Connect with us

ჯანმრთელობა

ჩალურჯება, როგორც სიმპტომი: რომელ დაავადებებზე გაფრთხილებთ მოულოდნელი ჰემატომა

სისხლჩაქცევებს რეგულარულად ვაწყდებით და ხშირად ეს პრობლემა არაა. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მისი წარმოშობის მიზეზი ზუსტად იცით. თუ ჰემატომა თითქოსდა თავისით გაჩნდა, ექიმს დროულად უნდა მიმართოთ: უმიზეზო სისხლჩაქცევები შეიძლება ძალიან სახიფათო დაავადების ნიშანი იყოს.

სისხლის დაავადებები

ჰემოფილია, ვარიკოზული ვენები, თრომბოციტოპენია და ლეიკემიაც: ყველა ეს დაავადება სისხლის ცუდ მიმოქცევას უკავშირდება და შეიძლება სისხლჩაქცევის მიზეზი გახდეს. სხვა სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: ფეხის ტკივილი და შეშუპება, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, სხეულზე წვრილი კაპილარების გაჩენა.

ჰორმონალური ბალანსის დარღვევა

კერძოდ, ესტროგენის დონის შემცირება. მენოპაუზა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, სხვა დარღვევები, რის გამოც ქალის სხეულში ჰორმონების რაოდენობა მკვეთრად მცირდება – ამ ყველაფერმა შეიძლება სხეულზე მცირე ჰემატომა გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ ესტროგენი სისხლძარღვების კედლებს უფრო გამჭვირვალეს და ელასტიკურს ხდის, როცა ჰორმონი საკმარისად არ გვაქვს, კაპილარების კედლები უფრო დაუცველი ხდება და სისხლჩაქცევები ადვილად წარმოიქმნება.

შაქრიანი დიაბეტი

უმიზეზო სისხლჩაქცევა მე–2 ტიპის დიაბეტის ერთ–ერთი ნაადრევი სიმპტომია. ამ დაავადების დროს სისხლის მიმოქცევა ირღვევა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში, რის გამოც სისხლჩაქცევები წარმოიქმნება. ენდოკრინოლოგს აუცილებლად მიმართეთ, თუ სისხლჩაქცევის გარდა უმიზეზო წყურვილი, გაზრდილი დაღლილობა, ტუალეტში ხშირად გასვლა, ბუნდოვანი ან შემცირებული მხედველობა და კანზე გაჩენილი ვიტილიგოს თეთრი ლაქები გაწუხებთ.

ღვიძლის დაავადებები

ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი ან ალკოჰოლური დაავადება, ასევე სიმსივნე და ადენომა შეიძლება კანზე სისხლჩაქცევების გაჩენის მიზეზი გახდეს. საქმე იმაშია, რომ დაზიანებული ღვიძლი სისხლის შესადედებლად საჭირო რაოდენობის ცილებს ვერ აწარმოებს, რის გამოც ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები თითქოსდა უმიზეზოდ ჩნდება.

ვიტამინების დეფიციტი

ვიტამინები და სხვადასხვა მკვებავი ნივთიერება ორგანიზმის სხვადასხვა პროცესების დასარეგულირებლად აუცილებელია. B12 ვიტამინის დეფიციტი სისხლის წარმოქმნაზე უარყოფით გავლენას ახდენს, K ვიტამინი – სისხლის შედედებაზე. თუ ორგანიზმში ცოტა P ვიტამინია, კოლაგენი იტანჯება, რომელიც სისხლძარღვების კედლებს მხარს უჭერს, რკინის დეფიციტი ან სიჭარბე კაპილარებზე ცუდ გავლენას ახდენს.