ჯანმრთელობა
სოკო კანზე: როგორ ვიმკურნალოთ, საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზის ჩაბარება და ვისთვის არ შეიძლება მკურნალობა?
ზაფხულში სოკოთი დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორ ავიცილოთ თავიდან და რა გავაკეთოთ, თუ ვერ მოვახერხეთ?
თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სოკოს ინფექცია არ გქონიათ, შეგიძლიათ თავი იღბლიანებს შორის ჩაწეროთ: ზოგიერთი ცნობის თანახმად, სოკო ცხოვრებაში ერთხელ მაინც 10-დან 7 ადამიანს აწუხებს. გასაკვირი არცაა: მილიონობით სახეობიდან ადამიანზე შეტევა, მასში ცხოვრება და გამრავლება სოკოს 300 სახეობას შეუძლია. სოკოს ინფექციით ზიანდება ტვინი, ფილტვები, საჭმლის მომნელებელი ორგანოები და, რა თქმა უნდა, კანი და ფრჩხილები. დღეს ამ უკანასკნელზე გიამბობთ: ზაფხული სოკოვანი ინფექციების „მაღალი“ სეზონია.
როგორ ვრცელდება სოკოვანი ინფექცია
ე.წ. სოკო–დერმატოფიტი (კანის დამაზიანებელი) შეიძლება გავრცელდეს სამი გზით: დაზიანებულ ნივთთან კონტაქტით, დაზიანებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტით, ასევე ნიადაგიდან, რომელშიც შეიძლება სოკოს ფორები ცხოვრობდნენ.
სოკოთი დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი მაღალ ტენიან ადგილებშია: თბილი და ნოტიო გარემო სოკოსთვის ნამდვილი სამოთხეა. ამ მიზეზით საზოგადოებრივ აუზებში, საუნებში, მასაჟის ცენტრებში, ასევე სანაპიროზე და სხვა ანალოგიურ ადგილებში ჰიგიენის წესების დაცვა მნიშვნელოვანია. სოკოს ფორები აქტიურად ვრცელდება სხეულის იმ ნაწილებზე, სადაც ტემპერატურა და ტენიანობის დონე მაღალია: იღლიებში, საზარდულთან, მკერდის ქვეშ, მუცლის ნაკეცებში, ასევე ხელის და ფეხის თითებს შორის. ინფექციის განვითარების რისკის შესამცირებლად ეს ადგილები დაბანის შემდეგ კარგად გაამშრალეთ, ხოლო ცხელ და ტენიან ამინდში რეგულარულად შხაპი მიიღეთ, ოფლი დროულად მოიშორეთ.
როგორია სოკოს სიმპტომები?
იმის მიუხედავად, რომ კანის და ფრჩხილის დამაზიანებელი სოკოს ინფექცია თავისი გამოვლენით განსხვავდება, მაინც არსებობს საერთო სიმპტომები. შეიძლება სოკოთი დაინფიცირებული იყოთ, თუ შეამჩნიეთ:
- კანის ფერის ცვლილება (წითლდება ან, პირიქით, თეთრი, თითქმის უფერო ხდება)
- ქავილი
- წვრილი გამონაყარი, ზოგჯერ სითხით სავსე
- კანის აქერცვლა
- შეშუპება
- თმის ცვენა
- ფრჩხილის ფირფიტის სტრუქტურის და ფერის ცვლილება
საჭიროა თუ არა სოკოს მკურნალობა?
უმეტეს შემთხვევაში პასუხი დადებითია: სოკოს ინფექცია ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს და გარემოსთვის საფრთხეს შეიცავს, ამასთან ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და იმუნიტეტს ასუსტებს. მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს: მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაავადების გამომწვევი პათოგენის ზუსტი განსაზღვრა და მკურნალობის ეფექტური სქემის შედგენა. ზოგიერთ შემთხვევაში სოკოს მკურნალობამ, განსაკუთრებით ლაზერით, შეიძლება დამატებითი ზიანი მოგაყენოთ და მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, ღირს თუ არა მკურნალობის ახლა დაწყება თუ დროებით გადადება. ამ შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატებს, რომლებიც ინფექციების გავრცელებას შეაფერხებს.
ვისთვის არის უკუჩვენებული სოკოთი მკურნალობა?
სოკოს ინფექციების (პირველ რიგში, ლაზერით) მკურნალობა რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც აწუხებს შემდეგი დაავადებები:
- თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში
- ნებისმიერი ახალ წარმონაქმნი
- ენდოკრინული პათოლოგია
- სუსტი იმუნიტეტი
- ეპილეფსია
- მწვავე ფაზის ანთების არსებობა
- ზემგრძნობელობა ან კანის სიმშრალე
- ლაქტაცია/ორსულობა
- შაქრიანი დიაბეტი
- ინფექციური დაავადებები
- კანის პათოლოგია
საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზის ჩაბარება სოკოს ინფექციაზე?
სისხლის ანალიზი დაგეხმარებათ სისხლში ინფექციების არსებობის გამოვლენაში იმ შემთხვევაშიც, როცა სიმპტომები არაა ან ბუნდოვანია. თუმცა ექიმები დამოუკიდებლად ამ ანალიზის გაკეთებას არ გირჩევენ. ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტთან გამოკვლევა საკმარისია. თუ ექიმს ეჭვი ექნება ან დამოუკიდებლად განსაზღვრას ვერ შეძლებს, თუ რომელი პათოგენი იწვევს ინფექციას, ის გამოკვლევაზე მითითებას თავად მოგცემთ.