Connect with us

კულინარია

ალუბლის კერძების შეუდარებელი ხუთეული. ყველა რეცეპტის გასინჯვა მსურს

როდის დავანაყროთ ორგანიზმი ვიტამინებით და სასარგებლო მიკროელემენტებით, თუ არა ზაფხულში? სად ვიპოვოთ? რა თქმა უნდა, სეზონურ ხილში, ბოსტნეულსა და კენკრაში, რომლითაც მაღაზიების დახლები ახლა სავსეა. Alltime.ge–ს რედაქცია ალუბლის შესანიშნავ დესერტებს გთავაზობთ. დაიმახსოვრეთ და თავად სცადეთ მომზადება!

აქ, დაგხვდებათ მრავალფენიანი ტორტი, ფრანგული ტრადიციული ღვეზელი და გემრიელი გირცები. რა თქმა უნდა, „ალუბალი ტორტზე“ შეიძლება ჩაითვალოს მურაბის რეცეპტი როზმარინის ნოტით და ცივი სანგრიის რეცეპტი. დარწმუნებული ვარ, თითოეული რეცეპტის მომზადების სურვილი გაგიჩნდებათ!

ალუბლის დესერტები ნებისმიერი გემოვნებისთვის

გირცები ხაჭოთი და ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ალუბალი
  • 150 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხის გული
  • 75 გრ შაქარი
  • 520 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 300 მლ წყალი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, ცომი მოამზადეთ. ფქვილი და მარილი აურიეთ, ინგრედიენტები გაცერით. მასას ცენტრში წვრილ–წვრილად წყალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  2. ბოლოს რბილი ცომი ხელით მოზილეთ. საჭიროების შემთხვევაში წყალი დაუმატეთ. ცომს შესაფუთი პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე 40 წუთით გააჩერეთ.
  3. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. კენკრა გარეცხეთ და კურკები ამოიღეთ.
  4. ხაჭო შაქართან და კვერცხის გულთან ერთად ცოტა ათქვიფეთ. შემდეგ ალუბალი დაუმატეთ და ინგრედიენტები აურიეთ.
  5. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი გააბრტყელეთ. წრეები ამოჭერით, თითოეულის ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ და კუთხეები შეკარით.
  6. ქვაბი წყლით გაავსეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, მარილი მოაყარეთ და აურიეთ. გირცები საშუალო ცეცხლზე ხარშეთ.

არაჟნის ტორტი ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1,6 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 3 ჭიქა არაჟანი
  • 100 გრ ალუბლის ჯემი
  • 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 800 გრ ალუბალი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი
  • გახეხილი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხი ერთ ჭიქა შაქართან, ნახევარ ვანილის ექსტრაქტთან და მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ. ამის შემდეგ 1 ჭიქა არაჟანი დაუმატეთ და ინგრედიენტებს აურიეთ.
  2. ფქვილს გამაფხვიერებელი და სოდა დაუმატეთ, გაცერით. ცოტ–ცოტა კვერცხი–არაჟნის მასა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ოდნავ ფქვილი მოაყარეთ. ფორმაში ცომი ჩაასხით და 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ. ამის შემდეგ ბისკვიტი ფორმაშივე გააგრილეთ, ამოიღეთ და სიგრძეზე 3 ნაწილად გაყავით.
  4. დარჩენილი ცივი არაჟანი დარჩენილ შაქართან ერთად შაქრის სრულად გახსნამდე ათქვიფეთ. კრემი სქელი უნდა იყოს. ამის შემდეგ ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ.
  5. ქვედა ბისკვიტის ფენა ლამაზ თეფშზე დადეთ და ჯერ ალუბლის ჯემი წაუსვით, შემდეგ არაჟნის კრემი. ზემოდან ალუბლის მესამედი ნაწილი მოაყარეთ. ინგრედიენტების თანმიმდევრობა გაიმეორეთ. ტორტი მინიმუმ 2 საათით მაცივარში შეინახეთ.
  6. სუფრაზე გატანის წინ ტორტს გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.

ალუბლის მურაბა თაფლით და როზმარინით

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ალუბალი
  • 450 გრ თაფლი
  • 1 ტოტი როზმარინი
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ/კ ზღვის მარილი

მომზადება:

  1. თითოეული ალუბალი შუაზე გაჭერით, კურკები მოაშორეთ.
  2. ალუბალი თაფლთან და როზმარინთან ერთად სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და დაახლოებით 20 წუთით ზომიერ ცეცხლზე ხარშეთ. პერიოდულად აურიეთ.
  3. ბოლოს ლიმონის წვენი და ზღვის მარილი დაუმატეთ.
  4. მურაბა გააგრილეთ და ქილებში ჩაასხით. ტკბილეული მაცივარში შეინახეთ. თუ ზამთრისთვის კონსერვების შენახვა გსურთ, სტერილური ქილები წინასწარ მოამზადეთ და მოხუფეთ.

ფრანგული კლაფუტი ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა ალუბალი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 1,25 ჭიქა რძე
  • 0,6 ჭიქა შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება:

  1. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, მარილი, ვანილის ექსტრაქტი, რძე და ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი თხევადი ცომის მიღებამდე აურიეთ.
  2. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ცომი ჩაასხით. ალუბალი დაუმატეთ და 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-55 წუთით აცხვეთ.
  3. კლაფუტი გააგრილეთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ალუბლის სანგრია

ინგრედიენტები:

  • 1 ბოთლი წითელი ღვინო
  • 4 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 2 ჭიქა ალუბალი
  • 180 მლ ალუბლის სიროფი
  • 100 მლ ფორთოხლის ლიქიორი
  • ყინული გემოვნებით
  • ფორთოხალი გემოვნებით

მომზადება:

  1. ფორთოხლის წვენი, ღვინო, ლიქიორი და სიროფი აურიეთ. კენკრა დაუმატეთ და მაცივარში მინიმუმ 4 საათით გააჩერეთ. სხვათა შორის, სიროფის ნაცვლად შეგიძლიათ მურაბა გამოიყენოთ.
  2. სანგრია ჭიქებში ჩაასხით, ფორთოხლის ნაჭრები და ყინული გემოვნებით დაუმატეთ.

არ იდარდოთ, რომ ალუბლის სეზონი მალე სრულდება. თქვენ შეგიძლიათ კენკრა გაყინოთ და გემრიელი ალუბლის კერძები ზამთარშიც მოამზადოთ. შესანიშნავი ვარიანტი მათთვის, ვისაც წლის ნებისმიერ სეზონზე დესერტების მირთმევა უყვარს.

Advertisement