Connect with us

საკითხავი

რჩევები, როგორ გამოიყენოთ კალცინირებული სოდა საშინაო საქმეში

ყველამ არ იცის, რომ კალცინირებული და საკვები სოდა ერთი და იგივე არაა. საკვებ სოდას კულინარიაში ვიყენებთ, ხოლო კალცინირებულს საყოფაცხოვრებო საქმეში. კალცინირებული სოდით სახლს უფრო ეფექტურად გაწმენდთ და ნივთებს გარეცხავთ. Аlltime.ge–ს რედაქცია კალცინირებული სოდის გამოყენების 4 ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ.

ნატრიუმის კარბონატი იგივე კალცინირებული სოდაა, ხოლო ნატრიუმის ბიკარბონატი – საკვები სოდა. ნატრიუმის ბიკარბონატის PH დონეა 8, ამიტომ კერძებში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნატრიუმის კარბონატი უფრო ხისტი და მწვავეა 11 PH დონით, ამიტომ საშინაო საქმეში სხვა მიზნით გამოგადგებათ.

კალცინირებული სოდა საყოფაცხოვრებო საქმეში

კალცინირებული სოდის შეფუთვას ყურადღებას ბევრი არ აქცევს, არადა მასზე მითითებულია, რომ ჭუჭყის მოსაშორებლად და სარეცხად ეფექტურია. ეს სოდა ბევრ საწმენდ საშუალებაში შედის. გირჩევთ, ზედმეტი ტყუილად არ დახარჯოთ და კალცინირებული სოდა პირდაპირ გამოიყენოთ.

გაყვითლებული ნივთების გასარეცხად

გაყვითლდა თეთრი ნივთები ან საწოლის თეთრეული? მაშინ თბილ წყალში ჩაალბეთ. 3-5 სუფრის კოვზი სოდა წყლით სავსე ტაშტზე საკმარისია. დააკვირდით, რამდენად ჭუჭყიანი ნივთები გაქვთ. ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. წინასწარ სოდიან ხსნარს ჩამორეცხვა არ სჭირდება. სოდის ფხვნილი სარეცხ მანქანასაც შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ და სარეცხ მანქანასაც ნაქაფისგან გაწმენდთ.

სანტექნიკის საწმენდად

კერამიკის ნიჟარის, აბაზანის და უნიტაზის საწმენდად კალცინირებული სოდა დაგეხმარებათ. სანტექნიკას გაათეთრებს. აკრილის შემთხვევაში მსხვილი სოდის გამოყენება რეკომენდებული არაა. სოდა ფაფის მიღებამდე წყალში გააზავეთ. სანტექნიკას წაუსვით, 30-40 წუთში თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

ბლოკირების მოსახსნელად

თუ მილი გაიჭედა, ცხიმის და ჭუჭყის მოშორებას კალცინირებული სოდით შეძლებთ. 3–4 ს/კ სოდა 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით და მილში ჩაასხით ან ჯერ სოდა ჩაყარეთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. 15-20 წუთში ბევრი მდუღარე წყლით ჩარეცხეთ.

ჭურჭლის, კერამიკის, კაფელის საწმენდად

კერამიკის ნივთების საწმენდად კალცინირებული სოდა საკმაოდ ეფექტურია. 1 ლ თბილ წყალში 3–4 ს/კ სოდა გახსენით. ღრუბლით წაუსვით ან პულვერიზატორით შეასხურეთ და 5 წუთის შემდეგ გაწმინდეთ. ამ ხსნარის გამოყენებით კერამიკის ჭურჭელი და თხელი ფაიფური გათეთრდება. რამდენიმე წუთით ხსნარში გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გარეცხეთ.

გამოიყენეთ კალცინირებული სოდა და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდით.

Advertisement