Connect with us

ჯანმრთელობა

ჰიბისკუსის ჩაი, რატომ არის სასარგებლო ქალებისთვის და როგორ მოამზადოთ სწორად

კარკადეს ან ჰიბისკუსის ჩაი არომატული გამაგრილებელი სასმელია მსუბუქი მჟავე გემოთი. ცივი ან ცხელი კარკადეს ჩაის დალევა როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში სასარგებლოა. ბევრ C ვიტამინს შეიცავს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა დალიოთ კარკადეს ჩაი და რა სასარგებლო თვისებებს ფლობს.

კარკადეს სარგებელი: ვარკვევთ დეტალურად

ჰიბისკუსი ბალბისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, სითბო უყვარს, ხარობს იქ, სადაც თოვლი და მკაცრი ზამთარი არაა. მოწითალო–ვარდისფერი (მუქიდან ღია ელფერამდე) ლამაზი ყვავილები აქვს. ჩაი მისი ყვავილებიდან მზადდება. ყვავილობისას გამოხატული სუნი არ აქვს, მაგრამ გახმობისას და ფერმენტაციისას მომჟავო გამაგრილებელ ნახარშს იძლევა. მისი წყალობით წყურვილს მოიკლავთ და ორგანიზმს ვიტამინებით გაავსებთ.

ძველ ეგვიპტეში კარკადეს ჩაის ფარაონების და ღმერთების სასმელად თვლიდნენ, არადა ეგვიპტის თბილ და ნოტიო კლიმატში თითქმის ყველგან იზრდება. ჩაი მდუღარე წყლით მზადდება. ჯერ ყვავილის ფურცლები გაახმეთ. ბოლომდე გახმობამდე ცოტა ხნით ადრე თითებით დასრისეთ ან კოვზი გამოიყენეთ. ფერმენტაციის ამ მეთოდით ფურცლები სასარგებლო ნივთიერებებს სასმელს უკეთ მიაწვდის.

კარკადეს სარგებელი ქალებისთვის და არა მხოლოდ

ჰიბისკუსის ყვავილს მოწითალო ფერი აქვს. ბუნებაში ასეთ ფერს იძლევა ანტოციანები, რომელიც სისხლში ქოლესტერინს ამცირებს და წნევის შემცირებაში გვეხმარება. კარკადეში შემავალი ლინოლეუმის მჟავა სისხლძარღვებზე დადებითად მოქმედებს და ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნას ხელს უშლის.

ქალებისთვის ახლა უფრო საინტერესო იქნება. კარკადეს ჩაი არა მხოლოდ ჯანმრთელობას აძლიერებს, არამედ წონას ამცირებს. მარტო ვერაფერს გახდება, მაგრამ კომბინაციაში (ვარჯიში, დიეტა ან სწორი კვება) ზედმეტ კილოგრამებს უფრო სწრაფად მოიშორებთ. ჰიბისკუსის სასმელი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, მასში შემავალი მჟავები ცხიმებს შლის.

კარკადეს ჩაის სხვა სასარგებლო თვისებები, რომლებიც ექიმებმა დაამტკიცეს

  • შარდმდენი ეფექტი აქვს. ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს.
  • წნევას ამცირებს. ცივი, გაჩერებული სასმელი დალიეთ.
  • დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ღამით შეგიძლიათ დალიოთ, რადგან კოფეინს და ტანინს არ შეიცავს.
  • ბევრ C ვიტამინს და ლიმონმჟავას შეიცავს. ინფექციების და ვირუსების დროს კარგი საპროფილაქტიკო საშუალებაა.
  • მენსტრუაციის ციკლს აწესრიგებს, მენოპაუზის სიმპტომებს ამსუბუქებს.

გახსოვდეთ, მჟავიანობა აკონტროლეთ. მაღალი მჟავიანობის შემთხვევაში კარკადეს ჩაი არ დალიოთ ან მისი კონცენტრაცია შეამცირეთ. კუჭ–ნაწლავის პრობლემები შეიძლება გაამწვავოს, თუ მჟავიანობა მაღალი გაქვთ. სხვა შემთხვევაში, ჰიბისკუსის ჩაის დალევა სასარგებლოა.

Advertisement