Connect with us

ყვავილები

ალერგია, დამწვრობა, სუნთქვის პრობლემები: რომელმა მცენარემ შეიძლება მოგკლათ?

მცენარე ჰაერს ჟანგბადით ამდიდრებს, სტრესს ამცირებს, სახლს უფრო მყუდროს ხდის, თუმცა შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მოგვკლას კიდეც. ზოგიერთი ოთახის მცენარე, რომელთა ნახვას სახლსა თუ ოფისში მიჩვეული ვართ, რომლებიც ხშირად გვხვდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც ვფიქრობთ. გთავაზობთ ტოპ 5 სახიფათო ოთახის მცენარეს. შეამოწმეთ, სახლში ასეთი მწვანე მაქცია ხომ არ გაქვთ?

ფიკუსი

უზარმაზარი ხორციანი ფოთლები, ღერო, უფრო ხეს ჰგავს – ფიკუსს ხშირად დგამენ ოფისებში, სკოლებსა და კლინიკებში. არადა მცენარე ერთ–ერთი ძლიერი ალერგენია, ხოლო მისი წვენი კანზე მოხვედრისას ნამდვილ დამწვრობას იწვევს. თუ თქვენ და თქვენი შვილი ალერგიული ხართ (თუ მოულოდნელად სურდო, თვალის სიწითლე ან ცრემლდენა გაჩნდა), სჯობს სახლიდან ფიკუსი მოიშოროთ.

დიფენბახია

ღია მწვანე ფოთლები, ცენტრში მკრთალი ჩალისფერი ზოლით, მცენარეს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. მას ინტერიერის გასაფორმებლად ხშირად იყენებენ. თუ სახლში შინაური ცხოველი ან პატარა ბავშვი ცხოვრობს, სჯობს ამ მცენარეზე უარი თქვათ. მისი ფოთლები შეიცავს ოქსალატის კრისტალებს, რაც ერთგვარი მიკროსკოპული ნემსებია, რომლებიც ცხვირ–ხახის ლორწოვან გარსში მოხვედრისას გაღიზიანებას, ძლიერ დაზიანებას და შეშუპებას იწვევენ. ამან თავის მხრივ შეიძლება სუნთქვის შეკავება და სიკვდილი გამოიწვიოს. თუ სახლში მხოლოდ ზრდასრულები ცხოვრობენ, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, მის ფოთლებს მხოლოდ ხელთათმანით შეეხეთ.

მონსტერა

მარადმწვანე ლიანა მსხვილი, ამოჭრილი ფოთლებით, რომელიც შეიძლება რამდენიმე მეტრამდე გაიზარდოს. თუ რომელიმე ოჯახის წევრს ფილტვების ან გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადება აწუხებს, მცენარის ქონა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: ღამით ის ძალიან ბევრ ნახშირორჟანგს აწარმოებს, რის გამოც ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს. გარდა ამისა, მონსტერას ფოთლები შეიცავს კალციუმის ოქსალატის კრისტალებს, რამაც გასინჯვისას შეიძლება ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს.

აზალია

ფერადი, ლამაზი ყვავილები, უპრეტენზიო მცენარე – აზალიას ოთახის მცენარეების დედოფალს ტყუილად არ უწოდებენ. მაგრამ დედოფალი აშკარად მედიჩების ოჯახიდანაა: ნივთიერება გლიკოზიდი, რომლითაც მისი ფოთლები მდიდარია, ორგანიზმში მოხვედრისას მოწამვლას და არითმიას იწვევს. თუ დროულად დახმარებას არ აღმოუჩენთ, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

რძიანა

პუანსეტია (შობის ვარსკვლავი) – რძიანასებრთა ოჯახის ულამაზესი და ყველაზე მომაკვდინებელი წარმომადგენელი. შობის დროს ყვავილობის გამო მას ბეთლემის ვარსკვლავს უწოდებენ, მაგრამ სჯობს ამ ვარსკვლავის დაჭერა არ ისურვოთ. მის ფოთლებში, ღეროსა და ფესვებში შემავალი რძიანი წვენი ძალიან შხამიანია: კანზე მოხვედრისას დამწვრობას და წყლულებს იწვევს, ხოლო თვალში მოხვედრისას შეიძლება მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვიოს.