ყვავილები
გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ
გაზაფხული გვიახლოვდება და Alltime.ge-ს რედაქცია შეგახსენებთ, თუ როდის და როგორ უნდა გადარგოთ ოთახი მცენარე, რომ მათ კარგი ზრდით და ყვავილობით მადლობა გადაგიხადონ.
როდის გადავრგოთ ოთახის მცენარე
თავდაპირველად შეგახსენებთ, თუ როგორ იძლევა მცენარე სიგნალს გადარგვის შესახებ. ამაზე რამდენი ნიშანი მიგანიშნებთ.
1. ზრდის ტემპი სწორი მოვლის მიუხედავად ნელდება.
2. სადრენაჟო ხვრელიდან ფესვები ჩანს.
3. თქვენ ახლახანს საჩუქრად მიიღეთ მცენარე პლასტმასის, მაღაზიის ქოთანში.
4. ახალი ფოთლები ჩვეულებრივზე პატარაა და გაჯერებული ფერი არ აქვთ.
5. მცენარე ქოთანთან ვიზუალურად არაპროპორციულია.
როგორ შევარჩიოთ ქოთანი?
პირველ რიგში, წინა ქოთნის ზომა გაითვალისწინეთ. ახალი ჭურჭელი ძველი ქოთნის დიამეტრზე მინიმუმ რამდენიმე სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს. რაც უფრო მსხვილია მცენარე, მით უფრო დიდი უნდა იყოს ახალი ქოთანი.
გარდა ამისა, ნაწარმის მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ტერაკოტას, კერამიკას ან პლასტმასს იყენებენ. გაითვალისწინეთ, რომ ფორებიან ტერაკოტას ქოთანში ნიადაგი ძალიან შრება. სწორედ ამიტომ, სჯობს ასეთ ქოთანში დარგოთ მცენარეები, რომელთაც უხვი მორწყვა არ სჭირდებათ. აი, კერამიკის და პლასტმასის ქოთნებში მწვანე, ტენიანობის მოყვარული მცენარეები დარგეთ. თუ აირჩიეთ კაშპო ნახვრეტის გარეშე, ქოთნის ძირში კარგი დრენაჟის ფენა აუცილებლად მოათავსეთ და მცენარე უფრო იშვიათად მორწყეთ.
რა განსხვავებაა გადარგვასა და ქოთნის შეცვლას შორის. როგორ შევუცვალოთ ადგილი მცენარეს სწორად?
როცა ქოთნიდან მცენარეს ვიღებთ და ფესვებს მიწისგან ვათავისუფლებთ, ამას გადარგვა ჰქვია. უმეტესად ამას არ აკეთებენ. ძველი მიწის შენჟღრევით, შესაძლოა მცენარის ფესვები დააზიანოთ, რაც კვდომას გამოიწვევს. აი, ადგილის შეცვლა ნებისმიერ ჯანმრთელ მცენარეს სჭირდება. ამ შემთხვევაში უბრალოდ ქოთნიდან ამოიღეთ და ახალში მოათავსეთ, უბრალოდ ცოტა მიწა დაუმატეთ.
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, სანამ მცენარეს ახალ ქოთანში გადარგავთ
- მცენარე მარტივად რომ ამოიღოთ, გადარგვამდე არ მორწყათ.
- დრენაჟის ფენა ყოველთვის გაუკეთეთ და გაითვალისწინეთ, რომ უკვე პირველი მორწყვის შემდეგ ქოთანში მიწა ჯდება.
- თუ პროცესში მცენარის ფესვები დაზიანდა, მისი მორწყვა არ იჩქაროთ. ასე ლპობის რისკს შეამცირებთ.
ოთახის მცენარის გადასარგავად ამ დეტალების შესახებ იცოდით? თამამად გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები, როგორ მივაღწიოთ მწვანე მცენარეების აქტიურ ზრდას და ყვავილობას. წარმატებას გისურვებთ!