ყვავილები
ცოცხალი სასუქი, რომლის შემდეგ კიტრი ტკბილია, ხოლო მოსავალი – უხვი
კიტრი გასაზრდელად ერთ–ერთ ყველაზე უპრეტენზიო კულტურად ითვლება. თუმცა გარკვეული დეტალები არსებობს. ბევრი მებაღე აწყდება პრობლემას, როცა მცენარე ერთ ადგილას იყინება და არ ვითარდება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნასკვები ბევრია, ხოლო ნაყოფი არ იზრდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივი, ხელმისაწვდომი საშუალებებით გამოკვებეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რით სჯობს კიტრის გამოკვება, რომ წარმატებული მოსავალი მიიღოთ.
რით სჯობს კიტრის გამოკვება
კიტრს სწორი მოვლა და დაბალანსებული კვება ძალიან სჭირდება. გამოსაკვებად მაღაზიაში ნაყიდი საშუალების გამოყენება აუცილებელი არაა. თეთრებად ღირებული ნატურალური ზრდის სტიმულატორი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ცოცხალი გამოკვების შემდეგ კიტრი სწრაფად გაიზრდება, ნაყოფი აქტიურად განვითარდება.
ახალგაზრდა მცენარეს ცოცხალი საფუარით გამოკვება ძალიან უყვარს. ასეთი სასუქი მცენარეს ძლიერი ფესვების სისტემის გაზრდაში დაეხმარება.
ცოცხალი მიკროორგანიზმებით გამოკვება მცენარის გარემოს არახელსაყრელი გავლენის და მავნებლების მიმართ უფრო გამძლეს გახდის. საფუარის სასუქი მიწას ადვილად ათვისებადი სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს.
საფუარის წყალობით ორგანული ნივთიერებების აქტიურად გამრავლება და დაშლა ხდება, შედეგად აზოტი და ფოსფორი წარმოიქმნება. ეს ელემენტები კიტრის ზრდისა და სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კიტრი საფუარით შეგიძლიათ გამოკვებოთ ნერგის დარგვიდან ან აღმოცენებიდან 2 კვირის შემდეგ. საფუარის ხსნარი მარტივად მზადდება.
ინგრედიენტები:
- 12 გრ მშრალი საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ლ თბილი რძე ან წყალი
მომზადება:
1. ერთი სუფრის კოვზი საფუარი 1 ლ თბილ წყალში ან რძეში გახსენით. რა თქმა უნდა, რძეზე მომზადებული სჯობს. საქმე იმაშია, რომ რძე სასარგებლო ნივთიერებების საწყობია, რომელიც კიტრის ზრდას ხელს უწყობს. საფუარი სამლიტრიან ქილაში ან სხვა დიდ ჭურჭელში გააზავეთ, რადგან დუღილისას მოცულობაში გაიზრდება.
2. საფუარის ხსნარს 1 კოვზი შაქარი დაუმატეთ (რომ დუღილის პროცესი დაჩქარდეს). კარგად აურიეთ.
3. საფუარის ხსნარი რამდენიმე საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ოღონდ მზეზე არა.
4. სასუქი 2 საათში მზად იქნება.
ხსნარის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნედლი საფუარი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ასეთი პროპორციები: 100 გრ ნედლი საფუარი 1 ლ წყალში ან რძეში გახსენით. შემდეგ 10 ლ წყალში გააზავეთ და 3-4 საათის შემდეგ 10 ბუჩქის მოსარწყავად გამოიყენეთ.
კიტრმა ცოცხალი სასუქიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოს, საფუარით გამოკვებამდე თითოეულ ბუჩქს ფესვებთან 1 მუჭა ნაცარი მოაყარეთ. შემდეგ მიწა გააფხვიერეთ და თბილი წყლით მორწყეთ. ამის შემდეგ თითოეულ ბუჩქს მინიმუმ 0,5 ლ საფუარის ხსნარი მოასხით.
საფუარის სოკოები ნიადაგიდან და ნაცრიდან მკვებავ ნივთიერებებს მარტივ ფორმად გარდაქმნის. მცენარე აქტიურად განვითარდება, ჯანმრთელი, ძლიერი და არახელსაყრელი გარემო ფაქტორების მიმართ გამძლე გახდება. რა თქმა უნდა, უხვი მოსავლით გაგახარებთ.
თქვენ რით კვებავთ კიტრს და სხვა მცენარეს თქვენს ნაკვეთზე? გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლო ხრიკები!