ყვავილები
სად დავრგოთ მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც მთელი ზაფხული ყვავილობენ
ბევრ მებაღეს სურს, რომ სახლის წინ ლამაზი ბაღი ჰქონდეს. აი, ყველას არ აქვს დრო და ენერგია, რომ ყვავილებზე რეგულარულად იზრუნოს. პრობლემას მოგიგვარებთ უპრეტენზიო მრავალწლიანი მცენარეები, რომლებიც მთელი ზაფხული ყვავილობენ. მათ განსაკუთრებული ზრუნვა არ სჭირდებათ, მაგრამ წლიდან წლამდე ლამაზი ფერებით გაგახარებთ.
მთელი ზაფხული მოყვავილე მრავალწლიანი მცენარეები
ყვავილები რომ დარგოთ და კლუმბებზე ზრუნვა დიდი ხნით დაივიწყოთ, კომპოზიცია კარგად უნდა მოიფიქროთ, თუ სად და რომელი მცენარე დარგოთ. ამასთან სასურველია, რომ სხვადასხვა ყვავილობის პერიოდის ყვავილები შეარჩიოთ, მაგრამ ისეთი, რომელთაც მსგავსი პირობები სჭირდებათ.
ასტილბა
მებაღეების საყვარელი ყვავილი, რომელიც „დიდხანს მოთამაშე“ მრავალწლიანი ყვავილების რიცხვს მიეკუთვნება. ასტილბის პატარა, აჟურული ყვავილები, შეგროვებული ვარდისფერ, თეთრ ან იასამნისფერ დიდებულ საგველებში, ბაღებს ივლისის დასაწყისიდან პირველ ყინვამდე ამშვენებს.
სად დავრგოთ?
მცენარის სახეობის მიხედვით შეიძლება 1–2 მეტრამდე გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მისთვის კლუმბის უკანა ნაწილი აირჩიეთ. შესაფერისი ნაკვეთი სველი და საკმაოდ დაჩრდილული უნდა იყოს. იდეალურია, თუ მახლობლად აუზი ან შადრევანი იქნება.
უპირატესობას შეიძლება მივაკუთვნოთ ყინვაგამძლეობა და ის, რომ ერთ ადგილას, გადარგვის გარეშე 7-20 წელი ცხოვრება შეუძლია. დაზამთრებამდე მცენარე უნდა გადაჭრათ ისე, რომ ნიადაგის ზედაპირთან ერთ დონეზე მდებარეობდეს.
მზესუმზირა (Helianthus salicifolius)
მისი ღია ყვითელი ყვავილები პატარა მზესუმზირას ჰგავს. არანაკლებ მიმზიდველია მისი გრძელი და ვიწრო ფოთლები, თითქოსდა ჩანჩქერის კასკადივით ჩამოვარდნილი. დაბალ მცენარეებს შორის შესანიშნავი ვერტიკალური აქცენტი გახდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გადაჭრის გზით უმტკივნეულოდ დაარეგულიროთ.
სად დავრგოთ?
გამოგადგებათ ადგილი ღია მზეზე ან ნახევრად ჩრდილში, ოღონდ ძლიერი ქარისგან დაცული უნდა იყოს. მცენარე საკმარისად ყინვაგამძლე არაა, მაგრამ ზამთარში უხვი მულჩირებით თავს ადვილად იტანს.
ხანჭკოლა
უპრეტენზიო ხანჭკოლა მებაღეებს ლამაზი მტევანი ყვავილების გამო შეუყვარდათ. მცენარე მაისი–ივნისში ყვავილობს, მაგრამ ყვავილობის გახანგრძლივება შეიძლება, თუ გამხმარ ყვავილების ყუნწებს მოაშორებთ.
სად დავრგოთ?
ხანჭკოლა მიწის მიმართ მომთხოვნი არაა, თავს შესანიშნავად გრძნობს როგორც მზეზე, ასევე ჩრდილში. მისი ფესვები მონილითურია, მიწაში ღრმად 2 მეტრამდე ჩადის. სწორედ ამიტომ, სასურველია მცენარე მის სამუდამოდ ადგილას დარგოთ.
ნარგიზი
გაზაფხულის მშვენიერი მაცნე – ნარგიზი, რომელსაც ერთსა და იმავე ადგილას 3-7 წლამდე გაზრდა შეუძლია. აპრილი–მაისის პერიოდში ყვავილობს. გარდა ამისა, მისი ღია მწვანე ფოთლები დეკორატიულ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებენ.
სად დავრგოთ?
ნარგიზს მზიანი და უქარო ადგილი უყვარს, თუმცა ჩრდილში უფრო დიდხანს ყვავილობს და უფრო გრძელი ყვავილის ყუნწები აქვს. მიწის მიმართ მომთხოვნი არაა. ცხელ ამინდში მორწყვა სჭირდება. სასურველია, პირველ ზამთარში მულჩით ან ტორფით 5 სმ სიღრმეში დაფაროთ.
წყალიკრეფია
წყალიკრეფიას ზარები კლუმბებს მაისიდან და სექტემბრის ბოლომდე ამშვენებს. პირველ წელს ფოთლების ფესვების როზეტს ქმნის. მეორე წელს რამდენიმე ყვავილის ყუნწს ავითარებს. მთელი ძალით ყვავილობას მესამე წლის ივნის–ივლისში იწყებს.
სად დავრგოთ?
სასურველია, ჩრდილში დარგოთ, რადგან მცენარე უფრო მსხვილ ყვავილებს იძლევა. ზომიერად კონტინენტურ კლიმატში დათესვას აპრილის დასაწყისში იწყებენ. მანამდე უნდა გაყინოთ, 1 თვე მაცივარში შეინახეთ.
ბაღის გვირილა
მინდვრის გვირილა ან თეთრი, ბაღის გვირილა – ჩვენი ბაღის ჩვეული მკვიდრია. ივლისიდან ყინვებამდე ყვავილობს. ერთ ადგილას გადარგვის გარეშე 7 წელი ცხოვრობს.
სად დავრგოთ?
გვირილას ღია ნაკვეთი მოსწონს ზედმეტი დატენიანების გარეშე. მას მძიმე თიხის ან ქვიშის მიწა არ უხდება. გვალვიან ამინდში რეგულარული მორწყვა სჭირდება.
ნემსიწვერა
ბალბიფოთოლა, უფრო ცნობილი, როგორც ნემსიწვერა, მიწის დამფარავ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება. მას შეუძლია ნაკვეთი ნაზი ყვავილების ხალიჩით დაფაროს. ლამაზი დეკორაციის გარდა, ნემსიწვერა მიწას გაშრობისგან იცავს, სარეველების ზრდას აფერხებს და ბუგრებს აფრთხობს.
ღია მიწაში დარგვის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეგიძლიათ მრავალწლიან მცენარეთა რიგს მიაკუთვნოთ, რადგან ერთ ადგილას 15 წელზე მეტხანს იზრდება. მაისიდან აგვისტოს ბოლომდე ყვავილობს.
სად დავრგოთ?
გვირილასგან განსხვავებით დაჩრდილულ ნაკვეთზე თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ მიწის მიმართ მომთხოვნია. იდეალური ვარიანტი: ფხვიერი მიწა კარგი დრენაჟით. ახალგაზრდა მცენარისთვის მიწის ნარევს უმატებენ ტორფს, ვერმიკულიტს და პერლიტს.
ეშოლცია ან კალიფორნიული ყაყაჩო
ყაყაჩოს ოჯახის წარმომადგენელი მცენარე ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს. ყვითელი, წითელი ან კრემისფერი ყვავილების დიამეტრი 5-9 სმ–ს აღწევს. ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე ყვავილობს.
სად დავრგოთ?
როგორც ყველა მცენარე ჩვენი დღევანდელი სიიდან, ეშოლციაც უპრეტენზიოა. შეგიძლიათ პირდაპირ მიწაში დარგოთ, ყოველგვარი გაღვივების გარეშე. გვალვას კარგად იტანს, მაგრამ გადაჭარბებული მორწყვისა და ძლიერი ქარისგან ხმება. აუცილებლობის შემთხვევაში სჯობს საღამოს მორწყათ, როცა ყვავილები დახურულია.
ხახვისთავა
მრავალწლიანი ბაღის ხახვისთავას ბევრი ბავშვობიდან იცნობს. იორდასალამებთან და გვირილებთან ერთად კარგად იზრდება. უპრეტენზიოა და პრაქტიკულად მთელი ზაფხული ყვავილობს.
სად დავრგოთ?
ჩრდილს ადვილად იტანს, მაგრამ მზიან ადგილს უპირატესობას ანიჭებს. ჭარბ ტენს ვერ იტანს. ნეიტრალური, ფხვიერი მიწა მოსწონს. ყვავილობის გახანგრძლივებას კომპლექსური სასუქების გამოყენებით შეძლებთ.
ამ სიაში მოცემული ყვავილების კომპოზიციით შეგიძლიათ შექმნათ ყვავილების ბაღი, რომელიც ზედმეტი ზრუნვის გარეშე გაზაფხულიდან შემოდგომამდე კაშკაშა ყვავილებით გაგახარებთ.