საკითხავი
სრული სია, რისი გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში
ორი ათეული რეჟიმის მქონე სარეცხმა მანქანებმა იმდენად გაგვანებივრეს, რომ ნივთებს დოლურაში დაუფიქრებლად ვყრით, იარლიყებს არც ვკითხულობთ. მხოლოდ მაშინ, როცა უბედურება უკვე მოხდა (შალის სვიტერი შევიწროვდა და მხოლოდ კატას თუ ჩაეტევა ან საყვარელი მაქმანის საცვალი დაზიანდა), ვხვდებით, რომ ზოგიერთი ნივთის მანქანაში გარეცხვა აკრძალულია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ნივთების გარეცხვა არ შეიძლება სარეცხ მანქანაში.
საცვლები
მაქმანის საცვლები და ბიუსჰალტერები სჯობს ხელით გარეცხოთ, რომ არ დააზიანოთ. თუ მსგავს ნივთებს სარეცხ მანქანაში გარეცხავთ, ფორმას დაკარგავს და შეიკუმშება. ბიუსჰალტერს ხშირად ნაზი დეკორი, ნაქარგი და მაქმანი აქვს. რაც მთავარია, ლითონის ნაწილი დეფორმირდება და დოლურაზე დარტყმის შემდეგ ბიუსჰალტერიდან ამოვარდნას ცდილობს.
ბეწვიანი ნივთები
ცხოველის ბეწვი ყველა ნივთზე გადავა. სარეცხი მანქანა სვიტერზე ბეწვის რაოდენობას არ შეამცირებს. ხრიკებზე, თუ როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბეწვი სარეცხ მანქანაში, შეგიძლიათ ოდები იმღეროთ, და მაინც სჯობს წებოვანი ლილვაკით გაწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეცხვის შემდეგ ნახავთ, რომ ბეწვი, რომელიც ადრე ზედაპირზე იყო, ახლა თანაბრად და ღრმად ნაქსოვი სვიტერის ძაფებს შორისაა.
გადასაფარებლი, რომელზეც ბევრი ბეწვია, გარეცხვამდე კარგად დაფერთხეთ. გარეცხილი, ჯერ კიდევ სველი კიდევ დაფერთხეთ, ასე დარჩენილი ბეწვი მთლიანად მოშორდება და ლილვაკით გაწმენდა არ მოგიწევთ. ეს მეთოდი სინთეტიკური ნივთების გარეცხვისას ეფექტურია.
ორთოპედიული ბალიში
ჯანსაღი ძილი ძვირი ღირს. ხარისხიანად რომ გამოიძინოთ მეხსიერების ეფექტის მქონე ორთოპედიულ ბალიშზე ფულის დახარჯვა არ გვენანება. ოღონდ ასეთი ნივთების სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება, რადგან ნაწარმი თავის თვისებებს დაკარგავს და უფორმო ბუმბული გახდება. საქმე სპეციალურ შემავსებელშია. ბალიში სჯობს გაანიავოთ, ბალიშისპირი რეგულარულად გამოცვალოთ. თუ ბალიშზე ლაქა გაჩნდა ან მისი განახლება აუცილებელია, ქიმწმენდაში წაიღეთ.
ქუდი (კეპი)
ნებისმიერი ნივთი, რომელსაც კარკასი აქვს, ტექნიკას არ უნდა ანდოთ. მექანიკური რეცხვისას კეპის კარკასი ფორმას იცვლის და შემდეგ ვერაფრით გამოასწორებთ. სწორედ ამიტომ, თავის აქსესუარი ხელით გარეცხეთ და არ გაწუროთ.
ნივთები დეკორატიული ნაწილებით
ბევრ გოგოს აქვს მაისურები და ბლუზები ნაქარგი დეტალებით ან მძივებით მორთული. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი ნაზი ნივთები მხოლოდ ხელით უნდა გარეცხოთ. მძივიანი ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში ერთხელ გარეცხვა საკმარისია, რომ სამუდამოდ დაემშვიდობოთ. ინტენსიური რეცხვისას მძივები შეიძლება მოწყდეს და დოლურის ნახვრეტში გაიჭედოს. ეს მანქანის დაზიანებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, ნივთები მთის ბროლებით, მძივებით, მაქმანებით ხელით გარეცხეთ.
ტანსაცმელი ბენზინის ლაქით
ადვილად აალებადი სითხეები ხელით უნდა მოაშოროთ, სანამ დოლურას დაუმატებთ. სჯობს საერთოდ ხელით გარეცხოთ. ნებისმიერი საეჭვო ლაქა ხელით ამოიყვანეთ, რომ სხვა ნივთებზე ჭუჭყის მოხვედრა არ დაუშვათ და უსაფრთხოება დაიცვათ.
მოცულობითი ნივთები
ყველა ბალიში და საბანი სარეცხ მანქანაში არ ეტევა. ჯიუტი დიასახლისები სარეცხ მანქანაში საბნისა და დიდი ფუმფულა სათამაშოს ჩატენვას მაინც ახერხებენ. ყოველი მანქანა ნივთების გარკვეული მოცულობაზეა გათვლილი. ნივთები დასველებისას უფრო მძიმდება. თუ დოლურას ბოლომდე გაავსებთ, ნივთები ქვასავით გახდება, მანქანას შეარყევს და დოლურას დეფორმირებას გამოიწვევს. ეს კი ტექნიკის სწრაფად ცვეთამდე მიგიყვანთ.
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – ტანსაცმლის იარლიყი. მასზე რეკომენდებული ტემპერატურა და რეცხვის რეჟიმი, მასალის დასახელებაა მითითებული. ეს საკმარისია, რომ ნივთები არ გაფუჭდეს და თქვენი სახლის ძვირფასი დამხმარე დაზიანებისგან დაიცვათ.