Connect with us

ყვავილები

რატომ ყვითლდება ახალგაზრდა ორქიდეას ფოთლები

სარვამარტო პერიოდში დიდი სუპერმარკეტები და ყვავილების მაღაზიები ფერადი ოთახის მცენარეებით სავსე იყო. რა თქმა უნდა, ლამაზი ორქიდეა ყურადღებას იპყრობს. შეუძლებელია ამ სილამაზეს წინააღმდეგობა გაუწიოთ! მართალია, ყველამ არ იცის, რომ ორქიდეა მოსავლელად საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, თუ რატომ ყვითლდება ორქიდეას ფოთლები და როგორ ავიცილოთ თავიდან.

რატომ ყვითლდება ორქიდეა

ფერადი პალიტრის დამსახურებით ორქიდეა ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს. გარდა ამისა, 2–დან 6 თვემდე ყვავილობს, ხოლო ზოგიერთი სახეობა მთელი წელი. სწორედ ამიტომ, ყვავილი თვალს დიდხანს ატკბობს.

ასეთი უნიკალური მცენარეც სიყვითლისგან დაცული არაა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, ორქიდეა უბრალოდ სიბერისგან შეიძლება გაყვითლდეს. ძველი ფოთლები ბუნებრივად კვდება.

პროცესი, როგორც წესი, ფოთლების ქვედა რიგიდან იწყება. ასეთი პრობლემა ახასიათებს ორქიდეას რამდენიმე სახეობას: ფალენოპსისი, კატლეია, დენდრობიუმი, პაპიოპედილუმი. მცენარე ფოთლებს დამოუკიდებლად მთლიანად იცვლის ან მთელი წლის განმავლობაში ცვივდება. არსებობს სახეობები, რომლებიც ყოველ 1,5 წელში ახლდება.

არ ინერვიულოთ, თუ გაყვითლებული ფოთლები დაინახეთ. როგორც კი ფოთლები სრულად გახმება, თამამად მოაშორეთ, რომ ყვავილს აღდგენის პროცესი გაუმარტივდეს.

სხვა მიზეზები

სამწუხაროდ, ზოგჯერ ორქიდეა დაავადების გამო ყვითლდება. ამას მიხვდებით, თუ ახალგაზრდა მცენარე მოულოდნელად გაყვითლდა და ფოთლები დაცვივდა. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ლპობით დაინფიცირება. ეს შეიძლება არასწორმა მოვლამ გამოიწვიოს. მაგალითად, ჭარბმა მორწყვამ ან ცუდმა განათებამ.

გარდა ამისა, მცენარე შეიძლება დაინფიცირდეს სოკოთი და სხვა პათოგენური ბაქტერიებით. შესაძლოა, თავიდან ძველ მიწაში ჩარგეს ან, პირიქით, ძალიან ბევრი მკვებავი ნივთიერება მიაწოდეს. სხვათა შორის, დაავადებებზე მხოლოდ გაყვითლებული ფოთლები არ საუბრობს. ასევე დახვეული კიდეები, ღეროს კვდომა ან ლაქების გაჩენა.

როგორ გადავარჩინოთ მცენარე

მნიშვნელოვანია, დაავადების ნიშნები დროულად შეამჩნიოთ. ასე საყვარელი მცენარის გადარჩენას შეძლებთ. ამისთვის მცენარე მიწიდან ამოიღეთ, თბილ და სუფთა წყალში მოათავსეთ. შემდეგ ფესვები დაათვალიერეთ და ყველა შავი და დამპალი ნაწილი მოაშორეთ (სეკატორი გამოიყენეთ). გამოცდილი მებაღეები გამოყენებამდე ინსტრუმენტის დეზინფიცირებას გირჩევთ.

შემდეგ მცენარის ფესვები ფუნგიციდების პრეპარატით, მაგალითად, „ფუნდაზოლი“ გარეცხეთ. გადანაჭერი ადგილები აქტივირებული ნახშირით დაამუშავეთ, მისგან ფხვნილი გააკეთეთ. აბების ნაცვლად შეგიძლიათ დაფქული დარიჩინი ან უბრალო ბრილიანტის მწვანე გამოიყენოთ.

ახლა აღდგენილი ორქიდეა ახალ ქოთანსა და მიწაში ჩარგეთ. ყვავილს ყურადღება მიაქციეთ და წლის სეზონის მიხედვით მორწყეთ. ზამთარში 1,5 ან 2 კვირაში ერთხელ მორწყეთ. ზაფხულში კვირაში ერთხელ.

გახსოვდეთ, რომ ორქიდეას განათების და ტენიანობის სწორი დონე სჭირდება.

თუ ოთახის მცენარეების მოვლის დიდი გამოცდილება არ გაქვთ, სპეციალური ინდიკატორი შეიძინეთ. მისი დახმარებით შეამოწმებთ, თუ რამდენად ტენიანია ნიადაგი და ზედმეტად ხომ არ რწყავთ. თუ 2 დღის განმავლობაში მიწა სველი რჩება, სავარაუდოდ, ორქიდეას ხშირად ან უხვად რწყავთ.

ინდიკატორის გარდა ამ ამოცანას ჩვეულებრივი ხის ჩხირიც გაუმკლავდება. მისი სისველის მიხედვით იმოქმედეთ და მორწყვა დაარეგულირეთ. ასე მცენარის ლპობას თავიდან აიცილებთ.

ორქიდეას სასარგებლო თვისებები

ორქიდეას ქალების ჭეშმარიტ ყვავილს უწოდებენ. ამბობენ, რომ მცენარეს ქალის თვისებების და ენერგეტიკის გაძლიერება შეუძლია. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ მცენარის ფერი მის თვისებაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, ნარინჯისფერი ორქიდეა სახლში სიმდიდრეს იზიდავს, ხოლო წითელი სიზარმაცესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თუ საკუთარი თავის და ახლობლების გახარება გსურთ, ამ მშვენიერ ყვავილს ყურადღება მიაქციეთ. ორქიდეა სასაჩუქრედ შესანიშნავი იდეაა, რომელიც თავისი ლამაზი ყვავილებით არა ერთი თვე გაგახარებთ. ხოლო უბრალო ყვავილების თაიგული მაქსიმუმ ერთი კვირა გაძლებს.