Connect with us

ყვავილები

ზამთარი მოდის. გააკეთეთ მარტივი მოქმედება ნემსიწვერის გადასარჩენად

ნემსიწვერა ოთახის ყვავილია, რომელსაც ბევრი ბავშვობიდან იცნობს. ჩემს უბანში თითქმის ყველა დიასახლისი ამ ყვავილს ზრდის.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს. აი, ჩემს დას ეს ოთახის მცენარე ძალიან უყვარს და მის სუნზე გიჟდება. როგორც იქნა, ამ ყვავილის გაზრდა გადავწყვიტე და დავინტერესდი, როგორ ვიზრუნო მასზე ზამთარში. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა გაუკეთოთ ნემსიწვერას დაზამთრებამდე. მარტივი მოქმედებით ნემსიწვერის გადარჩენას შეძლებთ.

ყვავილის გასხვლა დაზამთრებამდე: სპეციალისტის რჩევები

ნემსიწვერას მზის სინათლე უყვარს. დასავლეთ ან ჩრდილოეთ მხარეს მზის დეფიციტი შეაწუხებს. გასხვლა აუცილებელია, რომ გაზაფხულზე დიდებულად აყვავილდეს. ეს პროცესი დაზამთრებამდე განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ცივ სეზონზე დღის სინათლე იკლებს და ნემსიწვერა შეიძლება ამოიწვეროს. ასე მისი ტოტები დასუსტდება და მტვრევადი გახდება.

გასხვლის დრო სწორად შეარჩიეთ. ოქტომბერი ან ნოემბერი საუკეთესო დროა. ნოემბრის ბოლოს ყვავილი სიმშვიდის ფაზაში გადადის. გასხვლა მანამდე მოასწარით. თუ ყვავილობა არ დაუსრულებია, ყვავილების დაცვენას დაელოდეთ.

მცენარის მდგომარეობა კარგად შეაფასეთ, სანამ გასხლავთ. თუ დრო გაგეპარათ და მცენარე უკვე სიმშვიდის ფაზაშია, გაზაფხულის დაწყებამდე ხელი არ ახლოთ. ნაადრევ გაზაფხულზე გადაჭერით. ასე ჭრილობა შეხორცებას მოასწრებს, სანამ აქტიურ ზრდას და ყვავილობას დაიწყებს.

მაკრატელი ან სეკატორი გამოიყენეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ღერო არ დაჭყლიტოთ და შედეგად ქსოვილის სტრუქტურა არ დააზიანოთ. თუ დამწყები ხართ, ბასრი დანა გამოიყენეთ. ხელსაწყო წყალბადის ზეჟანგით ან სხვა ანტისეპტიკით დაამუშავეთ. ასე მცენარეში ინფექციის გავრცელების რისკს შეამცირებთ.

რა მოვაშოროთ მცენარეს?

  • გაყვითლებული და ხმელი ფოთლები და ტოტები.
  • ბუჩქის შიგნით გაზრდილი ყლორტები.
  • ამოწვერილი, დაზიანებული ან გამრუდებული ყლორტები.
  • დაავადებული ტოტები, თუ აქვს. ასე მცენარის სხვა ნაწილში დაავადების გავრცელებას ხელს შეუშლით.

ფოთლოვანი კვანძის ზემოთ გადაჭერით. დანის პირი ბუჩქისკენ მიმართეთ. გადანაჭერზე აქტივირებული ნახშირი მოაყარეთ, რომ ჭრილობაში ლპობის პროცესი არ დაიწყოს.

გასხვლის შემდეგ მიწა აზოტით გაანოყიერეთ. მცენარე 2 დღე ბნელ ოთახში შეინახეთ და ზომიერად მორწყეთ.

ნემსიწვერის სწორად გასხვლა დაგეხმარებათ, რომ მცენარემ ზამთარი ადვილად გადაიტანოს და გაზაფხულზე მისი დიდებული ყვავილობით დატკბეთ.

Advertisement