თავის მოვლა
სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები ყავის ნალექით
ახალ მოხარშული ყავის ნალექი არ გადაყაროთ – ის გამოგადგებათ. ყავის ნალექი კანის და თმის მოვლის რამდენიმე ძვირადღირებულ საშუალებას ჩაგინაცვლებთ.
ყავა თქვენი ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად სასარგებლო რომ იყოს, სუფთა წყალზე მოხარშეთ და შაქრის (მით უმეტეს შაქრის შემცველის) გარეშე დალიეთ. შესაძლებლობის მიხედვით ტკბილი სიროფი არ დაუმატოთ და ტკბილი დესერტები არ მიაყოლოთ. აი, სილამაზისთვის უბრალოდ დარჩენილი ყავის ნალექი გამოიყენეთ.
თმის ფერს გააუმჯობესებთ
თუ მუქი ფერის თმა გაქვთ და გსურთ ფერი უფრო გაჯერებული გახდეს, თმის კონდიციონერი მოამზადეთ. ამისთვის 1-2 ჩ/კ გრილ ყავის ნალექს 1 პორცია თმის კონდიციონერი დაუმატეთ და დაბანილ თმაზე წაისვით. 5 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ყურადღება! ღია ფერის თმისთვის ასეთი „კონდიციონერის“ გამოყენება რეკომენდებული არაა.
თმას ბზინვარებას შემატებთ და ზრდას ხელს შეუწყობთ
თმა ბზინვარე რომ გახდეს და აქტიურ ზრდას ხელი შეუწყოთ, თვეში 1-2-ჯერ ერთგვარი თავის პილინგი გაიკეთეთ: ყავის ნალექი თავის კანზე წაისვით და 60 წამით თითის ბალიშებით შეიზილეთ. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და დაბანა ჩვეულებრივად, თმის შამპუნით და კონდიციონერით დაასრულეთ. მარცვლების ნაწილები თავის კანის მკვდარი უჯრედების მოშორებაში დაგეხმარებათ, ხოლო კოფეინი თმის ზრდას სტიმულირებს და ბოლქვებს „აღვიძებს“.
ტუჩის კანს დაარბილებთ
თუ ტუჩები დახეთქილი გაქვთ, ყავის ნალექის და თაფლის სკრაბი სცადეთ. ნახევარი კოვზი თითოეული ინგრედიენტი აურიეთ და ტუჩზე წაისვით, 30 წამით რბილი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ ნარჩენები რბილი ღრუბლით მოიშორეთ და დამარბილებელი ბალზამი წაისვით.
თვალების ქვეშ შეშუპებას გააქრობთ
თვალების ქვეშ მუქი წრეები ძილის დეფიციტის, დაღლილობის, ალერგიის და გენეტიკის გამო ჩნდება. მათ მოსაშორებლად გრილი ყავის ნალექი თვალების ქვეშ წაისვით, 10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ამის გამო შეშუპება და ჩალურჯება თავისით ქრება.
კანის გასაწმენდად და გასაღიავებლად
2 ს/კ ყავის ნალექი ამავე რაოდენობის ზეითუნის ზეთს აურიეთ და სახის კანზე წაისვით (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ), 30 წამით ნაზად დაიმასაჟეთ. ნარჩენები რბილი სალფეთქით მოიშორეთ და ნახეთ, თუ თქვენი კანი როგორი სუფთა და ბზინვარე გახდება.
ცელულიტის საწინააღმდეგოდ
კოფეინი ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს და სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ამით ცელულიტის სიმპტომების შემცირებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ყავის ნალექზე დაფუძნებული სკრაბი „ფორთოხლის ქერქის“ საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. თანაბარი პროპორციით ქოქოსის კარაქი და ყავის ნალექი აურიეთ, პრობლემურ ზონაზე წაისვით, 1-2 წუთით აქტიურად შეიზილეთ. თუ პროცედურას კვირაში 2-ჯერ ჩაიტარებთ, 1 თვეში შესანიშნავ შედეგს დაინახავთ.