ჯანმრთელობა
ენდოკრინოლოგი: თავადაც არ იცით, მაგრამ ეს მთელ მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკია
რობერტ ლასტიგი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი ალბათ, ყველაზე პოპულარული ამერიკელი ექიმია. Youtube-ზე მისმა პირველმა პოპულარულმა ლექციამ „შაქარი: მწარე სიმართლე“ 4 მლნ ნახვა, ხოლო მეორე ლექციამ „ცხიმიანი შანსი: ფრუქტოზა 2.0“ 4 მილიონზე მეტმა ნახვა დააგროვა. ბოლოდან დავიწყოთ.
მსოფლიოში ჭარბი წონის პრობლემის მქონე ადამიანი 30%-ით უფრო მეტია, ვიდრე მოშიმშილე. პლანეტის მოსახელობის 5% (366 მლნ ადამიანი) უკვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ეპიდემია განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება.
სიმსუქნე ეროვნული პრობლემა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილის პრობლემა არსებობს. ბავშვების სიმსუქნის დონე განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ეს აშშ-ში, იაპონიასა და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება.
მეტაბოლური სინდრომი – მხოლოდ მსუქანი ადამიანების პრობლემა არაა. მეტაბოლური სინდრომი ნივთიერებების არაჯანსაღი ცვლაა, რომელიც სასიკვდილო დაავადებებს, მათ შორის ინფარქტს, დიაბეტს და სიმსივნეს იწვევს.
ის მხოლოდ ჭარბი წონის ადამიანებში არ გვხვდება: 70% ნორმალური წონის მქონე ადამიანებიდან 40 %-ს ექიმებმა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რომელიც ჭარბი წონის დროს არის დამახასიათებელი. გამოდის, თუ ადამიანი მსუქნად არ გამოიყურება, არ ნიშნავს, რომ მას სიმსუქნის დროს დამახასიათებელი დაავადება არ აქვს.
რა იწვევს სიმსუქნეს: მთავარი მითი
ენერგიის შენახვის კანონი ამბობს, რომ ყველა კალორია (ენერგია), რომელსაც ვიღებთ, აუცილებლად უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში ცხიმების სახით დაგროვდება. საღი აზრი მიგანიშნებთ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად „ცოტა უნდა ჭამოთ და ბევრი იმოძრაოთ“. აქედან მთავარი მცდარი დასკვნა გამოდის: თქვენ ან ცოტას ჭამთ, ან უფრო ბევრს ხარჯავთ, ხოლო თუ ამას არ აკეთებთ, დამნაშავე არავინაა. მთელი პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება, ანუ მომხმარებელს, ანუ დაზარალებულს.
ლასტიგი ასეთი მიდგომის წინააღმდეგ უკვე მრავალი წელია წმინდა ომს ატარებს.
პირველ რიგში, ყველა კალორია ერთნაირად სასარგებლო არაა. სხვადასხვა საკვებიდან მისი ათვისება და შენახვა განსხვავებულად ხდება. ამ მხრივ ტკბილი საკვები უფრო სახიფათოა, ვიდრე ცხიმიანი.
მეორეც, დამტკიცებულია, რომ ფიზიკური ვარჯიში წონის დაკლებას ფაქტიურად ხელს არ უწყობს. რა თქმა უნდა, ფიზიკური ვარჯიში კუნთოვანი მასის დაგროვებას ხელს უწყობს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ წონის ციფრებს თითქმის არ ცვლის.
მესამეც, ყველა ცხიმი ჯანმრთელობისთვის ერთნაირად საზიანო არაა: კანქვეშა ცხიმი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას არ იწვევს და სახიფათო დაავადებების რისკს არ ზრდის. შესაძლოა, ე.წ. ცელულიტი ლამაზად არ გამოიყურება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის საზიანო თითქმის არაა. თავის მხრივ, ვისცერალური (შიდა) ცხიმი შეიძლება ვერც დაინახოთ, მაგრამ სწორედ ის გულს, ღვიძლს და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ედება და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ადამიანებმა უფრო ბევრის ჭამა დაიწყეს. საშუალოდ კაცები დღეში 187 კალორიაზე უფრო მეტს იღებენ, ვიდრე 25 წლის წინ, ქალები 335 კალორიით, ხოლო მოზარდი ბიჭები 275 კალორიით მეტს. რატომ? ადამიანი გადაძღომისკენ მიდრეკილი ზოგადი თავაშვებულობის გამო არაა, არამედ რთული ბიოქიმიური დარღვევის გამო, რასაც გარე სამყაროს ზეწოლა იწვევს.
მთელ მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკი
ჯანსაღი კვების შესახებ პოპულარული წიგნი გვასწავლის, რომ სწრაფი კვების პროდუქტები საზიანოა, რადგან მასში ბევრი მარილი, ცხიმი და შაქარი შედის. სინამდვილეში ტვინში ცხიმსა და მარილზე მიჩვევის მექანიზმი არ არსებობს, სამაგიეროდ შაქარი იმავე პრინციპით მოქმედებს, როგორც ნარკოტიკი. უფრო მეტიც, ტვინში დაჯილდოების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ერთ ნარკოტიკზე მიჩვევით ადამიანი იმაზე მიჩვევასაც ავითარებს, რაც ადრე თვალით არ უნახავს, მაგრამ იმავე ბიოქიმიურ პროცესებს იწვევს. დასკვნა: ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ტკბილეულის ჭამას ეჩვევა, უკვე მოზარდობის პერიოდში ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის მიმართ უფრო მიდრეკილია.
მიუხედავად ამისა, დღეს ტკბილი სასმელების რეკლამა ისე ხდება, როგორც სასარგებლო და ჯანსაღი, „ტვინისთვის აუცილებელი გლუკოზა“, ხოლო „მსუბუქ“ პროდუქტებში ცხიმის გამორიცხვა შაქრით უხვად კომპენსირდება. შაქარი იმ პროდუქტების მოსართავადაც კი გამოიყენება, რომელიც ტკბილ გემოს არ მოითხოვს (მაგალითად, შემწვარი ხორცი). სწორედ ამიტომ, ფრუქტოზის მოხმარება ნახევარი საუკუნის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა.
სიმსუქნის გამომწვევი პროდუქტების რეიტინგში პირველ ორ ადგილს ჩიფსი და კარტოფილი ფრი იკავებს. სასმელებს შორის ტკბილი ლიმონათები, გაზიანი სასმელები და წვენები ლიდერობენ.
ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში შაქრის და შაქრის კულტურის მოხმარება 2-ჯერ გაიზარდა. აქ ბრაზილია ლიდერობს, წარსულში ღარიბი ქვეყანა, რომელიც შაქრის ექსპორტს ახორციელებდა და რომლის შეძენაზეც ადგილობრივებს თანხა არ ყოფნიდათ. მე-20 საუკუნეში შაქარი გაიაფდა, ბრაზილია გამდიდრდა და უკვე მომხმარებელებს შორის ლიდერი გახდა.
თუ მსოფლიოში დიაბეტის გავრცელებას შეხედავთ, ამ დაავადების ყველაზე მეტი პრობლემა უკვე არა ჩრდილოეთ ამერიკაში, არამედ საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მალაზიაში გვხვდება.
რატომაა იქ უფრო მეტი დიაბეტიკი? საქმე კლიმატსა და კულტურაშია: ერთი მხრივ, სიცხეა, მეორე მხრივ, ალკოჰოლი აკრძალულია. შესაბამისად, ყველა ცივ, ტკბილ ლიმონათს სვამს. რაღაც გაგებით ალკოჰოლი ლიმონათზე უსაფრთხოა, რადგან სპირტიანი სასმელის მოხმარებას საზღვარი აქვს, მაგრამ გაზიან სასმელს ლიტრობით ვსვამთ.
ნარკომანია – ვაჭრობის მამოძრავებელი
საიდან იღებს თანამედროვე ადამიანი შაქარს? დაახლოებით მესამედს ტკბილი სასმელებისგან ვიღებთ, მეექვსე ნაწილს დესერტებიდან ვჭამთ, დაახლოებით ნახევარი შაქარი იმალება საკვებში, რომელიც ტკბილი არაა – სოუსი, პური, მაკარონი და თითქმის ყველა საწარმოო საკვები. 1990 წელს ამერიკულმა კვების ინდუსტრიამ ახალი წესი FDA (პროდუქტებსა და მედიკამენტებზე კონტროლის ამერიკული კომისია) შემოიღო, რომლის მიხედვით მწარმოებლებს ეტიკეტზე შაქრის ზუსტი რაოდენობის მითითება არ ევალებათ. კომპანიები ამას იმით ხსნიან, რომ ასე რეცეპტურას, ფირმის საიდუმლოს ინახავენ. დღემდე კანონი შაქრის რაოდენობის მითითებას კომპანიებს არ ავალდებულებს. პროდუქტების 80%, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდება, შაქარს შეიცავს. შაქარი ვაჭრობის მამოძრავებელია. შაქარს ნარკოტიკული ეფექტი აქვს, ამიტომ უფრო მეტი პროდუქტის ყიდვას და ჭამას გვაიძულებს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საშუალო მომხმარებელმა ხორცსა და რძის პროდუქტებს ფულის ხარჯვა მნიშნვნელოვნად (5-10%) შეამცირა, ხოლო ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულობაზე ხარჯები 2-ჯერ გაზარდა.
რამდენიმე კომპანია, რომელთა აქციები და შემოსავლები 2008 წლის კრიზისის მიუხედავად გაიზარდა – McDonalds, Coca-Cola, Pepsi. მათ წარმატების ფორმულა აქვთ, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი პროდუქტის გაყიდვის საშუალებას აძლევთ. უბრალო ადამიანი დაუცველია, რადგან წარმოდგენა არ აქვს, თუ შაქარზე რამდენად ღრმად არის დამოკიდებული. ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ შაქრის ნარკომანია შეზღუდოს და და მასთან დაკავშირებული მზარდი ეპიდემია შეაფერხოს.