Connect with us

ჯანმრთელობა

სახეზე გაწერიათ: სახიფათო დაავადებების 8 ნიშანი, რომლის „წაკითხვაც“ სახეზე შეიძლება

ინსულტი, ჰიპოთირეოზი, დიაბეტი და გულის დაავადებაც კი – ამ ყველაფერის განსაზღვრა სახეზე შეიძლება, თუ იცით, რას შეხედოთ.

ზოგჯერ სწორი დიაგნოზის დასასმელად უამრავი გამოკვლევა და ათასობით ტესტი უნდა გაიკეთოთ. ზოგჯერ კი პაციენტის სახის ყურადღებით დათვალიერება საკმარისია. გთავაზობთ სერიოზული დაავადებების ნიშნებს, რომლებიც სახეზე გაწერიათ. ამ ნიშნების შემჩნევისას ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

მშრალი, აქერცლილი კანი და ტუჩები

ეს სერიოზული გაუწყლოების პირველი ნიშანია. გამომშრალი კანი და ტუჩები შეიძლება მიგანიშნებდეთ საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევაზე, რომელიც თავის მხრივ შეიძლება განვითარებული დიაბეტის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ძალიან მშრალი კანი შეიძლება იყოს ეგზემის, ფსორიაზის, დერმატიტის ან ალერგიული მედიკამენტური რეაქციის ნიშანი.

ჭარბი თმა სახეზე

თმა, რომელიც სახეზე იზრდება, განსაკუთრებით ყბის, ნიკაპის და ზედა ტუჩის ხაზთან, შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის სიმპტომი იყოს, რომლის დროსაც ორგანიზმში მამაკაცების ჰორმონები ქალის ჰორმონებს აჭარბებს.

პატარა ყვითელი ლაქა ქუთუთოზე

ქოლესტერინის პატარა კერა, რომელსაც ქსანტელაზმას უწოდებენ, გულის დაავადების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა ამისა, 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქსანტელაზმის მქონე პაციენტებს სხეულის მასის ინდექსი და ქოლესტერინის საერთო დონე უფრო მაღალი აქვთ.

თვალის ქვეშ ჩანთები და შეშუპება

თვალების ქვეშ ჩანთები და მუქი წრეები არა მხოლოდ დაღლილობის ნიშნებია. ეს სიმპტომი ქრონიკულ ალერგიაზე, ასევე ჰიპოთირეოზსა და ძილის აპნოეზე საუბრობს.

სახის ასიმეტრია

აბსოლუტურად სიმეტრიული სახე არ არსებობს, თითოეულ ჩვენგანში სახის ერთი მხარე მეორესგან ოდნავ განსხვავდება. თუ სახე მოულოდნელად უფრო ასიმეტრიული გახდა ან მისი ნაწილი უჩვეულოდ გამოიყურება, მაგალითად, შეცვლილი მიმიკის გამო – ეს შეიძლება მოახლოებული ინსულტის პირველი ნიშანი იყოს. მნიშვნელოვანია, ექიმს დროულად მიმართოთ.

სახის ფერის ცვლილება

უჩვეულო სახის ფერი ექიმთან მისვლის საბაბია. სიმკრთალე ანემიის განვითარებაზე საუბრობს, ყვითელი შეფერილობა – ღვიძლის პრობლემებზე, ტუჩის ცისფერი შეფერილობა – გულის ან ფილტვის შესაძლო დაავადებაზე.

გამონაყარი და ლაქები

სახეზე გამონაყარი და წითელი ლაქები შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებზე მიგანიშნებდეთ (მაგალითად, ცელიაკიის, გლიუტენის აუტანლობის დროს ქავილის გამომწვევი, წითელი გამონაყარი ხშირად ჩნდება). ეს შეიძლება ალერგიის, ეგზემას და როზაცეის ნიშნები იყოს.

წამწამის და წარბის ცვენა

წამწამის ან წარბის ცვენა შეიძლება ალოპეციის ნიშანი იყოს – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის ფოლიკულებზე გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა შესაძლებელი.