Connect with us

ჯანმრთელობა

ვიბრუნებთ სხეულის ფორმას: 5 საუკეთესო დიეტა „არდადეგების შემდეგ“

არდადეგების შემდეგ სხეულის ფორმის დაბრუნების საუკეთესო მეთოდია, საერთოდ არ დაკარგოთ, მაგრამ ზამთრის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ზედმეტი კილოგრამების გამო თავს ნუ გაკიცხავთ. მათი მოშორება რეალურია, მთავარია, ყველაფერი სწორად გააკეთოთ და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო დიეტებს, რომელთა დახმარებით მოხდენილ ფორმებს დაიბრუნებთ. შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში ნებისმიერ დიეტაზე უკეთესია! დიეტოლოგები გირჩევენ, რომ კვირაში 500-1000 გრამის სიჩქარით დაიკლოთ, მეტი არა. კვების სამ მთავარ ეტაპს (საუზმე, სადილი და ვახშამი) დაუმატეთ მეორე საუზმე, ლანჩი და ღამით რძემჟავა პროდუქტი, გაჯერებული ცხიმები ამოიღეთ, შაქრის მიღება შეამცირეთ – ასე თქვენი სხეული მოგეწონებათ. თავს გაუფრთხილდით, არ იშიმშილოთ, ყოველდღე 2 ლ სუფთა წყალი დალიეთ, ივარჯიშეთ და ყველაფერი გამოგივათ. თუ „სწრაფად გახდომა“ მტკიცედ გადაწყვეტილი გაქვთ, გთავაზობთ საუკეთესო დიეტებს.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა

ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო დიეტა, რომელიც შეგიძლიათ მთელი ცხოვრება დაიცვათ. ის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. შიმშილს არ გულისხმობს და დროდადრო ბოკალი ღვინის დალევაც ნებადართულია. დიეტის დროს ზოგჯერ შეგიძლიათ წითელი ხორცი და ყველი მიირთვათ, შეუზღუდავად – ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ზეითუნის ზეთი სალათების საკაზმად.

პევზნერის დიეტა

მანულილ ისააკის ძე პევზნერმა, რომელიც მოსკოვის კვების ინსტიტუტის ერთ–ერთი დამფუძნებელია, შესანიშნავი სამკურნალო დიეტა №8 სპეციალურად გასახდომად შეიმუშავა. დიეტა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს უკუჩვენებულია. იდეალური დიეტის მიდგომები თანამედროვე სწორ კვებაში გამოიყენება: კალორიები შეამცირეთ, ზეთზე არაფერი შეწვათ, ცოტ–ცოტა, მაგრამ ხშირად ჭამეთ, ცხოველური ცხიმები ცოტა მცენარეული ცხიმით ჩაანაცვლეთ, მარილი – მინიმუმი რაოდენობით, სანელებლები და წასახემსებლები – დაივიწყეთ.

იაპონური დიეტა

დღეგრძელების დიეტასაც უწოდებენ. ორიგინალურ ვარიანტში ყოველდღე ნებადართულია: 300-400 გრ ბრინჯი, 200-250 გრ ბოსტნეული, 100 გრ ხილი, კვერცხი, 120 გრ თევზი. კვების რეჟიმი მკაცრია: დღეში 3–ჯერ, წახემსების გარეშე. ალკოჰოლი, თაფლი და შაქარი აკრძალულია, გაზიანი წყალიც. დიეტა 2 კვირა შეგიძლიათ დაიცვათ და მაქსიმუმ 6 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ. თანამედროვე ვარიანტით შეგიძლიათ მიირთვათ არა მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი თევზი, არამედ ინდაურის, ქათმის, უცხიმო ხბოს ხორცი, ახალი, გამომცხვარი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, ხილი (ყურძნის და ბანანის გარდა), უცხიმო ხაჭო, იოგურტი და კეფირი, ყავა, ჩაი და წყალი.

პროტასოვის დიეტა

დიეტის ავტორი ცნობილი დიეტოლოგი კიმ პროტასოვია. დიეტა ეფექტურია, მინიმუმი უკუჩვენებები აქვს და მისი დაცვა მარტივია, რადგან პროდუქტების დათვლა საჭირო არაა. პირველი ორი კვირა ყოველდღე ნებადართულია: ნებისმიერი რძემჟავე პროდუქტი 5%–მდე ცხიმის შემცველობით ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი უმი ბოსტნეული, 3 დიდი მწვანე ვაშლი, კვერცხი. მეორე სამი კვირა ამას ემატება 300 გრ გამომცხვარი ან ორთქლზე მომზადებული ხორცი. 5 კვირა საკმარისია, რომ კვების ჩვევები შეცვალოთ. ასე ადამიანი წლების განმავლობაში სწორად იკვებება, ფუნთუშების, ტკბილეულის და ცხიმიანი კერძების გარეშე.

1 კვირა კეფირზე

თუ უფრო „მკაცრი“ დიეტა მოგწონთ, კეფირის დიეტა სცადეთ. მთავარი კომპონენტი ახალი კეფირია 1% ცხიმის შემცველობით. დამატებით ყოველდღე 2 ლ სუფთა წყალი უნდა დალიოთ. რეგულარული ინტერვალებით და თანაბარი ულუფებით უნდა მიირთვათ.

  • ორშაბათი: 1 კგ უშაქრო ხილი + 1,5 ლ კეფირი
  • სამშაბათი: 4 მოხარშული კარტოფილი + 1 ლ კეფირი
  • ოთხშაბათი: ყველაზე რთული დღე. 1 ლ კეფირი + სუფთა წყალი.
  • ხუთშაბათი: 500 გრ ქათმის ფილე + 1 ლ კეფირი.
  • პარასკევი: 1 კგ ვაშლი + 1,5 ლ კეფირი.
  • შაბათი: 1 კგ ბოსტნეული + 1,5 ლ კეფირი.
  • კვირა: ოთხშაბათის დღე გაიმეორეთ. მხოლოდ კეფირი და წყალი.

ასეთი დიეტა თირკმლის და საჭმლის მომნელებელის სისტემის დარღვევების დროს უკუჩვენებულია.