Connect with us

ყვავილები

მარტივი და საიმედო მეთოდები, როგორ გააღვივოთ ვადაგასული თესლი

გაზაფხულზე გამოცდილი ფერმერები და დამწყები მეაგარაკეები ფანჯრების რაფებსა და სათბურებში ნერგების გაზრდაზე ფიქრს იწყებენ. ამოწმებენ არსებული თესლის შეფუთვებს, რომლებიც წინა წლებში დარჩათ. ზოგჯერ პოულობენ ისეთ პაკეტებს, რომელზეც თარიღიც აღარ ჩანს. სხვა სიტყვით, თესლი ვადაგასულია.

ასეთი ვადაგასული თესლის გადაყრას არ გირჩევთ, რადგან ძველ მარცვლებსაც კარგი აღმონაცენი შეიძლება ჰქონდეს. თესლის წინასწარი გაღვივებით მარტივად გაარკვევთ შეიძინოთ ახალი სათესლე მასალა თუ ძველი გამოიყენოთ.

ვადაგასული თესლი

ვადაგასულ თესლს აქტიური გაღვივებისთვის ძალის აღდგენაში შეგიძლიათ დაეხმაროთ. 100%–იან შედეგს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ უმეტესობა მარცვალი გაცოცხლდება. პროცედურის დაწყებამდე თესლი სუფთა წყალში რამდენიმე საათით გააჩერეთ. თოვლის ან წვიმის წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე მარცვლის სიცოცხლისუნარიანობას შეამოწმებთ. კარგი თესლი მძიმეა და ჭურჭლის ძირში ჩავა, ხოლო ცარიელი და გამხმარი თესლი ამოტივტივდება. რაც არ იძირება, გადაყარეთ.

თესლის აღდგენის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

1. თესლის გასაღვიძებლად გამოიყენება ზრდის სტიმულატორი. ეს პრეპარატი სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეულ მათგანს აქვს ინსტრუქცია, როგორ გამოიყენება მოცემული ნივთიერება და რა პროპორციებით.

პრეპარატი ინსტრუქციის მიხედვით სუფთა წყალში გახსენით. შემდეგ ამ სითხეში ორი ჩვარი დაასველეთ. სველი ქსოვილი ყუთის ძირში ჩააფინეთ და თესლი მასზე დააწყვეთ. ზემოდან მეორე ნაჭერი ქსოვილი დააფარეთ. რამდენიმე დღეში გაღვივებული თესლი მიწაში გადარგეთ.

Advertisement

2. წყალბადის ზეჟანგი თესლს გაღვივებაში ეხმარება. პრეპარატი თესლს ჟანგბადით ამდიდრებს. ნახევარ ჭიქა წყალზე 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი საკმარისია. ამ სითხეში თესლი მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ სველ ჩვრებზე გასაღვივებლად დააწყვეთ.

3. თესლის გაცოცხლებაში ალოეც დაგეხმარებათ. ამ სუკულენტის წვენი ნამდვილად სასწაულმოქმედი საშუალებაა, რომელსაც თესლის გაღვივება ბუნებრივად შეუძლია. წვენის გამოსაწურად მცენარის ქვედა ფოთოლი აიღეთ, რომელიც მინიმუმ სამი წლისაა.

ალოეს წვენი და სუფთა წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მიღებულ ხსნარში მარცვალი 8 საათით გააჩერეთ. თესლი ამოიღეთ, ცოტა ხნით სალფეთქზე გაამშრალეთ, შემდეგ მიწაში დათესეთ.

სხვა მეთოდები

4. ნატურალური თაფლი თესლს გაძლიერებაში დაეხმარება. ჭიქაში 100 მლ თბილი წყალი ჩაასხით და 1 ს/კ თაფლი გახსენით. აქვე ჩაყარეთ თესლი და ერთი დღე ჩასალბობად გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და სველ ჩვარში რამდენიმე დღე გააჩერეთ. შესიებული თესლი მიწაში დათესეთ.

5. თესლს ძალების აღდგენაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც ეხმარება. ორი თასი მოამზადეთ. ერთში 60 გრადუსამდე გაცხელებული წყალი ჩაასხით, მეორეში – ცივი.

მოსახერხებელი რომ იყოს, თესლი ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ და გაკვანძეთ. შემდეგ 5 წამით ჯერ ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ ცივში. ასე 6-ჯერ გაიმეორეთ. შოკური თერაპიის შემდეგ თესლი ჩვარზე დაასვენეთ, შემდეგ მიწაში დათესეთ.

Advertisement

6. თესლს „ნაბახუსევიც“ გამოფხიზლებაში დაეხმარება. ნახევარი ჭიქა თბილი წყალი და 2 ს/კ გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელი აურიეთ. თესლი ნარევში 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და სველ ჩვარში რამდენიმე დღე გასაღვივებლად გააჩერეთ. გაღვივებული თესლი მიწაში დათესეთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: თესლი, რომელიც ძალიან დიდხანს, მაგრამ საიმედო პირობებში ინახებოდა, შეგიძლიათ აღადგინოთ. ხოლო გაფუჭებული სათესლე მასალა (თუნდაც ახალი) არ გაღვივდება!

Advertisement