სახლი და დიზაინი
გაზიანი წყლით სახლის სწრაფად დალაგების 10 საიდუმლო ხრიკი
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან: გაზიან წყალს ათობით სხვადასხვა საწმენდი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. არ გჯერათ? სცადეთ და თავად დარწმუნდებით. აი, გაზიანი წყლის გამოყენების რამდენიმე მეთოდი.
სამკაულების მოვლა
ღრმა თასში გაზიანი წყალი ჩაასხით და რამდენიმე წვეთი რბილი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ამ სითხეში სამკაულები მოათავსეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით სამკაულები ჯერ საპნიან წყალში, შემდეგ სუფთა წყალში გაავლეთ და რბილი ქსოვილით გაამშრალეთ.
გაზიანი წყალი ლითონს არა მხოლოდ ჭუჭყს და მტვერს მოაშორებს, არამედ ძვირფას ქვებს ბზინვარებას დაუბრუნებს.
ჟანგის მოშორება
გაზიანი წყალი ლითონიდან ჟანგის მოსაშორებლად გამოიყენეთ. მასში შემავალი ნახშირორჟანგი რკინის დაჟანგვის პროცესს სრულად ანეიტრალებს ან აფერხებს. გაზიან წყალში დაჟანგული ლითონის ნაწარმი რამდენიმე საათით ჩაალბეთ – დაე, ბუშტებმა თავისი საქმე გააკეთონ.
საქარე მინის გაწმენდა
გაზიანი წყალი დაგეხმარებათ, რომ საქარე მინას ჭუჭყი, მტვერი, ფრინველის და მწერების სკინტლი სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე მოაშოროთ. გაზიანი წყალი შეგიძლიათ სახლში ფანჯრების და სარკეების საწმენდად გამოიყენოთ. ზოლების და ნაკაწრების არ არსებობა გარანტირებული გექნებათ!
ქვიანი ზედაპირის გაპრიალება
ნატურალური ქვისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირის და ნიჟარის მფლობელებმა იციან, თუ ეს მასალა რამდენად პრეტენზიულია. მათ მოსავლელად სტანდარტული საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. აი, გაზიანი წყალი ამ მიზნით იდეალურად გამოგადგებათ.
ნახშირორჟანგი ზედაპირს ჭუჭყისგან ნაზად, დაზიანების გარეშე გაწმენდს.
მიმწვარი ცხიმი
ქვაბის და ტაფისგან მიმწვარი ცხიმის მოშორება მარტივი საქმე არაა. წვალება არ ღირს! ჯერ კიდევ თბილ ჭურჭელში საკმარისი რაოდენობის გაზიანი წყალი ჩაასხით, რამდენიმე საათით გააჩერეთ – ცხიმი და ნადები წვალების გარეშე მოშორდება.
გაპრიალებამდე!
გაზიანი წყალი ყველაზე მარტივი მეთოდია, რომ გახუნებულ დანა-ჩანგალს, მინის და ბროლის ჭურჭელს ბზინვარება დაუბრუნოთ. ნაწარმი გაზიან წყალში 10-15 წუთით ჩაალბეთ, შემდეგ ზედაპირი რბილი, უბეწვო ქსოვილით გააპრიალეთ.
ლაქების მოშორება
გაზიანი წყალი ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობის ლაქების მოსაშორებლად ეფექტურ საშუალებად ითვლება. ნახშირორჟანგი მხოლოდ ჭუჭყზე მოქმედებს, თავად ქსოვილს არ აზიანებს და ფერის ცვლილებას არ იწვევს.
გაზიანი წყალი წითელი ღვინის და ცხიმიანი საკვების ლაქებთან უფრო მეტად ეფექტურია – ოღონდ მაქსიმალურად ახალი ლაქა უნდა მოაშოროთ.
სუნის განეიტრალება
გაზიანი წყლის დახმარებით კატის შარდის მძაფრ სუნს სწრაფად გაანეიტრალებთ. გუბის აღმოჩენისას სითხე კარგად შემწოვი ქსოვილით მოწმინდეთ და ჭუჭყიანი ადგილი გაზიანი წყლით დანამეთ. გაზის ბუშტები უსიამოვნო სუნს გააქრობს და ლაქების წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ.
ხისტი წყლის ლაქები
ნახშირორჟანგით გამდიდრებული წყალი დაგეხმარებათ ხისტი წყლის ლაქების და ნადების მოშორებაში. პულვერიზატორი გაზიანი სითხით აავსეთ და ქრომირებული ონკანები და საშხაპე კაბინის მინის კარები დანამეთ, შემდეგ უხეში ქსოვილით გაწმინდეთ.
ჩაის და ყავის ნადები
ჩაის ან ყავის მუქი ნადების მოშორება გაზიანი წყლით მარტივად შეიძლება. ჭიქა მინერალური წყლით გაავსეთ და ღამით გააჩერეთ, დილით ჭურჭელი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.