. 40 წლის ასაკში ქალს გააზრებული აქვს აუცილებლობა იმისა, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას და უფრო პასუხისმგებლობითაც უდგება ყველაფერს. იგი აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს ისე, როგორც ბავშვისთვის იქნება კარგი.

3. ჭკვიანი ბავშვი

არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვები, რომლებიც შუა ხნის ასაკის მშობლებს გაუჩნდათ, გაცილებით ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. თუმცა, შესაძლოა, საქმე ისაა, რომ მშობლებს მეტი დრო აქვთ ბავშვისთვის ყურადღების დასათმობად.

4. დაბრძენება

ამ პუნქტში შედის ორი რამ: მორალური და ფინანსური მდგომარეობა. დაღვინებული მშობლები მშვიდი, გამოცდილი და ბრძენი არიან. ისინი საუკეთესო აღმზრდელებადაც ითვლებიან. ხშირად, 40 წლის ასაკში მშობლების მატერიალური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში. ამიტომაც, ფინანსურ ასპექტში ისინი უკეთ უზრუნველყოფენ შვილს.

5. ავადმყოფობისა და დაბერების შეწყვეტა

ადამიანები მორალურად თავს უფრო ახალგაზრდად და ენერგიულად გრძნობენ. მათ არ აქვთ ავადმყოფობის დრო – ჰყავთ პატარა ბავშვი. არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა ხანში შესული ადამიანები, ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადიკალურად შეცვლილან. ბავშვი თქვენი სტიმულია უფრო დიდხანს სიცოცხლის, აქტიურობისა და ჯანმრთელობისთვის.

6. ოცნების ახდენა

ზოგს, უბრალოდ, არ გამოსდიოდა დაფეხმძიმება მანამდე. ეს ბავშვი კი, მიუხედავად თქვენი ასაკისა, გაჩუქებთ ახალ სიცოცხლეს და დედობის ასეთ ნანატრ ბედნიერებას მოგანიჭებთ.

არსებობს გვიანდელი ფეხმძიმობის უამრავი ვარსკვლავური მაგალითი(სელმა ჰაიეკი, სელინ დიონი, კიმ ბესინჯერი და ა.შ.). მათი ოჯახებისთვის ეს საჩუქარი დიდ ბედნიერებად იქცა.

ეს იყო გვიანი ფეხმძიმობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომლებზეც თქვენთან საუბარი გვინდოდა. გააჩინოთ თუ არ გააჩინოთ – ეს თქვენი გადასაწყვეტია. თუ ეს ბავშვი სასურველია, ჯანმრთელობა კი ხელს გიწყობთ, რატომაც არა? მართალია, სირთულეებს გადაეყრებით, მაგრამ თუ თქვენ გინდათ შვილი, აუცილებლად შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.