Connect with us

საკითხავი

აღარასოდეს ვიყიდი: შევესწარი, რა ხდება მაღაზიებში, სადაც ასაწონ პროდუქციას ყიდიან

პროდუქციის წონით ყიდვა თითქმის ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე შეფუთულის. ამ უკანასკნელის ფასი შემფუთველის მუშაობისა და დამატებითი შეფუთვის გამო იზრდება. მეორე მხრივ, ქარხნული შეფუთვა სტერილობის ერთგვარი გარანტიაა, რადგან ასაწონი პროდუქტები ინფექციების წყაროებთან პირდაპირ კავშირშია.

ჰიგიენის წესები შეიძლება დაირღვას წარმოებისას, ტრანსპორტირებისას, გაყიდვისა და შენახვისას. არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტს სხვა მყიდველებიც ხელს კიდებენ ან ტანსაცმლით ეხებიან. და მაინც, ზოგიერთ შემთხვევაში ასაწონი პროდუქციის ყიდვა უფრო მომგებიანია, თუ რიგ წესებს დაიცავთ. Аlltime.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, რომლის ყიდვა სჯობს, ასაწონი თუ შეფუთული პროდუქციის.

რა ემართება ასაწონ პროდუქციას: ამბავი ცხოვრებიდან

ახლახანს სუპერმარკეტში უსიამოვნო სიტუაციის შემსწრე გავხდი. ვთქვა, რომ მომხდარმა შოკში ჩამაგდო, ნიშნავს, არაფერი ვთქვა. დავიწყებ იმით, რომ საღამოს მეგობარი სტუმრად მოსვლას აპირებდა. მინდოდა მომზადებულიყავი, სახლის დალაგება და ყავაზე მისაყოლებლად რაღაც ტკბილეულის ყიდვა გადავწყვიტე. ძველებურად ასაწონი შოკოლადის კანფეტის ყიდვა გადავწყვიტე. რა საჭიროა ლამაზ შეფუთვაში ზედმეტის გადახდა, თუ სახლში მაინც ლამაზ თეფშზე უნდა დავაწყო?

უკვე საკონდიტრო განყოფილებაში ერთი შეხედვით წესიერ მოხუც ქალს შევხვდი. ჩემსავით ყავაზე მისაყოლებლად ცოტა კანფეტის ყიდვა გადაწყვიტა. ოღონდ უნდა გენახათ, როგორ არჩევდა! ქალი თითქმის ყველა კანფეტს ხსნიდა, ხელით სინჯავდა და, ჩემი აზრით, რამდენჯერმე დააგემოვნა კიდეც. იმას, რომელიც არ მოსწონდა, ისევ ახვევდა და უკან აბრუნებდა. სიმართლე გითხრათ, ნანახისგან ჟრუანტელმა დამიარა. ვინ იცის, რამდენი ვიღაცის ალოკილი კანფეტი მივირთვი? მაშინვე მოხუც ქალს შენიშვნა მივეცი, ტკბილეულის პირველივე შეფუთვა, რომელიც შემხვდა, ავიღე და იმ ავადსახსენებელი მაღაზიიდან გამოვვარდი.

უკვე საღამოს მეგობარმა გამიმხილა, რომ ასაწონ ტკბილეულს დიდი ხანია აღარ ყიდულობს, მაგრამ სხვა მიზეზით. ერთხელ ნაცნობმა გამყიდველმა უთხრა, რომ ასაწონ პროდუქციაში ხვდება როგორც ახალი, ასევე ვადაგასული კანფეტი. ჩვეულებრივ, მათ ურევენ და უპრობლემოდ ასაღებენ. საეჭვო ეკონომია გამოდის. დიდი რისკია, რომ ძველ ან დაინფიცირებულ პროდუქციას მიირთმევთ.

ჩირი და კაკალი

გარგარის ჩირი, შავქლიავი, ქიშმიში და კაკალი, მათ ბევრი ადამიანი თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევს. იდეალურად გაწმენდა შეიძლება არც გამოგივიდეთ. ზოგიერთ კაკალში ჩუმად ვითარდება ობი, თუმცა გარეგნულად ნორმალური ჩანს. სწორედ ამიტომ, ასეთი პროდუქცია უმჯობესია ქარხნულ შეფუთვაში შეიძინოთ. ასე ძვირი გამოდის, მაგრამ ნამდვილად უსაფრთხოა.

ორცხობილა

ასაწონი ორცხობილის ყიდვაც არ ღირს. მათი შენახვის უჯრაში ხელსაყრელი გარემოა სოკოს და სხვა მავნე ბაქტერიის გასამრავლებლად. ასეთ პროდუქტთან შეიძლება დაახველონ, დააცემინონ, მას დაუბანელი ხელით ან საგარეო ტანსაცმლით ეხებიან. დაგვეთანხმეთ, რომ ორცხობილას არავინ რეცხავს და არავინ ამზადებს ჭამამდე. სწორედ ამიტომ, მავნე მიკროორგანიზმები არსად ქრება, არამედ პირდაპირ ჩვენს ორგანიზმში ხვდება.

გაყინული ნახევრად მზა პროდუქტი

იგივე ნებისმიერ გაყინულ პროდუქტს ეხება. ქარხნული პელმენი, გირცი, ხინკალი ყველასთვის ხელმისაწვდომია. პირველ რიგში, გაუგებარია, რამდენ ხანს ინახება. მეორეც, ყველა მყიდველი მსგავსი პროდუქტის შეძენისას პასუხისმგებლობით არ გამოირჩევა.

არაერთხელ მინახავს, როცა პელმენს პარკში პირდაპირ ხელით ყრიდნენ, სპეციალური აქანდაზის გამოყენების გარეშე. ზოგი ნახევრად მზა პროდუქტს იატაკზე დავარდნის შემდეგ საერთო კონტეინერში ურცხვად აბრუნებს. ღირს გარისკვა და ასაწონი კიბორჩხალის ჩხირების ყიდვა შეფუთული მსგავსი პროდუქტის ნაცვლად? პასუხი ნათელია: არა და კიდევ ერთხელ არა! მათ ჭუჭყიანი ხელებით შეიძლება ეხებოდნენ! რომელი მყიდველი იბანს ან იწმენდს ხელს სუპერმარკეტში? სწორია, არავინ. მსგავსი პროდუქციის დანახვაზე, რბილად რომ ვთქვათ, თავს უხერხულად ვგრძნობ.

მარცვლეული

მარცვლეული ცალკე თემაა. თუ კანფეტი როგორღაც მაინც შეფუთულია, ხოლო გაყინული პროდუქცია მინაში ინახება, მარცვლეული ხშირად ღია კონტეინერშია. რამდენ ხანს არის იქ და რამდენი ადამიანი შეეხო? უცნობია. საეჭვოა, რომ მარცვლეულის შესანახ კონტეინერს ოდესმე მაინც რეცხავენ ან ამუშავებენ. ეს ხომ ბაქტერიების და მიკრობების გასავითარებლად ხელსაყრელი გარემოა.

ახალი ხილი და ბოსტნეული

რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, მთავარია, კარგად გარეცხოთ (სასურველია, სოდით). გაყინული ხილი და ბოსტნეული წონით არ იყიდოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავებაც ყველა სახიფათო მიკროორგანიზმს ყოველთვის არ კლავს. ქარხნული შეფუთვა ასეთი პროდუქტის უსაფრთხოების გარანტიას უფრო იძლევა. გირჩევთ, ასაწონი პროდუქცია პატარა, არასანდო მაღაზიებში არ შეიძინოთ. მსგავს სავაჭრო ცენტრებში სანიტარულ–ჰიგიენური წესები ვაჭრობის მთავარი ფაქტორი არაა.

ზოგადად, ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულია: ასაწონი პროდუქციის ყიდვა არ ღირს. თეთრებს ზოგავთ, მაგრამ ჯანმრთელობას გაუმართლებელი რისკის ქვეშ აყენებთ. ბებიის და კანფეტის შემთხვევამ ამაში დამარწმუნა. გახსოვდეთ: შესაფუთი პროდუქცია შეიძლება იყოს ისეთი დაავადების გამავრცელებელი, როგორიცაა სალმონელოზი, დიზენტერია, ჰელმინთოზი, ნაწლავური ჩხირები და ქოლერაც.

Advertisement