Connect with us

ყვავილები

დიდებულად აყვავდება! ძველი იის განახლების მარტივი მეთოდი

ოთახის ია ულამაზესი ყვავილია, რომელიც ბინის ინტერიერს ამშვენებს. მელნისფერი, ღია ლურჯი, ვარდისფერი თუ თეთრი ოთახის ია დროთა განმავლობაში ბერდება, ღერო ზემოთ იწვერება, ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ყვავილები მცირდება. Аlltime.ge–ს რედაქცია ძველი იის განახლების მეთოდებს გიზიარებთ.

ძველი იის განახლების მეთოდები

ია, იგივე სენპოლია ყველგან იზრდება, როგორც ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, ასევე სახლში, ქოთანში. ყვავილის თვისებები შეისწავლეთ, რომ მასზე სწორად იზრუნოთ.

ახალი ია ბევრი ფოთლით და ყვავილით დახუნძლულია. ბებერი იის ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ღერო შიშვლდება, ზრდას ვერტიკალურად აგრძელებს. ყვავილების რაოდენობა მცირდება. ერთი სიტყვით, ესთეტიკურად არ გამოიყურება.

გიზიარებთ ორ მეთოდს, რომელთა გამოყენებით ძველი ია გაცოცხლდება და ისევ აყვავილდება.

მეთოდი №1

მცენარეს დააკვირდით, თუ ღერო მიწიდან მხოლოდ 3–4 სმ–ით გაშიშვლებულია, ამ მეთოდის გამოყენებით ყვავილის გადარჩენას შეძლებთ. ახალ ქოთანში უფრო ღრმად ჩარგეთ.

  • მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ. ფესვებიდან მიწა არ ჩამოფერთხოთ.
  • ყველა ქვედა ფოთოლი, რომელიც ყვითელი ან დამჭკნარია, მოაშორეთ.
  • დიდი მაკრატლით ფესვების ნაწილი მიწიანად გადაჭერით. გახსოვდეთ, რომ დიდი ნაწილი მცენარეზე უნდა დარჩეს.
  • ახალ ქოთანში გადარგეთ. ახალი მიწა დაუმატეთ.

ქოთნის ძირში დრენაჟის ფენა აუცილებელია. ია მორწყეთ. 2–3 კვირის შემდეგ სასუქი შეგიძლიათ დაუმატოთ. მალე ღეროზე ახალი ტოტები გამოჩნდება, ყვავილი უხვად აყვავილდება.

მეთოდი №2

თუ მცენარის ღერო ძალიან გაშიშვლებული, გაუხეშებული და გაყავისფერებულია, ეს ხრიკი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში, წყალში გააფესვიანეთ.

  • ია ქოთნიდან ამოიღეთ, მოაშორეთ ქვედა ფოთლები, რომ ღეროს მწვანე ნაწილი მოშიშვლდეს.
  • ქვედა ნაწილი ფესვებიანად მთლიანად გადაჭერით. ბასრი დანა გამოიყენეთ.
  • თუ ღერო მთლიანად ყავისფერია, ქერქი მოაშორეთ, რომ ასე მწვანე ნაწილი გამოჩნდეს.
  • 20–30 წუთით დაასვენეთ. ასე ოდნავ გაშრება.
  • ამის შემდეგ წყალში ჩადეთ და გაფესვიანებას დაელოდეთ.

როცა ფესვები 2–3 სმ–მდე გაიზრდება, ქოთანში ჩარგეთ. ორპირ ქარს და ცივ ჰაერს მოარიდეთ. ნაზი პირობები შეუქმენით. აუცილებლად მორწყეთ. ახალი ფოთლების ფორმირების შემდეგ სასუქი დაუმატეთ. მალე ია ფერადი და ლამაზი ყვავილებით დაიფარება.

Advertisement