Connect with us

ჯანმრთელობა

ტარხუნა ანორექსიის დროს დაგეხმარებათ

ტარხუნას ახალი მწვანილი, რომელსაც ზოგჯერ დრაკულას აბზინდას უწოდებენ, სამზარეულოში, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოში ძალიან პოპულარულია. ეს მრავალწლიანი მცენარე მდიდარია ფიტონუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჯანმრთელობის გაძლიერებას და დაავადებების თავიდან აცილებას ხელს უწყობს. ბოტანიკოსები ტარხუნას რთულყვავილოვანთან ოჯახს (Asteraceae), „აბზინდას“ (Artemisia) გვარს მიაკუთვნებენ. მისი სამეცნიერო სახელია Artemisia dracunculus sativa. ითვლება, რომ ტარხუნას სამშობლო ცენტრალური აზიაა. ეს მცენარე პატარა ბუჩქს წარმოადგენს ხის მსგავსი თხელი ღეროებით, სიმაღლეში ერთ მეტრს აღწევს. ტარხუნა კარგად განათებულ ადგილას, გაჯერებულ ქვიშიან ნიადაგში მშვენივრად იზრდება. მას გლუვი, მუქი მწვანე გრძელი და ვიწრო ფოთლები აქვს.

დღეს ტარხუნას შესახებ განსაკუთრებულ ფაქტებს, მის კვებით ღირებულებებზე და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.

ტარხუნას სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ეს დახვეწილი მცენარე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ ფიტონუტრიენტებს შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობის მხარდასაჭერად აუცილებელია.

ტარხუნას ძირითად ეთერზეთებს წარმოადგენს ესტრაგოლი, ცინეოლი, ოციმენი და ფელანდრენი.

ტრადიციულად, ტარხუნას მადის აღმძვრელ საშუალებად და ანორექსიული სიმპტომების შესამსუბუქებლად იყენებენ.

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ამ მცენარის პოლიფენოლის ნაერთები სისხლში შაქრის დონის შემცირებას ხელს უწყობს.

ტარხუნას ახალი მწვანილი ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი მდიდარი წყაროა კულინარიულ მწვანილებს შორის. მისი ORAC (Oxygen radical absorbance capacity) მაჩვენებელი, რომელიც ანტიოქსიდანტების მიერ თავისუფალი რადიკალების შთანთქმის უნარს ასახავს, 15542 TE-ს შეადგენს.

ტარხუნას ექსტრაქტის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში გარკვეული ნაერთები თრომბოციტების აქტივობას ბლოკავს, თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლძარღვების კედლებზე მათ მიმაგრებას აფერხებს. თავის მხრივ, ეს გულის და ტვინის წვრილ სისხლძარღვებში სისხლის შესქელებას აფერხებს და გულის შეტევისა და ინსულტისგან გვიცავს.

ტარხუნა ვიტამინების მდიდარი წყაროა, მათ შორის გვხვდება C და A, ასევე B ვიტამინების კომპლექსი – ფოლიუმის და ნიკოტინის მჟავა, რიბოფლავინი და სხვა, რომლებიც ანტიოქსიდანტების მსგავსად მოქმედებენ.

ტარხუნა ისეთი მინერალების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, როგორიცაა კალციუმი, მანგანუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალიუმი და თუთია. მანგანუმს ორგანიზმი ანტიოქსიდანტური ფერმენტის სუპეროქსიდი დისმუტაზის ხელის შემწყობ ფაქტორად იყენებს. რკინა უჯრედების სუნთქვისთვის აუცილებელია, ასევე ციტოქრომის ოქსიდის ფერმენტის მოქმედებას და სისხლში უჯრედების წარმოებას ხელს უწყობს.

ტარხუნა მედიცინაში

ტარხუნა სხვადასხვა ტრადიციულ მედიცინაში მადის მასტიმულირებელ საშუალებად გამოიყენება და მას ანორექსიის, დისპეპსიის (საჭმლის მონელების დარღვევის), მეტეორიზმის და სლოკინის დროს იყენებენ.

მასში შემავალი ეთერზეთი ევგენოლი სტომატოლოგიურ თერაპიაში ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებლად და ანტისეპტიკურ საშუალებად გამოიყენება.

ტარხუნას ჩაი უძილობის დროს დამხმარე საშუალებად ითვლება.

გაფრთხილება

ტარხუნაში შემავალმა ეთერზეთმა, ესტრაგოლმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანში კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ესტრაგოლმა და მისმა მეტაბოლიტმა 1-ჰიდროქსიესტრაგოლმა შეიძლება ლაბორატორიულ ცხოველებში ღვიძლის სიმსივნე გამოიწვიოს, ამიტომ საკვებად ტარხუნა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

ტარხუნას არჩევა და შენახვა

ტარხუნას ახალ ფოთლებს გასახმობად ყვავილობის პერიოდში კრეფენ. ზომიერ მზის განათებაზე ან მსუბუქ სიმხურველაში ახმობენ. უპირატესობა ახალ ფოთლებს მიანიჭებთ, მათ უფრო გაჯერებული გემო და მეტი კვებითი ღირებულება აქვთ. მდიდარი არომატის მქონე ტარხუნას ფოთლები შეარჩიეთ. უფერულ და დაზიანებულ ფოთლებს მოერიდეთ.

სახლში ფოთლები გამდინარე წყალში გარეცხეთ, სპეციალურ ქაღალდის სალფეთქზე გააშრეთ და ბოსტნეულის განყოფილებაში ცალკე შეინახეთ. რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენეთ. ხმელი ტარხუნა ჰერმენტულ ჭურჭელში ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ. ამრიგად, ტარხუნა შეგიძლიათ 6 თვემდე შეინახოთ.

ტარხუნას კვებითი ღირებულება

ფრჩხილებში დღიური ნორმის მაჩვენებელები პროცენტებშია მოცემული. კვებითი ღირებულბა 100 გრ ხმელ ტარხუნაზეა გათვლილი. მონაცემები აშშ-ს სოფლის მეურნეობის მონაცემებს ეყრდნობა.

ზოგადი მონაცემები:

  • ენერგეტიკული ღირებულება – 295 კილოკალორია (15%)
  • ნახშირწყლები – 50,22 გრ (38%)
  • ცილები – 22,77 გრ (40%)
  • ცხიმები – 7,24 გრ (24%)
  • საკვებში შემავალი უჯრედისი – 7,4 გრ (19%)

ვიტამინები:

  • ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) – 274 მკგ (68,8%)
  • ნიკოტინის მჟავა (B3 ვიტამინი) – 8,950 მგ (56%)
  • პირიდოქსინი (B6 ვიტამინი) – 2,410 მგ (185%)
  • რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) – 1,339 მგ (103%)
  • თიამინი (B1 ვიტამინი) – 0,251 მგ (21%)
  • A ვიტამინი – 4200 საერთაშორისო ერთეული (ME, IU) – 140%
  • C ვიტამინი – 50 მგ (83%)

ელექტროლიტები:

  • ნატრიუმი – 62 მგ (4%)
  • კალიუმი – 3020 მგ (64%)

მინერალები:

  • კალციუმი – 1139 მგ (114%)
  • სპილენძი – 0,677 მგ (75%)
  • რკინა – 32,30 მგ (403%)
  • მაგნიუმი – 347 მგ (87%)
  • მანგანუმი – 7,967 მგ (346%)
  • თუთია – 3,9 მგ (35%)