Connect with us

ყვავილები

სრული „მენიუ“ კიტრისთვის: მასტიმულირებელი კვება

ალბათ, კიტრზე უფრო პოპულარული ბოსტნეული არ არსებობს. ერთი მხრივ, მისი გაზრდა შედარებით მარტივია. მეორე მხრივ, შესაშური მოსავლის მიღებას სათანადო მოვლის გარეშე ვერ შეძლებთ. Alltime გასწავლით, როდის, როგორ და რით გამოკვებოთ კიტრი ისე, რომ მთელი წელი საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი ხრაშუნა კიტრით ისიამოვნოთ.

რით გამოვკვებოთ კიტრი

გამოკვების სახეობები

სასუქის ტიპის მიხედვით, გამოკვება შეიძლება იყოს მინერალური და ორგანული, ხოლო მიწოდების მხრივ – ფესვოვანი ან არაფესვოვანი (ფოთლოვანი) გამოკვება. კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერისი გამოკვების შესარჩევად მათი მახასიათებლები უნდა იცოდეთ.

კიტრის ფესვები მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას შესანიშნავად უმკლავდება, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10-12 გრადუსზე მეტია. სიცივეში მისი მუშაობის ეფექტურობა მცირდება. ამ შემთხვევაში სასუქის ხსნარით დანამვა გიშველით.

ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ფესვოვანი გამოკვება ნაკლებად ეფექტურია. როცა მიწა ზედმეტად ტენიანი და გადარეცხილია, ფოთლოვანი კვება ყველაზე რაციონალურ ვარიანტად რჩება. გამოადგება იმ მეაგარაკეებს, ვინც თითოეულ თეთრს ითვლის. დანამვის დროს უფრო ნაკლები სასუქი იხარჯება, ვიდრე მორწყვისას.

ფოთლოვანი გამოკვება უფრო რადიკალური და სწორი მეთოდია კვების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ეს ერთგვარი სასწრაფო დახმარებაა. ფოთლოვანი გამოკვება შეუცვლელია, როცა კიტრი კალიუმის, მაგნიუმის, ბორის, კალციუმის ან მანგანუმის დეფიციტით იტანჯება.

გამოკვების ეტაპები და მათი განხორციელების დრო

გამოკვება № 1

პირველად, ჩვეულებრივ, დარგვიდან 2 კვირის შემდეგ კვებავენ. სასუქის რეცეპტი შეგიძლიათ გამოცდილი მებოსტნეების რეცეპტებიდან აირჩიოთ ამინდის პირობების, ნიადაგის თვისებების და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

აუცილებელია, რომ სასუქი საკმარისი რაოდენობით აზოტს შეიცავდეს. ეს ელემენტი მცენარის ზრდის ადრეულ ეტაპზე უბრალოდ შეუცვლელია. მისი დახმარებით ახალი ყლორტები და ფოთლები იქმნება.

მინერალური სასუქი

10 ლ წყალში 1 ს/კ შარდოვანა და 60 გრ სუპერფოსფატი გახსენით. ფესვების ქვეშ მორწყეთ ან ნიადაგის ზედაპირს  თანაბრად მოაყარეთ, 4-5 გრ ამოფოსი 1 კვადრატულ მეტრზე.

ორგანული სასუქი

  1. ნაკელწყალი წყალს 1:8 პროპორციით აურიეთ. თითოეული ბუჩქის ქვეშ 1 ლ სასუქი დაგჭირდებათ.
  2. სარეველების თხევადი სასუქი 1:5 თანაფარდობით.
  3. ახალი ქათმის სკინტლის და წყლის ნარევი 1:15 თანაფარდობით.

გამოკვება № 2

მეორე გამოკვება კიტრის ყვავილობის დასაწყისში ტარდება. ამ პერიოდში მცენარეს ნასკვები ფორმირდება. ამ დროს კალიუმი და კალციუმი განსაკუთრებით სჭირდება. ნასკვების ფორმირების გასაუმჯობესებლად ტრადიციულად ბორის მჟავით კვებავენ.

მინერალური სასუქი

  1. თითო ჩაის კოვზი კალიუმის სულფატი, შარდოვანა და სუპერფოსფატი 10 ლ წყალში გახსენით. ფესვებთან მორწყეთ – 5-6 ლ ხსნარი ერთ კვადრატულ მეტრზე.
  2. ბორის მჟავის ხსნარის მოსამზადებლად 1 ვედრო წყალს 5 გრ ბორის მჟავას აურიეთ, შემდეგ ყვავილები საღამოს მორწყეთ. ხარჯის გამოთვლა რთულია, თითოეული ყვავილი მსუბუქად უნდა დანამოთ.
  3. კიდევ ერთი ფოთლოვანი გამოკვება: 2 ს/კ სუპერფოსფატი 10 ლ წყალზე.
  4. ნაცრით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფესვოვანი, ასევე ფოთლოვანი კვების დროს. ვედროს მეოთხედი ნაწილი ნაცრით გაავსეთ, ცხელი წყალი დაასხით და ბნელ ადგილას დააყენეთ. 2 დღის შემდეგ აურიეთ და გადაწურეთ. თითოეულ ბუჩქს 1,5 ლ ხსნარი დაასხით და პროცედურა 10 დღეში გაიმეორეთ.

ორგანული სასუქი

შეგიძლიათ წყალში გაზავებული მწვანე ბალახების ნარევი გამოიყენოთ, თანაფარდობა 1:5.

გამოკვება № 3

მესამე გამოკვება ნაყოფიერების დასაწყისში ხორციელდება. ამ ეტაპზე კიტრს მეტი საკვები სჭირდება, რომ ნაყოფი აქტიურად განვითარდეს.

მინერალური სასუქი

  1. 10 ლ წყალში 25-30 გრ კალიუმის ნიტრატი გახსენით.
  2. ან 1 ჭიქა ნაცარი.
  3. ფოთლოვანი კვებისთვის 1 ვედრო წყალში 10-12 გრ შარდოვანა გახსენით.

ორგანული სასუქი

შეგიძლიათ წყალში გაზავებული მწვანე ბალახების ნაყენი (1:5 თანაფარდობა) გამოიყენოთ.

გამოკვება № 4

ბოლო გამოკვება ნაყოფიერების პერიოდის მეორე ნახევარში ხდება, რომ მისი ხანგრძლივობა გაიზარდოს. გარდა ამისა, გამოკვება ხორციელდება გრაფიკის გარეშეც, როცა ფოთლები ყვითლდება, თუ მოულოდნელად გაუფერულდა ან ნაყოფი ნელა იზრდება და ზრდის დაჩქარება გსურთ.

მინერალური სასუქი

  • 1 ჭიქა წყალში 28-30 გრ საკვები სოდა გახსენით.
  • 1 ჭიქა ნაცარი ერთ ვედრო წყალს აურიეთ.
  • ფოთლოვანი გამოკვებისთვის 15 გრ შარდოვანა ერთ ვედრო წყალში გახსენით.

ორგანული სასუქი

დამპალი თივის ნაყენი მოამზადეთ. ერთ ნაწილ თივას 10 ნაწილი წყალი დაასხით. მჟავიანობის შესამცირებლად 1 ჩ/კ ცარცს 1 ლ წყალი დაუმატეთ. 10 წუთით აადუღეთ, დააყენეთ. გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ დამპალი თივის ნაყენით დამუშავება არა მხოლოდ მცენარეს დაავადებებისგან იცავს, არამედ ნიადაგის ნაყოფიერებას ზრდის.

ახლა უკვე იცით, რით გამოკვებოთ კიტრი მთელი სეზონის განმავლობაში. გონივრულად შედგენილი „მენიუ“ საშუალებას გაძლევთ, რომ მოსავლიანობა გაზარდოთ, კიტრის ნაყოფიერება გაახანგრძლივოთ და ამავდროულად სოკოთი ან ბაქტერიებით დაინფიცირება თავიდან აიცილოთ. წარმატებულ სააგარაკო ექსპერიმენტებს და უხვ მოსავალს გისურვებთ!